ქუთაისელი მომღერლის იტალიური გამარჯვებები
საოპერო მუსიკა სრული ბედნიერებისთვის და ხმოვანი პროგრამა ინტერნეტ-სივრცესთან კავშირისთვის
დაიბადა ქუთაისში და უსინათლოთა სკოლა-ინტერნატიც იქ დაამთავრა. ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად ათი წლის ასაკში წარდგა. 13 წლის იყო, როცა საფორტეპიანო ნაწარმოები „სიყვარულის ფანტაზია“ დაწერა. ამის შემდეგ მუსიკალურ სამყაროში წარმატებები უკვე „ნორმად ექცა“. ქუთაისში გამართულ უსინათლოთა ფესტივალზე, სახელწოდებით „მე ვხედავ მზეს“, მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
დღეს მისი გამარჯვებები უკვე სხვა ქვეყნის და უფრო მაღალი რანგის კონკურსებს უკავშირდება. იტალიაში ქალაქ სალერნოს ჯუზეპე მარტუჩის სახელობის კონსერვატორიაში ჩააბარა. გახდა არაერთი კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის, უმბერტო ჯორდანოს სახელობის კონკურსისა, სადაც, როგორც საუკეთესო შემსრულებელს, პირველი პრემია მიენიჭა. ამჟამად 36 წლისაა, ამთავრებს კონსერვატორიას და მაგისტრატურისთვის ემზადება. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირაკლი, როგორც ვიცი, მუსიკალურ სამყაროში ბავშვობიდანვე „დასახლდი“ და იქ საკმაოდ ბედნიერად გრძნობდი თავს…
დიახ, ბავშვობიდან მქონდა მუსიკის სიყვარული და მსურდა, რომ წარმატებული მომღერალი გავმხდარიყავი. როგორც დედისგან ვიცი, სიმღერა ადრეულ ასაკში დამიწყია. ათი წლის ვიყავი, როდესაც გამოვედი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სადაც სხვადასსხვა ქვეყნის დელეგაციები იყვნენ მოწვეული. ვიყავი საბავშვო მუსიკალური სტუდია „ამადეუსის“ წევრი, რომლის ხელმძღვანელი კომპოზიტორი მანანა იმედაძე გახლდათ. მუსიკის წერაც ბავშვობიდან დავიწყე. 13 წლის ასაკში დავწერე საფორტეპიანო ნაწარმოები, რომელსაც დავარქვი „სიყვარულის ფანტაზია“. ამის შემდეგ დავწერე სიმღერა შექსპირის სონეტზე „სიყვარულის წმინდა ტაძარი”, რომელმაც წარმატება ბევრჯერ მომიტანა. ამ სიმღერით ქუთაისში გამართულ უსინათლოთა ფესტივალზე სახელწოდებით „მე ვხედავ მზეს“ მესამე ადგილის მფლობელი გავხდი. იმავე წელს ბორჯომში გამართულ ფესტივალზე ლაურეატის წოდება მომენიჭა. 2001 წელს ქალაქ რუსთავის ფესტივალზე, სადაც საკუთარი სიმღერა შევასრულე, პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ფესტივალის ჟიურის წევრი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, ქალბატონი ნუნუ გაბუნია იყო.
საოპერო ჟანრში როდის გადაინაცვლეთ?
ამ გამარჯვებების მერე სურვილი გამიჩნდა, რომ საოპერო ხელოვნება ამეთვისებინა პროფესიონალურ დონეზე. ჩემი პირველი პედაგოგი საოპერო ვოკალში თბილისის ოპერის სოლისტი, ბატონი სულხან გველესიანი იყო. 2001 წელს ჩავაბარე ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ ტექნიკუმში, სადაც ჩემი პედაგოგი ბატონი გიორგი ლომთაძე გახდა. ამის მერე ქუთაისის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯიც დავამთავრე.
რადგან საოპერო ხელოვნებით დაინტერესდით, არ გკითხავთ, იტალიაში რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება…
დიახ, იტალია ხომ მაღალი საოპერო ხელოვნების ქვეყანაა, სადაც ჩასვლაზე ამ ჟანრში მოღვაწე ყველა მომღერალი ოცნებობს. აქ გარკვეულწილად მეც შევძელი საკუთარი თავის დამკვიდრება. ჩავაბარე ქალაქ სალერნოს ჯუზეპე მარტუჩის (Giuseppe Martucci) სახელობის კონსერვატორიაში, სადაც ჩემი პედაგოგი უდიდესი მაესტრო მარია პაულა დელუკა (Maria Paulla De Luca) გახდა. ის უმბერტო ჯორდანოს სახელობის მსოფლიო მასშტაბის კონკურსის დამფუძნებელია. ჩემი აქტიური საკონკურსო და შემოქმედებითი ცხოვრება იტალიაშიც გავაგრძელე: მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა კონცერტებში, კონკურსებსა თუ მასტერ-კლასებში. გავხდი ქალაქ სკაფატში გამართული კონკურსის „ევროპეოს“ პირველი ადგილის მფლობელი. სხვათა შორის, ეს კონკურსი, ჩემი გამოსვლით, იტალიის ტელევიზიის მეხუთე არხმა გააშუქა. უმბერტო ჯორდანოს სახელობის კონკურსზე, როგორც საუკეთესო შემსრულებელს, პრემია გადმომცეს.
ამჟამად იტალიურ ენას უკვე კარგად ფლობთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ იტალიელ პედაგოგებთან და სტუდენტებთან?
იტალიური ენის შესწავლა ჯერ კიდევ მუსიკალურ ტექნიკუმში დავიწყე და შემდეგ კონსერვატორიაში გავაგრძელე. როდესაც აქ ჩამოვედი, შევეცადე ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა სხვადასხვა მეთოდით, ამიტომ ძალიან ბევრს ვუსმენდი იტალიის ტელევიზიებს და რადიოს. ენის გაღრმავებაში მეხმარებოდა ჩემი უსაყვარლესი დედიკო, რომელიც წლების განმავლობაში აქ იმყოფებოდა და იტალიურს საკმაოდ კარგად ფლობს. შევიძინე იტალიელი მეგობრები, რომლებთანაც საკმაოდ კარგი დამოკიდებულება მაქვს. ამისთვის მინდა თითოეულ ჩემს მეგობარს დიდი მადლობა გადავუხადო.
საკმაოდ ძლიერი პიროვნება ხართ, მინდა მკითხველს გავაგებინოთ, როგორ ახერხებთ მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანი კომპიუტერთან ურთიერთობას?
იტალიაში დამოუკიდებლობას შევეჩვიე. საკმაოდ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, რათა უფრო ძლიერი ვიყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვახერხებ კომპიუტერთან მუშაობას, გეტყვით, რომ მაქვს სპეციალური ხმოვანი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტსივრცესთან კავშირს ვამყარებ. როგორც საქართველოში, ისე იტალიაში არასდროს მიგრძვნია, რომ მხედველობის პრობლემა მაქვს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ პედაგოგებს, ბატონ გიორგი ლომთაძეს, ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძეს და ქალბატონ ირინა კუხიანიძეს, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით პროფესიონალად ჩემ ჩამოყალიბებაში, ასევე მადლობას ვუხდი ახლანდელ პედაგოგს მარია პაულა დე ლუკას, რომელმაც ორმაგი შრომა ჩადო ჩემში, რათა საოპერო ხელოვნების იტალიურ სკოლას დავუფლებოდი.
ანუ რაზეც აქამდე ოცნებობდით, ყველაფერი აისრულეთ და ბედნიერი ხართ…
ყველაზე დიდ ბედნიერებად იმას მივიჩნევ, რომ დღეს იტალიაში ვარ და წინ მივიწევ. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩემს პუბლიკას არასდროს გავუცრუო იმედები. მადლობა ჩემს ქართველ და იტალიელ მეგობრებს, რომელთა დახმარებითაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბედნიერებაა, როცა ჩემი შრომა ფასდება, წარმატებას ვაღწევ და ამით ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს სიხარულს ვანიჭებ…
თეონა გოგნიაშვილი
კომენტარები