მილანის ქუჩებში პირბადის გარეშე სიარული დასაშვები გახდა
იტალიის რეგიონის, ლომბარდიის (დედაქალაქი – მილანი) ხელისუფლებამ გააუქმა ღია ტიპის საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარების ვალდებულება და დღეიდან მილანელებს (და, ზოგადად, ლომბარდიელებს) შეუძლიათ ღია საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადე აღარ გაიკეთონ. რეგიონის პრეზიდენტის, ატილიო ფონტანას მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება დღეიდან 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
ამასთან, ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მოქალაქეებთან სანიტარიული დისტანციის (1 მეტრი) დაცვის შესაძლებლობა არსებობს. სხვა შემთხვევაში მოქალაქემ უნდა ატაროს პირბადე ან მისი ნებისმიერი სხვა ალტერნატივა, რომელიც პირს და ცხვირს დაუფარავს.
ნიღბის გაკეთება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ტრანსპორტში, ჯერჯერობით ისევ სავალდებულოა.
რაც შეეხება სტატისტიკას: ამ დროისთვის (14 ივლისის საღამოს მონაცემებით) იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 34 984-ს უდრის (ბოლო დღიური ზრდა იყო 17, ერთი დღით ადრე – 13). გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა (195 441), ერთ დღეში ეს მაჩვენებელი 336-ით გაიზარდა (წინა დღით – 169-ით).
გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 243 344-ს აღწევს და ამ მაჩვენებლით იტალია მე-13 ადგილზეა მსოფლიოში (მას უსწრებენ: აშშ 3,5 მლნ-ზე მეტი ინფიცირებულით, ბრაზილია – 1 933 645, ინდოეთი, რუსეთი, პერუ, ჩილე, მექსიკა, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, ირანი და პაკისტანი), ევროპაში კი – მესამეზე (ესპანეთისა – 303 699 – და დიდი ბრიტანერთის – 291 373 – შემდეგ). ჩატარებული ტესტირებების შედეგად ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამ დროისთვის აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 12 919-ს უდრის, მათგან კრიტიკულად მძიმეა 60-ის მდგომარეობა, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები