კოვიდ-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათთვის, ვინც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდის, – ამის შესახებ ბილ გეითსმა შიდსის საერთაშორისო საზოგადოების მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა.
მილიარდერის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პანდემია კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.
„თუ ჩვენ ვაქცინებსა და პრეპარატებს მათ მივცემთ, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის, იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მივიღებთ უფრო გრძელვადიან, უსამართლო და მომაკვდინებელ პანდემიას“, – განაცხადა ბილ გეითსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მსოფლიომ ეს რთული გადაწყვეტილებები, საბაზრო წესებზე დაყრდნობის მაგივრად, სამართლიანობის პრინციპით მიიღოს.
მილიარდერის განცხადებით, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა ფართომასშტაბიანი და სამართლიანი განაწილების სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები