სმითების ამბავი: მკვლელობა, რომელიც ვერავინ დაივიწყა (ვიდეო)
4 ივლისს ორი წელი შესრულდა ხადის ხეობაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის, ქელების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი, მალხაზ კობაური დღეს უვადო პატიმრობაშია. მისი ოჯახი და ადვოკატი, რომელთაც პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავდნენ, თუმცა საჭირო ფინანსების უქონლობის გამო ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
მარნეულში, იმ სახლში, სადაც სმითების ოჯახი ცხოვრობდა, დღეს სხვები ცხოვრობენ, თუმცა საქმე, რომელიც ამერიკელმა წყვილმა საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში წამოიწყო, კერძოდ, ძველაზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესი, სოფელ კოსალარში ისევ გრძელდება.
რაიან სმითის მიერ დაფუძნებული „reWoven“-ის ფეისბუქგვერდზე ორი წლის წინანდელი ტრაგიკული ამბავი 4 ივლისს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაწერეს:
„ვწუხვართ მათი, არა როგორც მხოლოდ ჩვენ მეგობრების, წასვლის გამო, არამედ როგორც საოცარი ოჯახის, რომელმაც ამდენი კარგი რამ გააკეთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა შევინარჩუნოთ მათი მემკვიდრეობა და ის საქმე გავაგრძელოთ, რაზეც ისინი ამდენს მუშაობდნენ“.
4 ივლისი სწორედ ის თარიღია, როცა სალაშქროდ წასული სმითების ოჯახის კვალი დაიკარგა. რამდენიმე დღეში კი გაირკვა, რომ სმითები უბედურ შემთხვევას კი არ შეეწირნენ, ისინი მოკლეს.
მსჯავრდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ოჯახს დღემდე სჯერა, რომ ერთ დღეს ამ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
პროკურატურისთვის კი ეს საქმე, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და სასტიკ მკვლელობებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებით გამოძიებულ საქმედ ითვლება.
ტრაგიკული ლაშქრობა ხადის ხეობაში
2018 წლის 3 ივლისს საქართველოში მცხოვრები ამერიკელი სმითების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში სალაშქროდ წავიდა. მათ თან ახლდათ 4 წლის ვაჟი, ქელებიც.
იქაურობის ნახვა რომ ღირდა, რაიან და ლორა სმითებს მათმა უცხოელმა მეგობარმა ცოტა ხნით ადრე ურჩია.
3-ში ოჯახმა ღამე ხეობაში, მდელოზე გაათია, სოფელთან ახლოს. 4 ივლისს კი ხეობის დათვალიერება დაიწყეს.
პროკურატურის ვერსიით, ფაქტების ეს ქრონოლოგია დასტურდება იმ ფოტოაპარატში არსებული მასალით, რომელიც მოგვიანებით გამოძიებამ აღმოაჩინა.
ფოტოების გადაღება წყვილს 3 ივლისს, საღამოს 7-ის 15 წუთზე აქვს დაწყებული. ახალ ფოტოებს კი მეორე დღეს, 4 ივლისის 12.00 საათიდან იღებენ…
6 ივლისს 112-ში სმითების ახლობლისგან შეტყობინება შევიდა – სმითების ოჯახის გაუჩინარებაზე. 5 ივლისს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე რაიან და ლორა სმითები არ მივიდნენ. ისინი არც ტელეფონს პასუხობდნენ, რაც უცნაური იყო.
ხადის ხეობაში რომ იყვნენ, გამოძიებამ ეს სმითების ახლობლებისგანაც გაიგო. რაიანს და ლორას თავიანთი ფრანგი მეგობრისთვის ჰქონდათ გაგზავნილი ხადის ხეობის პეიზაჟის ფოტო.
ძებნა დაიწყო, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლებას საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი მოუთხრობს, მკვლელობის ვერსია არ დაუშვიათ მანამ, სანამ რაიან სმითის გვამზე ნატყვიარი არ ნახეს და ექსპერტიზით არ დადასტურდა, რომ ის მოკლული იყო.
აი, როგორია 4 ივლისს მომხდარი მკვლელობის ვერსია, რომელიც საქმეში დევს და რომელსაც ზაზა დათუკიშვილი რადიო თავისუფლებასაც უყვება:
მწყემსი გადაღებულია სულ ბოლო ჩანჩქერთან და ეს, პროკურორის განცხადებით, არის ამ ხეობის სულ ბოლო წერტილი.
ბოლო ფოტო გადაღებულია უკან გზაზე დაბრუნებისას – ეს არის ხადის ხეობის პეიზაჟი:
„რაიან სმითმა, ფაქტობრივად, თავად გადაიღო თავისივე მკვლელობის ადგილი“. – გვეუბნება ზაზა დათუკიშვილი.
მისივე სიტყვებით, ერთ ფოტოში კობაური სახით ჩანს, კარგად ჩანს მისი ტანსაცმელი, ასევე მაჯის საათი, რომელიც მოგვიანებით ლორა სმითის მკვლელობის ადგილას, ჩანჩქერში აღმოჩნდა.
გამოძიების ვერსიით, სწორედ ქალთან ბრძოლის დროს დაკარგა მწყემსმა საათი.
კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი ამბობს, რომ მაჯის საათი მწყემსმა დაკარგა მოგვიანებით, როცა პოლიციას ლორას გვამის ძებნაში ეხმარებოდა.
ფოტოებზე მალხაზ კობაურს აცვია ჯინსის შარვალი, სპორტული კედები, რუხი ფერის მოკლემკლავიანი მაისური. და როგორც პროკურორი ამბობს, ფოტოზე მოჩანს გამობერილი ჯიბეც, რომელშიც მას თოფის ვაზნები უწყვია.
თოფის გადამალვა
რას აკეთებს მალხაზ კობაური მკვლელობის შემდეგ? გამოძიების ვერსია ასეთია:
ის ბრუნდება მწყემსების კარავში, მათ ეუბნება, რომ ხეობაში ამერიკელებს შეხვდა, დაათვალიერებინა ხეობა, რის მერეც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
თუმცა მწყემსები მოგვიანებით ჩვენებებში ამბობდნენ, რომ კობაურს აღარ ეკეთა საათი, ნიკაპზე ნაკაწრი ჰქონდა და შესამჩნევად ღელავდა. კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ეს დაზიანება, მწყემსების ჩვენების თანახმად, კობაურმა მათ უთხრა, ზვავში ჩავვარდი და საათიც იქ დავკარგეო.
იმ ღამით საჭმელი რიგით მას უნდა მოემზადებინა, მაგრამ მხოლოდ ყავა დალია, დაწვა და დაიძინაო.
თოფი, როგორც ზაზა დათუკიშვილი მოგვითხრობს, მალხაზ კობაურმა მწყემსების საცხოვრებლის ახლოს, ბალახში გადამალა.
სმითების სამძებრო სამუშაოები პოლიციამ 6 ივლისს დაიწყო. ამ პროცესში კობაურიც დაიხმარეს – ცხენით უნდა მოევლო ხეობა და ეკითხა, ხომ არავინ შეხვედროდა ამერიკელების ოჯახს…
ქალის გვამთან გამომძიებლები სწორედ მალხაზ კობაურმა მიიყვანა და მაშინ მათაც იგივე ვერსია მოუყვა, რაც მწყემსებს.
კობაური გაუშვეს. ძებნა კი გაგრძელდა.
იმ ღამით, როგორც ზაზა დათუკიშვილი ამბობს, ხეობაში ძლიერი წვიმა მოვიდა, ამიტომ, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყვიტეს.
7 ივლისს კი რაიან სმითის გვამი იპოვეს.
როგორც გამოძიება აცხადებდა, მისი გვამი სწორედ ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოიტანა დაბლა წყალმა და ეს ზემოქმედება მის სხეულსაც ეტყობოდა.
რაიან სმითის გვამთან ერთად იპოვეს ფოტოაპარატის ჩასადები, ბავშვის სათამაშო ნიჩაბი, პლასტმასის სათლი.
თუმცა იმ წამებში, როგორც დათუკიშვილი მოგვითხრობს, გვამი იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ გამოძიებამ ისევ ივარაუდა, რომ ეს მდინარის მიერ თრევის შედეგად მიყენებული დაზიანებები იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაიან სმითი პროზექტურაში გადაასვენეს, ექსპერტმა გამომძიებელს აცნობდა, რომ ის მოკლული იყო.
სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდა.
ხოლო პირველი, რაც გამოძიებამ გააკეთა, მალხაზ კობაური განმეორებით გამოკითხა, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხეობაში სმითების ოჯახს შეხვდა და ამას არ უარყოფდა.
ფარულად ჩაწერილი აღიარებითი ჩვენება
8 ივლისს მალხაზ კობაურმა გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება მისცა (ეს ჩვენება ფარული ჩანაწერით ჩაიწერა). ამ ჩვენებაში მწყემსი ჰყვება, როგორ შელაპარაკდნენ ის და რაიან სმითი თოფის არასწორად ჭერის გამო, შემდეგ როგორ ესროლა მას, მერე როგორ ესროლა მტირალ ბავშვს და როგორ გაიქცა ამის შემხედვარე ლორა სმითი ადგილიდან.
მოგვიანებით ეს ჩვენება მალხაზ კობაურმა შეცვალა. მის ჩვენებაში გაჩნდა უცხო შავი მანქანა, საიდანაც 2 ადამიანი გადმოდის და სმითებს საქმეს ურჩევს და, ზოგადად, ვერსია, რომ კობაური სმითების მკვლელობის შემსწრე გახდა და არა მონაწილე.
მძიმე ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულებიც ჩაერთნენ, რომლებმაც გამოუტანეს კიდეც საბოლოო განაჩენი 19 წლის მწყემსს.
მწყემსი და მისი დევნილი ოჯახი ახალგორიდან
კობაურები, 2008 წლის ომამდე, ახალგორის სოფელ საძიგურში ცხოვრობდნენ. სმითების მკვლელობაში მსჯავრდებულის დედა, მარიამ ნატრიაშვილი იხსენებს, რომ მათი ცხოვრება სწორედ იქიდან წამოსვლის შემდეგ აირია.
საძიგურში ჰყავდათ საქონელი, ქათამი, მოსავალი მოჰყავდათ, ნაწილს ბაზარში ყიდდნენ და პატარა შვილებს ასე არჩენდნენ.
„წყნარი და კაი ცხოვრება გვქონდა. იქიდან რო არ წამოვსულიყავით, ეს ამბავი ალბათ არ დაგვემართებოდა. ხან ბაზარი იყო, ხან ტყეში დავდიოდით და სოკოს ვაგროვებდით. ასე გადიოდა დღეები. ძროხა მყავდა – ყველს არ ვყიდულობდი და რძეს ბავშვებისთვის. 2008 წლის ომის დროს ჯერ თბილისში გამოვიქეცით, იქ ცოტა ხანი თემქაზე ვცხოვრობდით და მერე აქ წამოვედით, წილკანში. კოტეჯი მოგვცეს. ჩემი ექვსივე შვილი, მათ შორის, მახოც, სოფელშია დაბადებული. რა ბედნიერი ვყოფილვარ თურმე“.
მარიამს და მის ოჯახს მარტივი ცხოვრება არც დევნილობაში ჰქონია. დღიურად მუშაობდნენ, ნაკვეთებში. მერე ქარხანაში გამოჩნდა ადგილი, სადაც დილიდან დაღამებამდე დღესაც მუშაობს.
ოჯახს ფინანსურად უჭირდა და მათი საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მარიამი ავადმყოფობის გამო ერთი წლით ლოგინად ჩავარდა. სწორედ მაგ პერიოდში წავიდა მალხაზ კობაური ცხვარში სამუშაოდ.
წეროვნის სკოლაში შვიდი კლასი დაამთავრა და რადგან ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ეს გადაწყვეტილება ერთად მიიღეს. დედას უთხრა, იქნებ ცოტა ცხვარიც შევაგროვო და ჯამაგირის ნაწილს გამოგიგზავნითო. ასე გახდა მწყემსი მალხაზ კობაური და ოჯახიდან წავიდა.
„ძალიან მიჭირდა. სულ ვურეკავდი, აბა რას შვრები, როგორ ხარ, რა ჭამე, ხო არ გცივა… თავიდან კასპში იყო, ცხვარში, ერთ ახალგორელ კაცთან, ის არაფერს უჭირვებდა. მერე ახალგორში – გაზაფხულიდან შემოდგომამდე. რუსული საშვი ჰქონდა, იმ კაცმა გაუკეთა თვითონ, ცხვარი ვისიც იყო, რომ გადასულიყო ხოლმე. იმდენი იარა მწყემსად, 70 ცხვარი შეაგროვა. ხელფასი 300 ლარი ჰქონდა. ეს ამბავი რომ მოხდა, ის ცხვრები გავყიდეთ, 5300 ლარი ავიღეთ სულ და ზოგი ექსპერტიზას დასჭირდა და ზოგი რას“, – იხსენებს კობაურის დედა.
მარიამ ნატრიაშვილი მოგვითხრობს, რომ ახალგორში ყოფნის დროს დედა-შვილს, ძირითადად, სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდა. ხშირად ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს.
ივლისის იმ დღეებში, როცა ხადის ხეობაში სმითები მოკლეს, მალხაზ კობაური დედას რამდენჯერმე ელაპარაკა.
ჯერ სამ ივლისს – სოფელში მივდივარ, ტელეფონი უნდა დავტენოო. ხუთშიც შეეხმიანა, მოიკითხა. ბოლოს კი 7 ივლისს დილით დაურეკა, მაგრამ ტელეფონი მალე გაეთიშა.
რადგან მშვიდი ხმა ჰქონდა, დედას არაფერი უეჭვია. მარიამ ნატრიაშვილი იმ დღეებს ასე იხსენებს:
კომენტარები