ნატა ქათიბაშვილი: „ბრუნოს იმ პირობით გავყევი ცოლად, რომ მომავალში საქართველოში ვიცხოვრებდით“
25 წლის ქართველი შეფ-მზარეული მილანში, მკლავზე ხინკლის ტატუთი, რომელიც კარანტინის დროს დაიხატა
იტალიაში პირველი ქართველი, ვისი სახელიც იტალიელებმა გაცნობისას მიხსენეს, ნატა ქათიბაშვილია.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შეხვედრისას ჩემს იტალიურ სამეგობროში ქართველ შეფ-მზარეულზე საუბარი ასე დაიწყო:
„ააააჰ, ქართველი ხარ?“ – მეკითხება გაცნობის შემდეგ მილანელი მზარეული დანი (დანიელი) ისეთი ტონით, თითქოს დიდი აღმოჩენა გააკეთაო.
„მე ვიცნობ ერთ ქართველს, ძალიან „ბრავა რაგაცა“-ს (Brava ragazza – იტ. კარგი გოგო), ნატა ქა….შვილს (გვარის წარმოთქმა უჭირს), ერთად ვმუშაობდით. საოცრად ენერგიული და პოზიტიური გოგოა“, – გახარებული აგრძელებს იგი.
მე, რა თქმა უნდა, სიამაყით ვეთანხმები: ეჭვიც არ მეპარება, რომ მაგარი გოგო იქნება-მეთქი, – ცხადია, ძალიან გამიხარდა ჩემი უცნობი თანამემამულის შექება.
„ბრაზილიელი მეუღლე ჰყავს, თურმე თქვენთან ტრადიციაა: ქორწილამდე წყვილის ერთად ცხოვრება არ შეიძლება, ასე მოუწია ბრუნოს საქართველოში ჩასვლა და ნატას მშობლების გაცნობა, რომ იგი ჯვრისწერას დასთანხმებოდა. ჩასულან საქართველოში და პირდაპირ უქორწინიათ“, – გვიყვება დანი და აშკარად ეტყობა, რომ ეს ისტორია მოსწონს.
ყველა გაოცებული უსმენს. დანი მკვიდრი მილანელია, კარგი მზარეული, ახალგაზრდაა, თუმცა საკმაო გამოცდილება აქვს. სწორედ მისი შეფ-მზარეული იყო 25 წლის ნატა ქათიბაშვილი.
რა თქმა უნდა, ძალიან მომინდა ნატას გაცნობა და მალე, დანის წყალობით, პირადადაც გავიცანი.
ნატა ამჟამად მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მუშაობს და სხვა შეფ-მზარეულებისგან იმით გამოირჩევა, რომ მკლავზე ქართული სამზარეულოს მეფე, ყველასთვის საყვარელი „დიადი“ ხინკალი აქვს დახატული. ტატუს გაკეთება ნატამ ცოტა ხნის წინ, კარანტინის პირობებში გადაწყვიტა. იგი საქართველოში იყო, ფრენები რომ გაუქმდა და სამი თვით დარჩა, შესაბამისად, დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებისთვის დრო გამონახა და პირველი ტატუ დაიხატა მკლავზე. რომც არაფერი თქვას ამ თემაზე, ამ „საფირმო ნიშნით“ ისედაც ნათელია, რამდენად აღმერთებს და ამაყობს ხინკლით.
„კარანტინის პერიოდში ხშირად ვაკეთებდი სახლში ხინკალს, ძალიან მიყვარს! ზოგადად, როცა საქართველოში ჩავდივარ, პირველი, რაც არის, იციან, რომ რომელი საათიც არ უნდა იყოს, ღამის პირველი თუ ორი, მინდა ხინკალი! სიგიჟემდე რომ მიყვარს, მინდოდა, რაღაც ნიშანი მქონოდა, რომ სულ მახსოვდეს და ხალხიც ხედავდეს… ხინკალი იმსახურებს, რომ ყველა იცნობდეს“, – მეუბნება ნატა.
საქართველოში კულინარიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახალბედა კულინარმა გადაწყვიტა, თავისი საყვარელი საქმის ცოდნა ევროპაში, კერძოდ, იტალიაში გაეღრმავებინა. უდიდესი კულტურის ქვეყანამ მალე შეაყვარა თავი, იტალიური ენის სიყვარულის და მსოფლიო კულინარიის ლიდერი სამზარეულოს გამოც, გადაწყვიტა იტალიაში დარჩენა და ცხოვრება თავის კოლეგა ბრაზილიელ ბიჭთან ერთად, რომელიც ტურინთან ახლოს, კოსტილიონე დ’ასტიში (პიემონტი) იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლაში (ICIF – International School of Italian Cuisine – Costigliole d’Asti) კულინარიის 6-თვიანი კურსის გავლის დროს გაიცნო.
ნატას და ბრუნოს პროფესიული და პირადი ცხოვრების გზა მალე სიყვარულმა გააერთიანა.
„ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, საქართველოში წავსულიყავით ერთად. მათი ტრადიციებით, ბრუნოსთვის ცოტა ნაადრევი იყო ქორწინება, მისთვის ცხოვრების ყველაზე დიდი ნაბიჯი არის ქორწინება, თუმცა იმისთვის, რომ ჩემს ოჯახში შემოსულიყო და ქართველებს სათანადოდ მიეღოთ, იცოდა, რომ ჯერ ჩემთვის ხელი უნდა ეთხოვა და ჯვარი დაგვეწერა. რა თქმა უნდა, გაუკვირდა, მაგრამ სიყვარულის ხათრით, ქართულ ტრადიციებს გვერდი არ ავუარეთ და საქართველოში ვიქორწინეთ. შემდეგ სამი თვით გავემგზავრეთ ბრაზილიაში, სადაც ისევ იტალიური რესტორანი მოვძებნეთ, რომ გვემუშავა“, – მიყვება ნატა.
ნატას მეუღლე, წარმოშობით ბრაზილიელი ბრუნო იტალიის მოქალაქეა, იგი საქართველოს სამზარეულოთია მოხიბლული, თუმცა ხინკალი არ გაუსინჯავს – ბრუნო ვეგეტარიანელია. უფრო სწორად, ხორცის ხინკალი არ გაუსინჯავს, სოკოს ხინკალი კი მიირთვა და თურმე ძალიანაც მოეწონა.
ნატა საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩადის: „იმ პირობით გავყევი ბრუნოს, რომ მომავალში ერთად უნდა გვეცხოვრა საქართველოში“.
წყვილს სამომავლოდ ქართული ოჯახური რესტორნის გახსნის სურვილი აქვს, სადაც მთელი ოჯახი იქნება დასაქმებული.
„ყველაზე მეტად რაც მომეწონა ევროპულ ცხოვრებაში, ისაა, რომ რესტორანი მხოლოდ შემოსავლის წყაროდ და განკარგულებების გასაცემად არ იხსნება. მიყვარს, როცა რესტორანში მფლობელები არიან ცოლი-ქმარი და შვილი – მიმტანი, ესაა, რაც ყველაზე მეტად მომეწონა იტალიაში და რაც არ შემხვედრია ჯერ საქართველოში. ჩვენთან ვერ ნახავ რესტორნის მეპატრონეს, ჭურჭელს რომ რეცხავდეს“, – ამბობს ნატა.
ქართველი შეფ-მზარეული ხინკლის ტატუთი ამჟამად მილანში იტალიურ ვეგეტარიანულ რესტორანში – Capra e cavoli-ში მუშაობს, რომლის მენიუშიც უკვე ორი ქართული კერძი – ღომი და მხალი შეიტანა.
ციცი ხაბელაშვილი
მილანი, 25.06.2020
კომენტარები