საქართველო ჯერჯერობით არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთან საზღვრის გახსნის რეკომენდაციას ევროკომისია გასცემს
საქართველო ჯერჯერობით ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებისთვისაც პირველ ივლისს საზღვრის გახსნის რეკომენდაციით ევროკავშირის კომისია გამოდის. რეკომენდაცია სავალდებულო არ არის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ, ვის გაუხსნან საზღვრები. მისი საბოლოო ვარიანტის მიღებას ევროკომისია პარასკევს, 26 ივნისს გეგმავს.
საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.
თავდაპირველ სიაში 47 ქვეყანა იყო და მასში საქართველოც შედიოდა. მოგვიანებით საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, სიიდან ამოიღეს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ევროკავშირში, კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რამდენად შესწევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უნარი, გაუმკლავდეს კორონავირუსის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს ამ პრობლემას. რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, საკითხის განხილვა პარასკევს გაგრძელდება და, სავარაუდოდ, საქართველოს სიაში კვლავ შეიყვანენ.
„პირველი ივლისისთვის წევრი ქვეყნები უნდა იყვნენ ვითარებაში, როცა შესაძლებელი იქნება მგზავრობაზე დაწესებულ შეზღუდვებზე შეთანხმება დანართში მოტანილ ქვეყნებთან. ამ ქვეყნებში შედარებით ან უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ვიდრე საშუალო მონაცემი ევროკავშირის სივრცეში და მონაცემები, რომლებიც ამ ქვეყნებზე გვაქვს, საკმარისად მტკიცეა საიმისოდ, რომ ჩავთვალოთ – მათ ადგილზე პანდემიასთან გასამკლავებლად საკმარისი შესაძლებლობები აქვთ (ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების გამოვლენა, შეკავება, მკურნალობა და აღრიცხვა)“, – წერს ევროკავშირის კომისია სარეკომენდაციო წერილში.
კომისია დასძენს, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება, „რათა მუდმივად შევაფასოთ, ინარჩუნებენ თუ არა ჩამოთვლილი მესამე ქვეყნები ზემოთ მოტანილ კრიტერიუმებს“. სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამ მომენტისთვის ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება შეიძლება არ მიეცეთ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვ.
ევროკომისიის რეკომენდაცია ეხება შენგენის ზონის ქვეყნებს, რომელშიც შედის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, აგრეთვე, ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი.
ცნობისათვის: ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 914 შემთხვევა, საიდანაც 3 ახალი შემთხვევა გასულ 24 საათზე მოდის. გარდაიცვალა 14 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 771 კოვიდ-ინფიცირებული (84,3%-ზე მეტი). ამჟამად აქტიური პაციენტების რაოდენობა 129-ს უდრის, მათგან 5-ის მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკულად მძიმე.
კომენტარები