ტრაგედია ჩინკვე ტერეში – ტურისტი 13 მეტრი სიმაღლიდან ხევში ჩავარდა და დაიღუპა
ტრაგედია მოხდა შაბათ საღამოს იტალიაში, ჩინკვე ტერეში, ვერნაცის (Vernazza) საფეხმავლო ბილიკთან ახლოს. 59 წლის მამაკაცს, რომელიც ბილიკის გასწვრივ დამონტაჟებულ დამცავ მოაჯირზე გადავიდა, სავარაუდოდ, ფეხი დაუსხლტა და 13 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მამაკაცი ჩინკვე ტერეში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე მისული მაშველების რეკონსტრუქციის თანახმად, ცოლ-ქმარი ვერნაცის პანორამულ საფეხმავლო ბილიკს მიუყვებოდა და თვალწარმტაცი ხედებით ტკბებოდა. ამ დროს მამაკაცმა მოაჯირის იქით ლამაზი ყვავილები დაინახა, გადავიდა უსაფრთხო ზონიდან, რომ ყვავილები მოეწყვიტა, თუმცა ფეხი დაუსხლტა და 13 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. მან კლდოვანი რელიეფის გამო თავის მძიმე დაზიანებები მიიღო, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა – ადგილზე ძალიან სწრაფად მისულ მაშველებს, სამწუხაროდ, ტურისტი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
კომენტარები