მსოფლიო ბალეტის 88 წლის ქართველი ვარსკვლავი – ეთერ ფაღავა (ვიდეო)
საფრანგეთში დაბადებულმა ქართველმა ბალერინამ მთელი ცხოვრება საბალეტო ხელოვნებას მიუძღვნა. ეთერ ფაღავა ნოე ჟორდანიას შვილიშვილია. ის დღეს 88 წლის არის და აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას, ატარებს მასტერკლასებს ბალერინებისთვის.
საერთაშორისო მედია მას 13 წლიდან „ვარსკვლავად“ მოიხსენიებდა. 1948 წელს ლონდონში, ჯ. ბალანჩინის მიერ „სომნაბულას“ ახალ დადგმაში ეთერ ფაღავას ხელოვნებამ მაღალი შეფასება მიიღო, მას „პატარა ბრილიანტი“ შეარქვეს.
ეთერ ფაღავა პარიზის „გრანდ ოპერაში“ მოღვაწეობდა, სადაც პირველად გამოვიდა ბალეტში „ატლანტიდა“. შემდეგ იყო გასტროლები მილანის „ლა-სკალაში”. აქ იგი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ცეკვავდა. 1950-იან წლებში ამსტერდამის ოპერის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა იყო. მან მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა პოპულარობა და ვარსკვლავის წოდება დაიმსახურა.
„საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჯერ ქართული ვისწავლე და მერე – ფრანგული. ლევილში პატარა საქართველო იყო… დედაჩემი ქართულად წერდა ლექსებს საქართველოზე, ბაბუაზე… ლევილში ცხოვრობდნენ, მაგრამ ფრანგული პასპორტები არ ჰქონდათ. ძალიან უყვარდათ საფრანგეთი, მაგრამ არ სურდათ, ფრანგები ყოფილიყვნენ, ამიტომაც პასპორტის მიხედვით ქართველებად დარჩნენ. ეს საკმაოდ ძნელი იყო, რადგან ქართული პასპორტით სამსახურის შოვნა ჭირდა, თუმცა ყველაფერს უძლებდნენ! ნამდვილი ქართული ბავშვობა მქონდა: ფრანგულ სკოლაში კი დავდიოდი, მაგრამ სულ „დედა ენა“ მეჭირა ხელში და ჩავყურებდი. ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ვსწავლობდი…“ – წერს ეთერ ფაღავა.
ეს ვიდეო 2015 წლის დეკემბერშია გადაღებული გადაღებული, მაგრამ 88 წლის „ბრილიანტი“ დღემდე ფორმაშია და მოღვაწეობას პედაგოგის ამპლუაში აგრძელებს.
კომენტარები