საჰაერო მიმოსვლის მომავალი: შემოწმება, ჩასხდომა, ჩასვლა – როგორ შეიცვლება პროცესები?
ზოგიერთი თვლის, რომ შესაძლებელია check-in პროცესს ოთხი საათი დასჭირდეს და ეს მოიცავს სოციალურ დისტანცირებას, მგზავრებისა და ბარგის სანიტარიას
მას შემდეგ, რაც აეროპორტები და საზღვრები გაიხსნება და ხალხი თავისუფლად შეძლებს თვითმფრინავით ფრენას (მსოფლიოს აეროპორტები უსაფრთხო საჰაერო მოგზაურობის უზრუნველსაყოფად უკვე ემზადებიან), რამდენად მზად ხართ შეცვალოთ თქვენი ფრენის ჩვევები?
იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ცვლილება უკვე ხორციელდება, სანამ აეროპორტები გაიხსნება, ექსპერტები კორონავირუსის პანდემიას „ახალ ტერორიზმს“ უწოდებენ, რადგან ის ყველაზე დიდ კრიზისს იწვევს ავიახაზების ინდუსტრიაში.
ზოგიერთი თვლის, რომ შესაძლებელია check-in პროცესს ოთხი საათი დასჭირდეს და ეს მოიცავს სოციალურ დისტანცირებას, მგზავრებისა და ბარგის სანიტარიას, სხვადასხვა ხაზისთვის უფრო ფართო სივრცის შექმნას, ჩასხდომას და ა. შ.
10 ექსპერტიდან ცხრას მიაჩნია, რომ რეისებს შორის ინტერვალი გაიზრდება, რადგან საჭიროა კაბინების საფუძვლიანი გაწმენდა და აეროპორტებში სანიტარიული ნორმების დაცვა. მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია მგზავრთა რიცხვის შემცირება და თავად ავიაკომპანიებიც შეამცირებენ შეფერხებებს.
რას უნდა ელოდოთ შემოწმების პროცესში
არანაირი სალონის ჩანთები, არანაირი ლაუნჯები, არანაირი ავტომატური აპგრეიდები (განახლება), პირიქით – აუცილებელი იქნება სახის ნიღბები, ქირურგიული ხელთათმანები, თვითრეგისტრაცია, იმუნიტეტის პასპორტები, ადგილზე სისხლის ანალიზები და სანიტარიული დეზინფექციის კაბინები.
ციფრული ტექნოლოგიები და ავტომატიზაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საჰაერო მოგზაურობის მომავალში. აეროპორტებში „შეხების წერტილების“ შემცირების აუცილებლობა გულისხმობს ბიომეტრიის სავალდებულო გამოყენებას, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თვითმფრინავში პასპორტების წარდგენის ნაცვლად, მხოლოდ საკუთარი სახის ჩვენების შემდეგ ჩასხდნენ. ბიომეტრია არის ხელოვნური ინტელექტის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის პერსონალურ ფიზიკურ მახასიათებლებს და მას იდენტიფიკაციის ან ვერიფიკაციისათვის იყენებს. რამდენიმე ავიაკომპანია, მათ შორის, British Airway-ი, Qantas-ი და EasyJet-ი, ამ ტექნოლოგიას უკვე იყენებს.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) თანახმად, მნიშვნელოვან აეროპორტებში, მაგალითად, Heathrow-ში, JFK-სა და Singapore Changi-ში, ონლაინ check in-ს და უკონტაქტო გადახდას შემოიღებენ.
აეროპორტებს დასჭირდებათ უფრო ფართომასშტაბიანი ბიომეტრიული შემოწმების სისტემები, ასევე დეზიფენქციის კაბინები არა მარტო მგზავრებისთვის, არამედ ჩანთებისთვისაც. აუცილებელია დერეფნებსა და სხვადასხვა სივრცეში სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფა, დამცავი ბარიერების განთავსება მომხმარებელთა მომსახურების დახლებზე, ხელის სანიტარიის სადგომები და თერმული სკანირება, რათა ხალხი ტემპერატურაზე შემოწმდეს. Telegraph-ი განმარტავს, რომ „ეს შესაძლოა ფუტურისტულად ჟღერს, მაგრამ ულტრაიისფერი დეზინფექცია, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება მსოფლიოს აეროპორტებში“.
ჩასხდომის პროცესი
მოსალოდნელია, რომ ჩასხდომის პროცესიც „შეხების გარეშე“ ჩაივლის, მაგალითად, სახის ამომცნობის გამოყენებით, რომელსაც აშშ-ის ზოგიერთი აეროპორტი საერთაშორისო რეისებისთვის უკვე იყენებს. თვითმფრინავებზე შეხვდებით დაბლოკილ ადგილებს, ელექტროსტატიკური შესხურების სპრეებს, დამცავ ხელსაწყოებსა და, რა თქმა უნდა, ნიღბებს. ევროპის მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Air France-ი და KLM-ი, ეს სავალდებულო გახადა და, სავარაუდოდ, ყველა სხვა ავიაკომპანიაც ამავეს გააკეთებს. რაც შეეხება საკვებს, შესაძლებელია მოკლე რეისებზე აღარ იყოს გათვალისწინებული. ჰონკონგის ავიახაზებმა გადაწყვიტა, საერთოდ შეწყვიტოს კვების შეთავაზება.
ჩასვლის პროცესი
ჩამოსვლის მომენტში ავიაკომპანიის სტრატეგიის ფირმის, SimpliFlying-ის პროგნოზით, საერთაშორისო მგზავრებს დასჭირდებათ გარკვეული ტიპის იმუნიტეტის დოკუმენტის/პასპორტის ჩვენება, რომელსაც ასევე ითხოვს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA სასაზღვრო კონტროლის აგენტებისთვის. ვაქცინის შექმნის შემდეგ შესაძლოა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი დაგჭირდეთ.
„ჩასვლისთანავე მგზავრები გაივლიან ტემპერატურის შემოწმებას და შესაძლოა სისხლის ტესტირებაც ჩატარდეს COVID-19-ისთვის“, – პროგნოზირებს Conde Nast-ი. „ზოგიერთ აეროპორტში, როგორიცაა ჰონკონგი და ვენა, მგზავრებს ქვეყანაში შესვლამდე სისხლის ტესტირებას უკეთებენ, თუმცა ამ ტიპის ტესტების ეფექტი შესაძლოა ხანმოკლე იყოს“.
თერმული ტესტირება ასევე რეკომენდებულია IATA-ს მიერ. Airlines UK-მა, რომელიც ბრიტანეთის ავიახაზებს წარმოადგენს, ასევე, EasyJet-მა და Virgin Atlantic-მა განაცხადეს, რომ მგზავრების „ტემპერატურის სკრინინგი (შემოწმება) იდეალურ დონეზე უნდა განხორციელდეს მოგზაურობის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე“, – იტყობინება The Telegraph-ი.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სტანდარტული გადაწყვეტილება ასეთი ტესტების ჩატარებისა და სკრინინგის აუცილებლობის შესახებ, აეროპორტები და ავიახაზები ცდილობენ ერთიანი რეგულაციები შემოიღონ. ასევე უცნობია, ვინ იქნება პასუხისმგებელი მოგზაურთა ტემპერატურისა და Covid-19-ის სხვა სიმპტომების შემოწმებაზე. SimpliFlying-ი პროგნოზირებს, რომ შეიქმნება ახალი სამედიცინო ფედერალური სააგენტო, რომელიც აეროპორტების შიგნით ჯანმრთელობის კოორდინირებას მოახდენს.
„შეიქმნება ახალი ოქმები შემოწმების ჩასატარებლად, რომელიც მოიცავს ციფრულ ტექნოლოგიას; ხელის დეზინფექციის სადგომები ადგილებში, სადაც შეხება ყველაზე ხშირია – მაგალითად, იქ, სადაც ბარგი თავსდება; უკონტაქტო გადახდა ნაღდი ფულის ნაცვლად; უფრო ხშირად კიბეების გამოყენება, რადგან ლიფტებში ორმეტრიანი დისტანციის შენარჩუნება რთულია“, – ნათქვამია WTTC-ს ბოლო მოხსენებაში.
საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებს, რომ მომდევნო თვეებში ეტაპობრივად დავუბრუნდებით ფრენებს. თავდაპირველად რეისები ქვეყნების შიგნით განხორციელდება, შემდეგ – მეზობელ ქვეყნებში, რეგიონებში და ბოლოს – კონტინენტებს შორის. WTTC თვლის, რომ 18-35 წლის ახალგაზრდები შესაძლოა პირველები იყვნენ, ვინც მოგზაურობას დაიწყებს, რადგან ეს კატეგორია ყველაზე ნაკლებადაა რისკის ქვეშ.
გლორია გევარას, WTTC-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალ ერაში მოგზაურობა კოორდინირებულ ქმედებებს, მათ შორის, ახალ სტანდარტებსა და პროტოკოლებს მოითხოვს, რათა ტურიზმის სექტორი უსაფრთხოდ აღდგეს.
ახალი პროტოკოლები და სტანდარტები განისაზღვრება ასოციაციებისაგან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამგზავრო სექტორს, მათ შორისაა: საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA), საერთაშორისო აეროპორტის საბჭო (ACI), საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაცია (CLIA), შეერთებული შტატების მოგზაურობის ასოციაცია (USTA), წყნარი ოკეანის აზიის ტურისტული ასოციაცია (PATA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), ევროპული სამგზავრო კომისია (ETC) და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO).
მიუხედავად ამ რეგულაციებისა, მოგზაურობის მომავალი კვლავ საეჭვო და არასახარბიელოა. „მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ბიზნესისთვის დაკეტილია და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ვაქცინაც ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ შესაძლებელია თვეები ან წლებიც დასჭირდეთ ავიახაზებს მანამ, სანამ იმავე რაოდენობის რეისებს შეასრულებენ, რამდენსაც კრიზისამდე. მაშინაც, როდესაც ადამიანები მოგზაურობას დაიწყებენ, ინდუსტრია შეიძლება გარდაიქმნას, როგორც ეს მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ“, – განაცხადა ნირა ჩოკშმა New York Times-დან.
ამ პროცესში მოსალოდნელია ზოგიერთი, განსაკუთრებით კი მცირე ავიაკომპანიის გაკოტრება. „მომხმარებელი ღელავს ვირუსით ინფიცირებაზე ხალხმრავალ თვითმფრინავში, შესაბამისად, შესაძლოა ადგილების რეკონფიგურაცია მოხდეს. ფრთხილი მოგზაურები ავიაკომპანიებმა შესაძლოა ფასდაკლებებით მიიზიდონ, მაგრამ თუ ადგილებს ვერ შეავსებენ, მოუწევთ, რომ ფასები გაზარდონ“.
Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის, დეივ კალჰუინის თქმით, საფრთხის ქვეშ მარტო მცირე ავიაკომპანიები როდი არიან. იგი თვლის, რომ აშშ-ის მთავარი გადამზიდავი, სავარაუდოდ, დატოვებს ბიზნესს კორონავირუსის პანდემიის გამო.
„რაღაც მოხდება, როდესაც სექტემბერი დადგება. მიმოსვლის დონე არ დაბრუნდება 100%-ით. 25%-ითაც კი არ დაბრუნდება. შესაძლოა წლის ბოლომდე 50%-ს მივაღწიოთ“, – განაცხადა მან.
ავტორი: სესილია როდრიგეზი
ორიგინალი: https://www.forbes.com/
თარგმანი: at.ge
კომენტარები