ქართული ხალხური სიმღერა ბერძენი მომღერლების შესრულებით
რამდენიმე დღეა, ქართულ საიტებზე გამოჩნდა ვიდეო, რომელზედაც ასახულია ქართული ხალხური სიმღერის, „ჯილველოის“ შესრულება ბერძნული ანსამბლის მიერ. გთავაზობთ ამ ვიდეოს და აქვე მოგითხრობთ, თუ ვინ და სად ასრულებს მას.
ეს არის ნაწყვეტი გადაცემიდან Το Αλάτι Της Γης („დედამიწის მარილი“). გადაცემა კვირაობით გადის საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე (ERT1) და ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს წარმოგვიდგენს. მისი წამყვანია ეთნომუსიკოლოგი, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაბროს ლიავასი.
ჩვენთვის საინტერესო გადაცემაში, რომელიც 2 წლის წინათ გავიდა ეთერში, მონაწილეობს ქალთა გუნდი Stringless-ი თესალონიკიდან, რომელიც ტრადიციულ პონტოურ, ბულგარულ, თურქულ სიმღერებს ასრულებს. მათ რეპერტუარში ასევე არის თესალონიკის ებრაელთა დიალექტზე, ჟუდეზმოზე შერულებული სიმღერები. ამ შემთხვევაში მათ ქართული „ჯილველოიც“ შეასრულეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალთა გუნდს ეხმარება მეორე ანსამბლი თესალონიკიდან „ერგატია“, რომლის ერთ-ერთი წევრი, წარმოშობით რიზელი თურქი, ნური შენთურქი ქართულ ტრადიციულ ფანდურზე უკრავს (აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ხელმძღვანელმა ის ლაზად მოიხსენია). გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ „ჯილველოი“ ქართული ტრადიციული მელოდიაა, ხოლო ფანდური – ქართული ხალხური საკრავი, რომელიც ძველბერძნული ანალოგისგან მომდინარეობს (Πανδούρα).
გიორგი ჯანელიძე
ქართული და ბერძნული ფანდურის შესახებ იხილეთ ჩვენი სტატია ბერძნულ ენაზე: ΤΟ ΒΙΟΓΡΑΦΙΚΟ ΜΙΑΣ ΠΑΝΔΟΥΡΑΣ
კომენტარები