დაწუნებული სცენარის მიხედვით გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმი
„არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადაღების სახალისო დეტალები
„ესაა პიკასოს ბიჭი?!“, „ხმლით ხელში თუ წურბლით კისერზე?“ „აპრედუზო-მედუზო“, „თვალი ჰგავს? – ჰგავს! ცხვირი ჰგავს? – ჰგავს!“… და უამრავი სხვა ფრაზა კინოს მოყვარულებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ. ყოველ შემთხვევაში, ასეა დღემდე, რეჟისორ ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ეკრანებზე გამოსვლიდან (1968 წ.) ნახევარ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ.
ეს საოცრად მარტივი ფილმი იმდენად გენიალური აღმოჩნდა, რომ დროს გაუძლო და პიპინია, აგული, გლაფირა, შავლეგი, აკიმი… ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრები გახდნენ. ფილმში მონაწილე მსახიობებმა ქართულ კინემატოგრაფს მათი გმირების სახით მართლაც დიდი მემკვიდრეობა დაუტოვეს.
დაწუნებული სცენარი
ფილმის სცენარი, რომელსაც თავიდან „სიყვარული, ხანჯალი და ღალატი“ ერქვა, რეზო გაბრიაძის სადიპლომო ნამუშევარი იყო. რეზო მოსკოვში სწავლობდა. სხვათა შორის, მისი ჯგუფის ხელმძღვანელი ცნობილი ჟურნალისტი კაპლერი იყო, რომელსაც ცოლად სტალინის ქალიშვილი – სვეტლანა ალილუევა ჰყავდა. კაპლერს გაბრიაძისთვის სცენარი დაუწუნებია, რაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ქართველებს დასანახავად ვერ იტანდა, გასაკვირი ნამდვილად არ არის. მეტიც, რეზო გაბრიაძე ამ სცენარისთვის კინაღამ დაიჭირეს კიდეც, როგორ შეიძლება დიპლომიანი მხატვარი სასაფლაოზეო?!..
დაწუნებული სცენარი რეზო გაბრიაძემ თბილისში ჩამოიტანა და რეჟისორ ელდარ შენგელაიას აჩვენა, რომელსაც სიუჟეტი ისე მოეწონა, რომ დიდხანს არ უფიქრია, გადაღება გადაწყვიტა. სცენარის დახვეწა დაიწყეს და სწორედ ამ დროს კინოსტუდიაში გურამ ლორთქიფანიძე მივიდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში ორწლიან სარეჟისორო-სასცენარო კურსებზე სწავლობდა და კინოსტუდიაში პრაქტიკის გასავლელად იყო მოვლინებული, რათა დიპლომი აეღო.
„ლორთქია“ ელდარ შენგელაიასთან სტაჟიორად მოხვდა და… თუმცა, თუ როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, ამას ცოტა ქვემოთ მოვყვებით, წინასწარ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ფილმის სათაური გადაღების პროცესში შეირჩა. თავიდან „არაჩვეულებრივი ვერნისაჟის“ დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ რადგან სიტყვა „ვერნისაჟი“ შესაძლოა ბევრისთვის გაუგებარი ყოფილიყო, ამიტომ „გამოფენით“ შეცვალეს.
„არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეზო გაბრიაძის პირველი ნამუშევარია კინოში.
პროტოტიპები
პიპინიას როლის შემსრულებელი ვასილ ჩხაიძე გურიაში, სოფელ აცანაში აღმოაჩინეს. იგი სოფლის სკოლაში გერმანულ ენას ასწავლიდა. თავის დროზე ფოთის თეატრის მოყვარული მსახიობი ვერასოდეს წარმოიდგენდა, ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა…
ძალიან არაორდინალური პიროვნებააო, უთხრეს გადამღებ ჯგუფს და გურამ ლორთქიფანიძე და ელდარ შენგელაია მაშინვე გურიაში გაემგზავრნენ.
„ბატონი ვასილის სახლი მიგვასწავლეს, მარტო ცხოვრობსო და ჩვენც იქით გავეშურეთ, – იხსენებდა შემდგომში აგულის როლის შემსრულებელი მსახიობი. – მივადექით აგურის დაუმთავრებელ სახლს, საიდანაც რაღაც უცნაური ხმაური ისმოდა, დაახლოებით ასეთი: „თფუუ…“ შევედით ოთახში და რას ვხედავთ?! გადებულია დიდი ფიცარი, ბატონ ვასილს ხელში ნახშირის უთო უჭირავს და შარვალს აუთოებს. ხმაურს კი პირში დაგუბებული წყლით შარვლის დასველების პროცესში გამოსცემდა. დავინახე თუ არა, ელდარ, მგონი, პიპინია ვიპოვეთ-მეთქი, ჩემდაუნებურად წამოვიძახე. არც შევმცდარვარ. ფოტოები გადავიღეთ და ვასილ ჩხაიძე გადაღებებზე წამოვიყვანეთ, თუმცა თავად ამბობდა, მაგის ბედი სადა მაქვს, რომ კინოში ვითამაშოო.
სინჯებზე თავიდან მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობდა თავს, მაგრამ თანდათან შეეჩვია. შვილთან, გოგი ჩხაიძესთან ცხოვრობდა ზემელზე (სხვათა შორის, „ცისფერ მთებში“ ფირფიტას რომ უსმენს, გოგია). შინაურულად რომ ეგრძნო თავი, ჯერ მე ვეწვიე სახლში, შემდეგ ჩემთანაც წამოვიყვანე, მამა გავაცანი. ვეუბნებოდი, ბატონო ვასილ, ნუ ღელავთ, ყველას მოსწონხართ-მეთქი.
ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს ვხედავ, ელდარი, მერაბ კოკოჩაშვილი, ლანა ღოღობერიძე და ლეილა გორდელაძე გვიყურებენ. მე თან ბატონ ვასილს ვაწყნარებდი, თან ვუხსნიდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა – ვრეჟისორობდი, რა! ჩემს ჭიას ვიკლავდი… უცებ ელდარი მოგვიახლოვდა და მეუბნება: შევიდეთ პავილიონში და როგორც ახლა ლაპარაკობდით, ისე გადავიღოთ ერთი ეპიზოდიო. კი ბატონო-მეთქი. ზეპირად ვიცოდი მთელი სცენარი და ეს არ გამიჭირდებოდა. რამდენიმე დღეში კი სამხატვრო საბჭომ ორივე დაგვამტკიცა – სად ეძებთ აგულის, აქვე გყოლიათ აგულიც და პიპინიაცო…“
სხვათა შორის, აგულის როლზე სინჯებში მონაწილეობდნენ იმედა კახიანი, შოთა გაბელაია, გივი ჭიჭინაძე, შერვაშიძე ბათუმიდან და კიდევ რამდენიმე მსახიობი… პროტოტიპი კი რეზო გაბრიაძის სიძე იყო, მოქანდაკე, გვარად მიზანდარი, რომელიც ომის დროს ცხოვრობდა; როცა გაუჭირდა, საფლავების გაკეთება დაიწყო.
რაც შეეხება პიპინიას პროტოტიპს, იგი ქუთაისელი კაცი ყოფილა, გვარად ერისთავი, კარგი მოქეიფე და წიგნიერი ადამიანი…
გლაფირას როლი გალინა პოლსკიხს უნდა ეთამაშა
გლაფირას როლზე ელდარ შენგელაიას ცნობილი მსახიობი გალინა პოლსკიხი ჰყავდა მიწვეული. იმის გამო, რომ გალინა სხვა ფილმში იყო დაკავებული და ჯგუფი მის ჩამოსვლას ელოდა, გადაღებები გვიან დაიწყო. ნახევარი ფილმი უკვე გადაღებული ჰქონდათ, რომ გალინას პირადი პრობლემების გამო (საქმრომ შემოუთვალა, თუ არ ჩამოხვალ, ცოლად აღარ შეგირთავო, არადა, ფეხმძიმედ იყო ამ დროს) მოსკოვში დაბრუნება მოუხდა. ფილმზე მუშაობა გარკვეული დროით შეჩერდა, სანამ ვალია (ვალენტინა) ტელიჩკინას იპოვიდნენ. გალინას ნათამაშევი არ გვინახავს, ვალია კი მართლაც შესანიშნავად ასრულებს გლაფირას როლს, თუმცა ალბათ გურამ ლორთქიფანიძესაც უნდა დავუჯეროთ, რომელიც ამტკიცებდა, რომ გალინა პოლსკიხთან უფრო შინაურულად გრძნობდა თავს: „როგორ ვთქვა, გალინას რომ ვკოცნიდი, მართლა ვკოცნიდი, გაიგეთ?“… ვალიას ჩამოსვლისთანავე რეჟისორს მაინცდამაინც ამ ეპიზოდიდან დაუწყია გადაღება და ტელეჩკინა თურმე გურამს ეხვეწებოდა, ძალიან მაგრად არ მაკოცოო, თუმცა აგული თავად იყო დასამშვიდებელი.
მოსკოვში ფილმის პრემიერაზე ელდარ შენგელაიამ გალინა პოლსკიხიც მიიწვია. გალინას ფილმი ძალიან მოსწონებია, აცრემლებულა კიდევაც და უთქვამს, ეს რა გავაკეთეო, მაგრამ რაღა დროს?! სხვათა შორის, ელდარმა ერთ კადრში მაინც დატოვა გალია: ზურგით დგას, ქოლგით ხელში. ეს რომ უთქვამს, ცნობილი მსახიობი მართლა ატირებულა.
აგულის შვილები
ფილმის სცენარის მიხედვით აგულის ოთხი შვილი ჰყავს. მათგან გამორჩეული აკიმია, რომელიც თავისი სიცელქით მაყურებელს თავს ადვილად ამახსოვრებს. ფილმში მისი ძმაც მონაწილეობს აგულის ერთ-ერთი შვილის როლში. აკიმის როლის შემსრულებელი – ჯაბა და მისი ძმა – ლუკა წულაძეები ნახევრად ფრანგები არიან – დედა ჰყავთ ფრანგი. მამა, სერგი წულაძე, ცნობილი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მწერალი და მთარგმნელი იყო, მას ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სრულყოფილი პოეტური თარგმანი ფრანგულ ენაზე. ჯაბა და ლუკა საფრანგეთში დაიბადნენ. ქართული ენა გადაღებების დროს აითვისეს და მამაც (აგული) ძალიან გააწამეს – სულ ჭამა უნდოდათ და „ლორთქია“ მთელ ხელფასს მათთვის ნაყინის ყიდვაში ხარჯავდა. განსაკუთრებით აკიმი იყო თურმე „აბრეშუმის ჭიასავით“. იგი „ლორთქიას“ ბოლო დღემდე მამას ეძახდა და ხშირად სტუმრობდა ხოლმე…
ელდარ შენგელაიამ სიდედრს მოტოციკლის ტარება ასწავლა
ფილმში გლაფირას დედობილის როლს ელდარ შენგელაიას სიდედრი – არიადნას დედა, ანა პალოვნა თამაშობს, ძირძველი მოსკოველი ქალბატონი. ელდარ შენგელაია მას თურმე მოტოციკლის ტარებას ასწავლიდა. „ასტავ, ელდარ! ხომ ხედავ, არ შეუძლია ტარება“, – ეუბნებოდა არიადნა, მაგრამ ელდარი თავს არ ანებებდა, ისწავლის, ჭკვიანი ქალიაო. „ისწავლა კი არადა, კარგადაც გამიტყლაშუნა, – ხომ გახსოვთ ის მომენტი, მოტოციკლით რომ მივყავარ?“ – იხსენებდა შემდგომში გურამ ლორთქიფანიძე.
იმპროვიზებული კადრები
ფილმის გადაღებები, ძირითადად, თბილისში, რიყეზე მიმდინარეობდა. სახელოსნო იქ ააშენეს. ბევრი სცენა გადაიღეს ბათუმსა და ქუთაისშიც. მაგალითად, გამარჯვების დღე ბათუმშია გადაღებული, ქეიფის სცენა – ქუთაისში…
მართალია, გადაღებები სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ არც იმპროვიზაციის ნაკლებობას განიცდიდნენ. ფილმში კლასელების შეკრების დღე მთლიანად იმპროვიზებულია. მხოლოდ აგულიმ, ვალია ტელიჩკინამ და დოდო აბაშიძემ იცოდნენ, რომ ამ ქეიფს იღებდნენ. ელდარმა ყველას უთხრა: გადაღებას მოვრჩით, ახლა უბრალოდ, ვიქეიფოთო და მათაც მეტი რა უნდოდათ?! რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვინ რას ლაპარაკობდა, ვინ ცეკვავდა და ვინ მღეროდა, კაცმა არ იცის. რეჟისორი კი ამ ყველაფერს ფარული კამერით იღებდა.
სხვათა შორის, ფრაზა, რომელსაც ჯარიდან დაბრუნებული აგული პიპინიას ეუბნება: ყუმბარა მომხვდა თავში და არ აფეთქდაო, „ლორთქიას“ მოფიქრებულია.
„პიკასოს ბიჭი“
ერთ-ერთი გადაღების დროს ქუთაისში თეთრი ხიდიდან მდინარე რიონში თურმე დოდო აბაშიძეც გადახტა. ხიდიდან ბიჭი რომ ხტება, იმ კადრს იღებდნენ. ერთი ექვსჯერ მაინც გადაახტუნეს ბიჭები, მაგრამ ფირი გაუფუჭდათ და კვლავ გადაახტუნეს ერთი მათგანი, რომელსაც აგული „პიკასოს ბიჭს“ ეძახდა. ხიდის ჯებირთან აგული და შავლეგი (დოდო აბაშიძე) იდგნენ. შავლეგი ეკითხება ბიჭს: გეშინია? კი, ბიძია, მეშინიაო. ასწავლიან: ადექი, ჩაისუნთქე, დახუჭე თვალები და გადახტიო. ბიჭი ხტება რიონში და… თან აგულის და შავლეგის ქუდებს იტაცებს. აფერისტოო, გასძახებს შავლეგი და თვითონაც ხტება წყალში, რაც სცენარით გათვალისწინებული არ ყოფილა და, ცხადია, არც ფილმში შესულა.
2006 წელს ქუთაისში „ამპრედუზო-მედუზოს“ ხიდზე წამომჯდარი პატარა ბიჭის ქანდაკება გახსნეს და იქ მყოფმა საზოგადოებამ კარგადაც იქეიფა.
„წყალდიდობა“ გადაღების დროს ქუთაისში
ქეიფთან დაკავშირებით ბატონი გურამი ყოველთვის იხსენებდა ერთ ასეთ ფაქტს გადაღებებიდან:
„გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთ ეპიზოდში პარტნიორობას განუმეორებელი დოდო აბაშიძე მიწევს. დოდო მარტო თბილისში კი არა, მთელ საქართველოში უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ეს პატივისცემა ქუთაისში? გადავიღებდით ერთ სცენას და გველოდებოდა რამდენიმე მანქანა, ხან მწვანეყვავილაზე ვქეიფობდით, ხან უქიმერიონზე. ერთ მზიან დილასაც გამოგვიარეს ქუთაისის კოლორიტებმა – ჟორჟიკა იაშვილმა, სოსო ხარაბაძემ, მერაბ კაპანაძემ, ელდარ ლომინაძემ – და გელათში საქეიფოდ დაგვპატიჟეს. იმ დღეს რიონზე „ქეიფის სცენა“ უნდა გადაგვეღო. ნოემბერია, ცივა. დოდო კია გაძეძგილი ქონებით, მაგრამ მე გაჩხინკული ვზივარ ქვებზე და ვკანკალებ, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევ? ის იყო, როლში შევედით, რომ უცებ მოაჯირიდან (თეთრ ხიდზე გადაღების მაყურებელი საზოგადოება იყო შეკრებილი) გვესმის:
– დოდო!.. გესმის, დოდო?
– ვინაა, კაცო? – ინსტინქტურად გაიხედა „ხმისკენ“ დოდომ.
… გაფუჭდა ამდენი ნაწვალები კადრი. წყალში ბრაზიანად გადავაფურთხეთ ერთდროულად – მეც, დოდომაც და ელდარ შენგელაიამაც.
– მორჩით, სიმონ, გლახაობას, საქმე გველოდება, – ჩამოგვძახეს მოაჯირიდან („საქმე“ მათებურად ქეიფს ნიშნავდა, „გლახაობა“ – გადაღებას).
– ცოტა ხანს გვაცადეთ, – ვუთხარით… მაგრამ ეს ცოტა ხანი, როგორც ჩანს, დიდხანს გაგრძელდა (მათთვის) და უცებ ვგრძნობ, რომ წყალმა ფეხი დამისველა, რამდენიმე წუთში კი „სუფრასაც“ მოსწვდა და პომიდვრები მოგვტაცა. წყალმა თანდათან მოიმატა და… გვიშველეთო! – იწივლა ასისტენტმა ქალმა. ვიღას ახსოვდა გადაღება? ძლივას ავბობღდით ნაპირზე. ჩვენ სიცივისაგან ვკანკალებთ, ქუთაისელები კი ერთმანეთს აწყდებიან სიცილით: რა ქენით, მორჩით, გლახაობასო? თურმე, ქეიფის საღერღელაშლილები, გადაღება ვერაფრით რომ ვერ შეგვაწყვეტინეს, რიონჰესში ასულან და უფროსისთვის უთხოვიათ, ცოტა ხანს წყალსაცავი გახსენითო…
იმ დღეს მართლა დიდებულად ვიქეიფეთ სათაფლიაზე. თამადად ცხონებული თემიკო ჩირგაძე გვყავდა. რომ ვუფიქრდები, რა ხალხი წავიდა, გული მიკვდება“.
სამწუხაროდ, ბატონი გურამიც დღეს უკვე იმ ხალხის გვერდითაა.
როგორ ჩაუშალეს ვასილ ჩხაიძეს ქორწილი
პიპინიას (ვასილ ჩხაიძე) ბათუმში გადაღებების დროს თურმე ერთი თვრამეტი წლის ბერძენი გოგო მოეწონა და ცოლად უნდა შევირთოო, გადამღებ ჯგუფს გამოუცხადა. გოგოც თანახმა იყო. გაგიჟდნენ, რას ლაპარაკობ, ეგ გოგო შვილიშვილად გეკუთვნისო, ეუბნებოდნენ, მაგრამ ვინ უჯერებდათ? რა მოხდა მერე, ცოტა ხანს ხომ ვიქნებით ერთადო? „ჩვენ გვეშინოდა, აქ არავინ დაგვიჭიროსო და რა ხერხს აღარ მივმართავდით, რომ გადაგვეფიქრებინა. როგორც იქნა, ჩავშალეთ ქორწილი, მაგრამ დიდი ნერვებს ფასად კი დაგვიჯდა ეს ყველაფერი…“ – ჩვეული იუმორით იხსენებდა „ლორთქია“ ვასილ ჩხაიძესთან დაკავშირებულ ამბებს, საკუთარ თავზე კი ამბობდა, რომ გადაღებების დროს, კვირაში ორჯერ თმას ინით უღებავდნენ. ფილმი შავ-თეთრი იყო და ოპერატორს არ უნდოდა, რომ კადრში ყველაფერი ჩაშავებულიყო. მას კი, ქუჩაში გამოსულს, ზოგჯერ ქუდი ავიწყდებოდა და რას აღარ ეძახდნენ… „ვარ, ბატონო, ვარ-მეთქი – და უკანმოუხედავად გავრბოდი… იცით, რა კარგია, ქუჩაში რომ გცნობენ?“
* * *
გურამ ლორთქიფანიძე აგულის როლს ბედის საჩუქარს ეძახდა. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ კი ქართველებისთვისაა დიდი საჩუქარი.
თამარ ოთიაშვილი
მსგავს თემაზე: გამოცხადებული გაფრენა ურმით – „შერეკილების“ ისტორიები
კომენტარები