სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ The Moscow Times-ი რუსულ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთში მედპერსონალი საავადმყოფოს ფანჯრიდან „გაურკვეველ ვითარებაში“ ვარდება. MT-ის ცნობით, წინა ორი ინციდენტი ექიმების გარდაცვალებით დასრულდა.
ექიმი ალექსანდრ შულეპოვი თავის ქალის მძიმე დაზიანებით კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ის იმ საავადმყოფოს მეორე სართულიდან გადავარდა, სადაც მას ახალ კორონავირუსზე უტარდებოდა მკურნალობა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Vesti Voronezh-ი ადგილობრივ კრიზისის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
37 წლის შუპელოვმა 22 აპრილს კოლეგასთან ერთად ვიდეო გადაიღო, სადაც წუხილს გამოთქვამდა, რომ საავადმყოფოს მთავარი ექიმი მას, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას აიძულებდა.
ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, სადაც შუპელოვი უარყოფდა თავის ნათქვამს და ამბობდა, რომ ვიდეო „ემოციურ“ ფონზე ჩაწერა.
მისი კოლეგის, ალექსანდრ კოსიაკინის, წინააღმდეგ კი, კორონავირუსის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების გამო საქმე აღიძრა. მუხლი, რომელიც კოსიაკინს წარუდგინეს, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ვორონეჟის რეგიონში, ორშაბათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 636 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. ეს რუსეთში აღრიცხული ყველა შემთხვევის 1%-ზე ნაკლებია.
tabula.ge
p. s. ამ დროისთვის რუსეთში დადასტურებულია SARS-CoV-2-ით ინფიცირების 145 268 შემთხვევა (გასულ 24 საათში 10581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა); გარდაცვლილია 1356 პაციენტი (+76), გამოჯანმრთელდა 18095 ადამიანი.
კომენტარები