კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ იტალიაში 200 ათასს გადააჭარბა
დღეს, 28 აპრილს საღამოს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ იტალიაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
ჩატარებული ტესტირებების შედეგად გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2091 ახალი შემთხვევა, შესაბამისად, მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 201505-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამეა აშშ-ის (1017155) და ესპანეთის (232128) შემდეგ.
ამ დროისთვის ქვეყანაში 105 205 აქტიური პაციენტია, 608-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (ორშაბათს კლება იყო 290, კვირას – 256).
გასულ 24 საათში კიდევ 382 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 27 359-ს მიაღწია. მათ შორის 152 ექიმია.
გასულ ერთ დღეში კიდევ 2317 ადამიანის გამოჯანმრთელების ფაქტი დაფიქსირდა და კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 68 941-მდე გაიზარდა.
სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის იტალიაში COVID-19-ით დაავადებული 1863 მძიმე პაციენტია, 93-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ, ასე რომ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობის კლების ტენდენცია გრძელდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები