იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე დღეს ინტერვიუ მისცა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს – BBC-ს, რომლის თარგმანსაც მცირედი შემოკლებით ქვემოთ გთავაზობთ.
ჯუზეპე კონტე: ექსპერტები ადასტურებენ, რომ მრუდი იწყებს შემცირებას და სტაბილიზირებას. ინფიცირების რაოდენობა მცირდება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, შევძლებთ გადავლახოთ ყველაზე უარესი ეტაპი. ჩვენ დაცვის ზომებს ვერ შევასუსტებთ, ჩვენ ვერ გადავალთ იზოლაციიდან ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციაზე. ჩვენ ამის ეტაპობრივად გაკეთება მოგვიწევს.
როდის დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება?
ამის გაკეთების დაწყებას ჩვენ ამ თვის ბოლოდან შევძლებთ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ იზოლაციის ზომების მიღება დააგვიანეთ, მაშინ როცა ლომბარდიის რეგიონის პოლიტიკოსები ამის გაკეთებას უფრო ადრე გირჩევდნენ?
ამ სამყაროში სრულყოფილება არ არსებობს. მე არ ვარ იმდენად ქედმაღალი, რომ ვთქვა, რომ იტალიის ხელისუფლება სრულყოფილია. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. კონსტიტუციური უფლებები მკაცრად რომ შეგვეზღუდა, ამისათვის ამ საკითხის ძალიან გულდასმით განხილვა გვესაჭიროებოდა. მე რომ კონსტიტუციური უფლებების მკაცრი შეზღუდვის მოთხოვნით იმ დროს გამოვსულიყავი, როცა ქვეყანაში ინფიცირების პირველი ნიშნები გამოჩნდა, შეშლილად ჩამთვლიდნენ.
25 თებერვალს თქვენ განაცხადეთ: „იტალია უსაფრთხო ქვეყანაა“. თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სამი დღის შემდეგ განაცხადა: „შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე თავად ვირუსი“. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ისეთ გამოთქმებს ხმარობდით, რომლითაც ახდენდით მდგომარეობის სიმწვავის ნიველირებას?
იტალია ყოველთვის დროულად იღებდა ძალიან ეფექტიან ზომებს.
იტალია ამჟამად ყოველდღიურად დაახლოებით ორჯერ უფრო მეტ ტესტირებას ახდენს, ვიდრე აშშ. რას ურჩევდით დიდ ბრიტანეთს ამ მიმართულებით?
რა თქმა უნდა, ტესტირებების ჩატარება უდავოდ ნიშნავს სიტუაციის უფრო მეტ კონტროლს.
ბოლო ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, იტალიის ეკონომიკის 11%-ით შემცირება არის მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ რიგითი იტალიელები შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ეს ეკონომიკის კოლაფსი ხომ არ იქნება?
რა თქმა უნდა, ჩვენთან ჯერ დაიწყო საგანგებო მდგომარეობა ჯანმრთელობის სფეროში, რომელიც მალე გადაიზარდა საგანგებო მდგომარეობაში ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში. ეს მდგომარეობა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროპის და მთელი მსოფლიოს ეკონომიკის სიმყარის გამოცდა. ამიტომ ეკონომიკური და სოციალური ზომების მიღება ევროპულ დონეზეა აუცილებელი.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროკავშირმა იტალიას ზურგი აქცია?
ევროპის არსებობის ისტორიაში ეს ძალიან რთული გამოწვევაა. ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკის წიგნებში ვწერდით გვერდებს, არამედ ისტორიის წიგნშიც. ეს ისტორიით დიდი იმედგაცრუებაა და ჩვენ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. ეჭვგარეშეა, რომ თუ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება საკმარისად ძლიერი და ერთიანი, თუ ევროპა ვერ მოახერხებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ყველაზე დიდი გამოწვევის დასაძლევად სათანადო მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გატარებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქეებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
თუ ევროკავშირი ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება, ის თავად ხომ არ დადგება არსებობის საფრთხის წინაშე?
არსებობს გარკვეული საფრთხე. თუ არ გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ახალი სიცოცხლე შთავბეროთ ევროპულ პროექტს, ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს.
იტალიის მიმართ თავის დახმარებას რუსეთი ხომ არ იყენებს, როგორც ბერკეტს იმისათვის, რომ იტალიამ სანქციები მოუხსნას?
ამგვარი ინსინუაცია დიდ შეურაცხყოფას მაყენებს. იტალიის ხელისუფლების შეურაცხყოფაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთის, ჩინეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან დახმარების მიღება გავლენას მოახდენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. ეს ასევე შეურაცხყოფაა ვლადიმირ პუტინის მიმართაც, რომელთანაც ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა და რომელსაც არც კი უფიქრია ასეთ რამეზე, როცა ჩვენს ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა. ასეთ რამეზე საუბარიც კი არ ყოფილა.
ამ ეპიდემიას რამდენიმე ათასი თქვენი თანამემამულე შეეწირა. მაინტერესებს, როცა სამუშაო დღის ბოლოს სახლში ბრუნდებით და საკუთარ თავთან მარტო რჩებით, რას ფიქრობთ არსებულ მდგომარეობაზე?
მე განვიცდი დიდ ტკივილს იმ განსაცდელის გამო, რომლის გავლაც იტალიელ ხალხს მოუწია. ეს ტკივილი ყოველთვის ჩემთან არის, ვინაიდან ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი დაზარალდა. ამ რიცხვების უკან კონკრეტული სახელები და გვარებია, სიყვარულის ისტორიები, დაზარალებული ოჯახების ისტორიები; მთელი იტალიელი ერი იტანჯება, რაც მე ღრმა წუხილს მგვრის.
ინგლისურიდან თარგმნა კობა ჯანიაშვილმა
ინტერვიუს შეგიძლიათ მოუსმინოთ „ბიბისის“ პორტალზე: www.bbc.com
კომენტარები