ლომბარდიაში პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა
„მზის სხივი“, „სიცოცხლის იმედი“ - ასე შეაფასა ეს ფაქტი ასესორმა ჯულიო გალერამ
პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა დღეს ლომბარდიის ქალაქ კრემონაში სპეციალურად კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის და პირველი ავადმყოფიც მიიღო ინტენსიური თერაპიის პალატაში. ამის შესახებ Ansa წერს.
ჰოსპიტალი რეკორდულ დროში – 36 საათში აიგო კრემონის საავადმყოფოსთან ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის Samaritan’s Pursue-ს სრული მხარდაჭერით, როგორც ორგანიზაციის ექიმების, ისე მოწყობილობების მხრივ.
საველე ჰოსპიტალში 15 პალატაა და 60 საწოლი შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის, 8 საწოლი კი – რეანიმაციაში, არის ანალიზის ლაბორატორია, რენტგენის კაბინეტი, აფთიაქი და ყველა საჭირო მომსახურება. რამდენიმე დღეში ჰოსპიტალი სრული დატვირთვით ამუშავდება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად რაიონში, რომელიც კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია.
ეს არის „მზის სხივი“, „სიცოცხლის იმედი“ ამ რთულ სიტუაციაში – ასე შეაფასა ფაქტი ლომბარდიის სოციალური უზრუნველყოფის საკითხების მრჩეველმა (assessore al Welfare) ჯულიო გალერამ ჰოსპიტალის გახსნისას.
კოდონიოში პირველი პაციენტის გამოვლენიდან ერთ თვეში კრემონის საავადმყოფოს უკვე აღარ აქვს რესურსი, აღარ არის საწოლები, რადგან ზოგჯერ ექიმებს დღეში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა 50-მდე ახალი პაციენტისთვის უწევთ, მათ შორის, კორონავირუსით დაავადებულთათვის.
საველე ჰოსპიტალი 3 თვე იმუშავებს (თუ გახანგრძლივების საჭიროება არ დადგა), შემდეგ კი დანადგარები და აპარატურა ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოს საჩუქრად გადაეცემა.
გალერას თქმით, ბერგამოში მიდის მუშაობა 200-ადგილიანი საველე ჰოსპიტალის მშენებლობისთვის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხოლო კრემაში კი საველე ჰოსპიტალი ორშაბათს გაიხსნება.
როგორც ცნობილია, დღეს ნაშუადღევს პატარა ქალაქ კრემაში (კრემონის პროვინცია, ლომბარდია) ჩავა კუბელ ექიმთა 65-კაციანი ჯგუფი, გამოცდილი ინფექციონისტები, რომლებმაც დიდი გამოცდილება შეიძინეს, აგრეთვე, ებოლასთან ბრძოლაში. ამის შესახებ ჯულიო გალერამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პატარა ქალაქი კრემა კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ დაზარალებულია იტალიაში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები