კორონავირუსის ეპიდემია იტალიაში ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში უპრეცედენტო საგანგებო სიტუაციაა, მაგრამ ვირუსის გავრცელების პიკი, მეცნიერთა აზრით, ჯერ არ დამდგარა, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
„ეს მსხვერპლის გაღების და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების დროა. თავიდანვე მე ერთიანობის სულისკვეთებით ვმუშაობდი და ყურადღების ცენტრში დავაყენე ჯანმრთელობა, რითაც აიხსნება მოქალაქეთა 62%-ის მხარდაჭერა. ჩვენ საქმე გვაქვს საგანგებო სიტუაციასთან, რომლის მსგავსი არასდროს გვინახავს ომისშემდგომი დროიდან დღემდე“, – ამბობს ჯუზეპე კონტე ინტერვიუში, რომელიც მილანის გაზეთმა Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა.
„თუ გავაგრძელებთ სახლში დარჩენას და თავს ავარიდებთ სახიფათო კონტაქტებს, უფრო ეფექტიანად შევაჩერებთ ვირუსს. მეცნიერები გვეუბნებიან, რომ პიკი ჯერ არ დამდგარა, ეს ყველაზე სახიფათო კვირებია და აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე. სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ. ეს ბოლო ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გამარჯვებისთვის საჭიროა 60 მილიონი იტალიელის პასუხისმგებლობა და წვლილი“, – ხაზი გაუსვა კონტემ.
კითხვაზე კორონავირუსით ინფიცირების ფონზე სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაავადებასთან ბრძოლის ახალი შესაძლო ზომების მისაღებად უნდა დაველოდოთ შედეგებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვება.
„უნდა მოვიცადოთ რამდენიმე კვირა, რათა შევამოწმოთ, რა შედეგები მოგვიტანა ჩვენმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის მითითებით მივიღეთ. ამას გარდა, ახალი აკრძალვები საჭირო არ არის, ახლა მნიშვნელოვანია სკრუპულოზურად შევასრულოთ უკვე არსებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე სიტყვებით, ხელისუფლება ისწრაფვის მაქსიმალურად შეანელოს ვირუსის გავრცელება, რთა საშუალება ჰქონდეს, ეფექტიანად გადაჭრას წამოჭრილი პრობლემები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„ძირითადი მომსახურებები შენარჩუნდება. სუპერმარკეტები, აფთიაქები, საავადმყოფოები მომარაგდება, იმიტომ რომ არსებობს სამრეწველო სისტემა, რომელიც მუშაობს უდიდესი პასუხისმგებლობით, რათა ქვეყანა არ გაჩერდეს. იტალიას აქვს ჯერაც უცნობი შესაძლებლობები, ის მოქმედებს გაბედულად, ხოლო სხვა ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი და საფრანგეთი, ჩვენს მაგალითს მიჰყვებიან“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კონტემ აღიარა, რომ ეპიდემიის გამო ეროვნული ბიზნესისთვის მიყენებული ზარალი ძალიან სერიოზული იქნება და ქვეყანას მოუწევს ეკონომიკის აღდგენაზე მუშაობა.
„დანაკარგები სერიოზული იქნება. მოგვიწევს მივიღოთ „აღდგენის“ ნამდვილი გეგმა. საფინანსო გვარდია სასტიკად იბრძოლებს იმათი სპეკულაციური ქმედებების წინააღმდეგ, ვინც არასაბაზრო ფასებს აწესებს, ან მდიდრდება პირველადი აუცილებლობის საგნების წარმოებაზე უპირატესობებით. კორონავირუსის შემდეგ არაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვაჭრობისა და თავისუფალი ბაზრის წესების ახალი ფორმულირებები შევიმუშაოთ“, – განაცხადა მან.
კორონავირუსის ეპიდემიასთნ ბრძოლაში ევროკავშირის როლზე საუბრისას კონტემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოცხადებული სამედიცინო და ეკონომიკური დახმარების პირველი ზომები, მისი წარმოდგენით, „ეფექტიანი და კონკრეტულია“. კერძოდ, მან მაგალითად მოიყვანა გადაწყვეტილება სამედიცინო-სანიტარიული მასალების თავისუფალი ბაზრისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ.
„აუცილებელია ევროპული კოორდინაცია სანიტარიული და ეკონომიკური წესრიგის ზომებისთვის. დადგა თამამი გადაწყვეტილებების დრო და იტალიას შეუძლია არსებითი წვლილი შეიტანოს, როგორც ქვეყანამ, რომელიც ევროპაში პირველი შეეჯახა ვირუსის ასე ფართოდ გავრცელებას“.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიაში ინფიცირების 28000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 2158 ადამიანი.
მთელი იტალია „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული და 10 მარტიდან მოქმედებს მთავრობის დეკრეტი „მე ვრჩები სახლში“. მთავრობა კიდევ ერთ დეკრეტზე მუშაობს, რომელსაც ჰქვია „იტალიის განკურნება“ (cura-Italia). მისი ბიუჯეტი 25 მილიარდი ევროა, რითაც მთავრობა აპირებს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ზომა მიიღოს.
ახალი დეკრეტი 350 ღონისძიებას მოიცავს ექიმების, ჯანდაცვის და სხვადასხვა სფეროს მუშაკების, ოჯახებისა და საწარმოების დასახმარებლად.
მძლავრი დეკრეტი – ‘Manovra poderosa’ – ასე უწოდა მას იტალიის პრემიერმა.
„სახელმწიფო არსებობს და თავის მოქალაქეებს არ მიატოვებს, არავინ უნდა იგრძნოს თავი მიტოვებულად“, – განაცხადა კონტემ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები