ხელოვნებასაქართველო

ფიროსმანის ტილო „სააღდგომო ბატკანი“, მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა

გენიალური ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტილო „სააღდგომო ბატკანი“, მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ.

ფიროსმანის ტილო, რომელიც 2011 წელს დამიან ალანიას ჩამოართვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს, კვლავ ალანიას ოჯახს დაუბრუნდა.

საქმის მასალების თანახმად, 2009 წელს მოსაარჩელე დამიან ადამიას მამამ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნიკო ფიროსმანაშვილის ტილოს – „სააღდგომო ბატკნის“ ნამდვილობის დადასტურების თხოვნით მიმართა. სამინისტროში მიტანილ ნიმუშს თან ახლდა ანტიკვარული სალონის დირექტორის, მზია შალვაშვილის მიერ გაცემული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2010 წელს ოჯახმა სამინისტროსგან მიიღო პასუხი მაშინდელი მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „სააღდგომო ბატკანი“ არ იყო ფიროსმანის შემოქმედების ნაწილი. ამასთან დაკავშირებით მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოსარჩელის მამისა და ანტიკვარული სალონის დირექტორის, მზია შალვაშვილის წინააღმდეგ მუხლით – „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“.

ამასთან, საქმეში, სისხლის სამართლის ექსპერტიზის თანახმად, აღნიშნული იყო, რომ სურათი სავარაუდოდ, იყო ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში. შედეგად, სასამართლომ შალვაშვილს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ნახატი კი უსასყიდლოდ გადასცა ეროვნულ მუზეუმს მფლობელობაში.

2018 წელს შალვაშვილის საქმე გადაიხედა და ოქტომბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ანტიკვარული სალონის დირექტორის უდანაშაულობის შესახებ დადგენილება გამოსცა. რაც შეეხება ალანიას, პროკურატურამ დაადგინა, რომ ნახატი მას კანონიერად ეკუთვნოდა. ამგვარად, სურათზე საკუთრების უფლების საკითხი მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდა.

საინტერესოა, რომ კოლეგიის განცხადებაში არ არის დაზუსტებული, ფიროსმანის კონკრეტულად რომელ ნახატზეა საუბარი – ფიროსმანს დახატული აქვს არანაკლებ ხუთი ტილო სახელწოდებით „სააღდგომო ბატკანი“. ამჟამად ერთ-ერთი მათგანი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ფიროსმანის დარბაზშია გამოფენილი.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close