„რამაზი – კავკასიის მეფე“
„ყველა როლი, იქნება ეს კინოსა თუ თეატრში, იძერწება შემდეგი ცნებებისგან: შენი გული, შენი ნერვები, ტკივილი, გამოცდილება და შეცდომები. ეს ყველაფერი ქმნის ერთ მთლიან სახეს, რომელმაც მერე აუცილებლად უნდა პოვოს გამოძახილი“ – ასეთი იყო რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებისეული კრედო, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
პაპა აღიარებული ფოლკლორისტი ჰყავდა, მამა – ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი კონსერვატორიაში, დედა – პროფესიონალი მომღერალი; თავადაც კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა და მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილი ახალი მოცარტი გაიზრდებოდა…
ვიდრე თეატრს ნახავდა, მტვირთავობა უნდოდა, სადგურის „ნასილშჩიკები“ მოსწონდა ძალიან, აიკიდებდა ბარგს და დადიოდა ბედნიერად (ომის წლები სოფელ წევაში, ბებიასთან გაატარა, მას ეხმარებოდა). თეატრი ნახა და აღარაფერი აღარ უნდოდა, დაკვრასაც კი თავი მიანება, მხოლოდ არტისტობაზე ოცნებობდა… რომ არა ეს ასრულებული ოცნება, შესაძლოა არ შექმნილიყო ისეთი სახე-შედევრები, როგორიცაა: ლეანდრო „ესპანელ მღვდელში“, ქოსიკო – „ჭინჭრაქაში“, კირილე – „სამანიშვილის დედინაცვალში“, ყვარყვარე – „ყვარყვარეში“, აზდაკი – „კავკასიურ ცარცის წრეში“, რიჩარდი – „რიჩარდ III-ში“, ლირი – „მეფე ლირში“ და ასე შემდეგ…
მსახიობს როლები არც კინოში აკლდა. პირველი კინოროლი შეასრულა რეჟისორ დავით რონდელის ფილმში „მწვერვალთა დამპყრობნი“ – ერთ-ერთი მომხსენებლის როლს თამაშობდა. შემდეგ იყო შოთას როლი „ჭრიჭინაში“, მერე „ეთერის სიმღერა“ (ვანო), „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „თხუნელა“, „ლონდრე“, „ვედრება“, „ნატვრის ხე“, „ქალაქი ანარა“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ნერგები“, „თბილისი, პარიზი, თბილისი“, „მიდიოდა მატარებელი“… სულ ასამდე ფილმი დაამშვენა მისმა იმპროვიზაციამ და საოცარი გარდასახვის უნარმა. ბოლო კინოროლი რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ქართულ-რუსულ-ჰოლანდიურ-იტალიურ-ფინურ ფილმში – „მეტეოიდიოტში“ ითამაშა. მიუხედავად ავადმყოფობისა, ნიკალას როლისთვისაც ემზადებოდა. პროექტი ჰოლივუდში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ…
ერთ-ერთ ინეტრვიუში მსახიობი თავადვე ამბობდა: „მე ბედნიერი კაცი ვარ. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ თეატრში სულ მუდამ მაძლევდნენ და მაძლევენ როლებს, კინოშიც ყოველთვის მქონდა სამუშაო. ტელევიზია რომ შეიქმნა, სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე, ის სპექტაკლები, სადაც ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო. ჯერ მიშა თუმანიშვილის, მერე – რობიკოს დროს. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი შეიძლება რომ ნაწყენი იყოს კიდე რამეზე?! ხშირად მეკითხებიან, არის რაიმე როლი, რომელიც გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ, რომ არ ითამაშეთ? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდევ როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის..“…
რამაზ ჩხიკვაძეს გული მხოლოდ ერთ რამეზე სწყდებოდა: „ისე როგორ უნდა მოვკვდე, არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა. ნორმალური ჯამაგირი მაინც ხომ უნდა იყოს, კაცო…“
რამაზ ჩხიკვაძე დიდ ბრიტანეთში „ქართველ ლოურენს ოლივიედ“ მონათლეს, მექსიკაში „მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი“ უწოდეს, შოტლანდიის უპირველესმა გაზეთმა „ობსერვერმა“ კი რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გასტროლის დროს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რამაზი – კავკასიის მეფე“. მსოფლიომ იგი შექსპირისეული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებად აღიარა. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე ყველა დროის „რიჩარდების“ ათეულშია შესული.
რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში 1951 წლიდან მუშაობდა, 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1972 წელს – სახალხო არტისტის, 1981 წელს კი – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. იყო არაერთი პრიზისა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის 1973 წელს მოსკოვის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე მიღებული აქვს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ნერგები“. 1997 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2006 წლის 28 თებერვალს კი რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დღეს „რუსთაველელებმა“ ექვსას მეცხრეჯერ (609) ითამაშეს რობეტ სტურუას სპექტაკლი-ლეგენდა „კავკასიური ცარცის წრე“.
83 წლის ასაკში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა: „დავბერდი! არ გჯერათ?… ისევ კარგად ვთამაშობ? აბა, ახლა მე მკითხეთ… ავად ვარ, ჯანი აღარ მაქვს, ფეხები მტკივა, გულიც მაწუხებს. მძიმე ოპერაცია გავიკეთე, ნაწლავის კიბო მქონდა… ეს პრაღაში ექიმმა მომახალა, არ შემშინებია… ისღა ვთხოვე, გარეთ ცოლი დგას და არ გაუმხილოთ, უთხარით, რომ ოპერაცია მჭირდება-მეთქი. როგორც ჩანს, ექიმმა ვერ გაიგო და ნატაშამ რომ შემოიხედა, მასაც უთხრა…
.„კავკასიურ ცარცის წრეში“ ცუდად გავხდი. თავს ძალა დავატანე და ძლივს ვითამაშე. თანდათან ვუძლურდები… არტისტი ძუნწია, თეატრს თავს ისე არ მიანებებს, გული არ დასწყდეს… მაგრამ, რომ არ შეგიძლია?!“
რამაზ ჩხიკვაძე 2011 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა და მისი წასვლით რუსთაველის თეატრში ერთი ეპოქა დასრულდა.
მართლაც, რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძემ მთელი ეპოქა შექმნა, თაობებს სახსოვრად დაუტოვა ბრწყინვალე როლები და საკუთარი თავი უკვდავყო.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები