წელს გრიპის ვირუსი გაძლიერდა – 53 ლეტალური შემთხვევა საბერძნეთში
რა არის ამის მიზეზი და რას გვირჩევენ სპეციალისტები?
წელს გრიპის ვირუსი „უფრო ძლიერი“ გახდა და ადამიანები იმსხვერპლა – განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები. რას ამბობენ ამაზე სპეციალისტები და რა უნდა გავითვალისწინოთ, რას მივაქციოთ ყურადღება?
რეკომენდაციები გამოცემა „სპუტნიკმა“ გამოაქვეყნა.
ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის (Εθνικού Οργανισμού Δημόσιας Υγείας/ΕΟΔΥ) ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, ბოლო 15 კვირის განმავლობაში გრიპისგან გამოწვეული გართულებების გამო საბერძნეთში 53 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტთა აზრით, მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი მიმდინარე წელს გრიპის ვირუსის მუტაციაა, რის შედეგადაც ის უფრო ძლიერი გახდა და ვაქცინა ვეღარ უმკლავდება. „შეაძლოა წელს გრიპის ვირუსის გენეტიკური მასალა შეიცვალა, – ამბობს ანასტასიოს ვატიოტისი, ექიმი-თერაპევტი, – მუტაციამ კი, როგორც ჩანს, ის ვაქცინაზე ძლიერი გახადა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აცრაზე უარი უნდა ვთქვათ“.
53 გარდაცვლილიდან 39 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ΜΕΘ) იყო მოთავსებული, 14 – სახლის პირობებში მკურნალობდა. გარდაცვლილთაგან 28 კაცია, 25 კი – ქალი, მათი ასაკი 4-იდან 91 წლამდეა. EODY-ის მონაცემებით, მთლიანობაში საბერძნეთში დარეგისტრირებულია გრიპის სერიოზული გართულებების 187 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, მათგან 169 პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს; ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდა მხოლოდ 70 პაციენტს (37,4%), ამიტომ ექიმ ვატიოტისს მიაჩნია, რომ მოწყვლადი ჯგუფები, თუნდაც აცრილები იყვნენ, მაინც ძალიან უნდა გაფრთხილდნენ.
ფოტის პაცურაკოსი, ათენის მედიკოსთა ასოციაცის პრეზიდენტი, გამოცემა „სპუტნიკთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გრიპის გავრცელებისას მედიცინის სამყარო „ბოლომდე შეიარაღებული“ უნდა იყოს.
„დაავადების პირველი შემთხვევა ავსტრალიიდან მოვიდა. წელს გრიპი გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. ეს იმით აიხსნება, რომ გრიპის ვირუსის შტამები ყოველ წელს უფრო მდგრადები ხდებიან ვაქცინის მიმართ. ვირუსი უფრო გაძლიერდა… ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ჩვეულებრივი ვაქცინაციის ფარგლებს სცდება. აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილის ზომები, მათ შორის, ვიზრუნოთ ხელების სისუფთავეზე“, – ამბობს ექიმი.
როგორ უნდა განვასხვაოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან?
„გრიპის დროს ტემპერატურა უცბად იწევს მაღლა, იგრძნობა ძვლების და კუნთების ტკივილი, აგრეთვე, ხშირად – თავის ტკივილი. გაციებას ცოტა სხვა სიმპტომები აქვს – სურდო და არც ისე მაღალი ტემპერატურა, – ამბობს ექიმი ვატიოტისი. – როგორც დაავადება, გრიპი სასიკვდილო არ არის, თუმცა მისი გართულებები შეიძლება ფატალურად დასრულდეს, განსაკუთრებით ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, იქნება ეს კარდიოლოგიური, ნეფროლოგიური, რესპირატორული, იმუნოლოგიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი თუ სხვ. დასვენება და სწორი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების პროფილაქტიკაში“. მისივე თქმით, აუცილებელია სრულფასოვანი კვება და ვიტამინებით მდიდარი რაციონი.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები