ფსიქოლოგიარჩევები

„გადადებული ცხოვრების სინდრომი“, ანუ რას ელოდები იმისთვის, რომ ცხოვრება დაიწყო?

არსებობს სხვადასხვა ტიპის ლოდინი, ეს შეიძლება იყოს მცირე მასშტაბის, როგორიცაა რიგში დგომა, საცობში, ტრანსპორტის ლოდინი, ვინმეს მოსვლის მოლოდინი, შეხვედრის ან სამუშაო დღის დასრულების მოლოდინი, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მოლოდინი, უფრო მასშტაბური. თქვენ ელოდებით მომდევნო ხელფასს, კარიერულ წინსვლას, შვებულებას, უკეთეს სამსახურს, რომ ახალი ავტომობილი, ბინა შეიძინოთ, ელოდებით, როდის შეხვდებით თქვენს სიყვარულს, როდის გახვალთ პენსიაზე, როდის გაიზრდებიან ბავშვები

დღეს მსურს ვისაუბრო სტრატეგიებზე, რომელთაც ჩვენი გონება იყენებს, რათა აწმყოს გაექცეს. ახლავე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი გონება ჩვენი მტერი არ არის, არამედ ჩვენი საუკეთესო მეგობარია და გულწრფელად ცდილობს, დაგვეხმაროს. ამ სტრატეგიებით ბუნებამ დაგვაჯილდოვა და ისინი გადარჩენის ევოლუციური მექანიზმის ნაწილია, თუმცა დღეს ძალიან გვაღარიბებს.

ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია არის „გადადებული (გადავადებული) ცხოვრების სინდრომი“. მას ყველანი კარგად ვიცნობთ, ამა თუ იმ ხარისხით.

ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ელით ბედნიერებას ან თვითრეალიზაციის შეგრძნებას მომავალში წარმოსახვითი წერტილის პროეცირებით, რომელიც ახლანდელი მომენტიდან საკმაოდაა დაშორებული. „როდესაც რამეს მივიღებ ან რამისგან გავთავისუფლდები, მაშინ ვიქნები ნამდვილად ბედნიერი“. ეს გონების ქვეცნობიერი განწყობაა, რომელიც მომავალში გადარჩენის (უკეთ ყოფნის) ილუზიას ქმნის (პრინციპი – „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია“). ეს გიბიძგებთ, თქვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოლოდინში გაატაროთ.

რას ელით? თქვენი ცხოვრების რ ნაწილს ხარჯავთ ლოდინში?

ელით, რომ თქვენი ცხოვრება, ჰა და ჰა, დაიწყება. ამ დროს კი წლები მიქრიან და თქვენი ყურადღება კი ისევ მომავლისკენ არის მიმართული. ფიქრობთ, რომ მოვა დრო… დრო კი მხოლოდ მიდის. ამ რეჟიმში დღეები, თვეები და წლებიც კი შეუმჩნევლად გველევა ხელში. ზოგჯერ შეიძლება გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაიღვიძოთ, გაიღვიძოთ და მიხვდეთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხელში მხოლოდ ცხოვრებაზე ფიქრი შეგრჩათ, ოცნება იმაზე, თუ როგორ უნდა გეცხოვრათ.

თუ ცხოვრების ბოლოს ადამიანების უმეტესობას ჰკითხავთ, რას ნანობენ, იცით, რას უპასუხებენ? ისინი უპასუხებენ, რომ ნანობენ, რომ არ იცხოვრეს. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ იმით, რაც გაქვთ და არ გაქვთ სრულფასოვანი „ახლა“, მაშინ საიდან მოვა სრულფასოვანი „ხვალ“? თუ ახლა თქვენს ცხოვრებაში მშვიდობა არ არის, მაშინ რა ჯადოსნობა შეცვლის თქვენს მომავალს და რატომ არ იქნება ის ისეთივე შფოთითა და სტრესით სავსე, როგორიც ახლაა? რაც ახლაა, ის იქნება შემდეგაც.

მაგრამ მოლოდინი მხოლოდ მენტალური დამოკიდებულებაა, თქვენი გონების მდგომარეობაა. ის გიბიძგებთ, მთელი თქვენი ყურადღება მომავლისკენ მიმართოთ. გიბიძგებთ, უარყოთ, რაც გაქვთ და ისურვოთ ის, რაც არ გაქვთ. ეს დამოკიდებულება ქმნის შინაგან კონფლიქტს თქვენს აწმყოსა და თქვენ მიერ გამოგონილ მომავალს შორის, რომელშიც გინდათ, რომ აღმოჩნდეთ. ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენი ცხოვრების ხარისხს, აღარიბებს თქვენს აწმყოს. ადარებთ იმას, რაც გაქვთ, თქვენს მიერვე გამოგონილ ან საზოგადოების მიერ დაწესებულ რეალობის იდეალურ მოდელს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი არასდროს დაემთხვევიან ერთმანეთს. ეს ციკლური პროცესია, გონების ხაფანგი, უბრალოდ, ილუზია, რის გამოც რეალობა თქვენში სიხარულს აღარ იწვევს.

ცუდი არაფერია იმაში, რომ თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მიისწრაფოდეთ. მიზნების დასახვა და მათი მიღწევა ჩვენი გონების ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც, უბრალოდ, ვერ იარსებებს მიზნის გარეშე. უფრო მეტიც, მიზნის არსებობა ჩვენი განვითარების წინაპირობაა, რადგან მიზანი განსაზღვრავს ჩვენი მოძრაობის ვექტორს და წითელ ხაზად გასდევს ჩვენს ყველა მოქმედებას. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ეს მიზანი, რომელიც მომავალზეა პროეცირებული, ჩრდილავს და აუფასურებს ჩვენს აწმყოს. მომავლისადმი გადაჭარბებული სწრაფვა არ გვაძლევს საშუალებას, დავაფასოთ ის, რაც ახლა გვაქვს.

გახსოვდეთ, მოლოდინი მხოლოდ თქვენი გონების მდგომარეობაა. თუ უკმაყოფილო ხართ იმით, რომ დღეს რაიმეს ნაკლებობას განიცდით, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს საკმარისი მოტივაცია, რომ წარმატებული და მდიდარი გახდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, თუ მოახერხებთ ამის მიღწევას, გულის სიღრმეში მაინც იგრძნობთ, რომ ეს საკმარისი არ არის. დაგრჩებათ იმის შეგრძნება, რომ საკუთარი თავის რეალიზება სრულად მაინც ვერ მოახერხეთ და ისევ – მოლოდინის რეჟიმი.

რა თქმა უნდა, ფულით შეგიძლიათ უამრავი სურვილი დაიკმაყოფილოთ, მაგრამ ეს სურვილები მოდიან და მიდიან, შინაგანი უკმარისობის განცდა და თვითრეალიზაციის მოთხოვნილება კი ისევაა. მთელი სისრულით ვერ შეძლებთ შეიგრძნოთ სიცოცხლე, ის, რაც ახლა ხდება, თუ ყურადღების ცენტრში მომავლის რომელიღაც წერტილი იდგება.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ „გადადებული ცხოვრებით“ ვცხოვრობთ?

რა თქმა უნდა, არა! მიზნის მისაღწევად და ამის გულისთვის რაღაცის გაწირვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს „გადადებული ცხოვრების სინდრომს“. განმსაზღვრელი მომენტი ისაა, თუ თავად ადამიანი როგორ აღიქვამს თავის ცხოვრებას აქ და ახლა. ფიქრობს, რომ მისი ამჟამინდელი ცხოვრება მოსამზადებელი ეტაპია, „სამუშაო ვერსია“? ხოლო „რეალური“ დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მიზანს მიაღწევს? უფრო მეტიც, „მოსამზადებელი პერიოდი“ შეიძლება 10, 20, და 30 წელს გაგრძელდეს. და მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანი საკუთარ მოთხოვნილებებს ჩქმალავს, ავიწროებს. შეიძლება, მაგალითად, არ შექმნას ოჯახი, არ დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები, არ მისცეს თავს სრულფასოვანი დასვენების ან საცხოვრებლის მოწყობის უფლება.

ტერმინი „გადადებული ცხოვრება“ ფსიქოლოგ ვლადიმირ სერკინს ეკუთვნის, რომელმაც კვლევა ჩაატარა ჩრდილოეთში მომუშავე ადამიანებს შორის. მათ უმეტესობას სჯერა, რომ ისინი ნამდვილ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ დაიწყებენ, როდესაც უამრავ ფულს იშოვიან და, როგორც ამბობენ, „მატერიკზე“ გადავლენ. ამას ზოგჯერ ათწლეულები სჭირდება. და მაშინაც კი, თუ მიზანი საბოლოოდ განხორციელდა (რაც ყოველთვის ასე არ ხდება) და ისინი ყიდულობენ სახლს სამხრეთში, მაინც იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდებიან. ისინი მოულოდნელად ხვდებიან, რომ სიცოცხლის უზარმაზარი მონაკვეთი უკან დარჩა, რომ მთელი ძალით ვერ იცხოვრეს, პირველ რიგში – ემოციურად. ეს ნამდვილ ტანჯვას იწვევს.

შესაძლებელია თუ არა ლოდინზე უარის თქმა?

დაიმახსოვრეთ: სანამ ობიექტურად არ შეაფასებთ იმას, რაც ახლა გაქვთ, ვერასოდეს დააფასებთ იმას, რაც თქვენს თავს მომავლის იმ წერტილში მოხდება. რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენი უკმაყოფილება აწმყოთი მხოლოდ გაიზრდება.

კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენ კიდევ შეგიძლიათ ისწავლოთ იმ ცხოვრების უფრო მეტად დაფასება, რომელიც დღეს გაქვთ. აიღეთ მეტი აწმყოსგან, დღეს მიიღეთ უფრო მკაფიო შთაბეჭდილებები, შეამჩნიეთ გარშემო სამყაროს ფერები, საჭმლის გემო და სუნი…

როდესაც სიხარულს გრძნობთ იმის გამო, რომ ცხოვრებთ აქ და ახლა, არ გჭირდებათ რამის მოლოდინი, უბრალოდ, აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ (ხართ ის, ვინც ხართ). კვლავ შეგიძლიათ დაისახოთ და მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და, ამავდროულად, არ დაკარგოთ დღევანდელი დღით გახარების უნარი. ცხოვრება ხომ ისაა, რაც ახლა ხდება, სანამ ჩვენ მომავალს ვგეგმავთ.

ანდრეი კოვეშნიკოვი, კოგნიტიური თერაპიის მწვრთნელი

თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

წყარო: http://betteryou.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close