დღის თემაისტორიასაზოგადოებასაქართველო

ასე ილოცებოდნენ საახალწლოდ საქართველოში

იცოცხლეთ, იბედნიერეთ მრავალჟამიერ!

„ძვირფასო მეგობრებო, ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით მოგესალმებით და მოგილოცავთ ახალ, 1978 წელს. თუკი რამე კარგი არსებობს ამქვეყნად, რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს, ჩვენ, ხელოვნების მუშაკები გისურვებთ თქვენ, ჩვენო კარგო მაყურებლებო და მსმენელებო, აგისრულდეთ, დაგებედოთ!

ეს დღე ალბათ ის ერთადერთი დღეა მთელი ამ გრძელი წლის დღეთა შორის, როდესაც ადამიანი, უფრო სწორად, ადამიანები თავიანთ უარყოფით თვისებებს ერთმანეთს არ შეახსენებენ ხოლმე. დღევანდელ დღეს მხოლოდ სიკეთესა და სიხარულს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე ლაპაკობენ ნორმალური ადამიანები. ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენი ხელოვნების მუშაკთა საქმე ძალიან ცუდად იქნებოდა. ალბათ რამდენი რამა გაქვთ სათქმელი და სათქმელი კი არა, სასაყვედურო თქვენ, მაყურებლებსა და მსმენელებს ჩვენთვის, ჩვენ მიმართ, ჩვენი მისამართით…

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო! იცოცხლეთ, იბედნიერეთ, მრავლაჟამიერ!

ეროსი მანჯგალაძე

1977 წლის 30 დეკემბერი

 

იცოცხლე მუდამ, ჩემო სამშობლო!“

ვულოცავ ჩემს ხალხს ბედნიერ ახალ წელს! ათასეული წლები გიცოცხლია და იცოცხლე მუდამ, ჩემო სამშობლო, შენი სიცოცხლე დაუშრეტელ წყაროდ სჩქეფდეს.

აშენდი, გამრავლდი, დატკბი სიცოცხლით! გაუმარჯოს შენს დალოცვილ ფესვებს, შენს შრომას, შენს შემოქმედებას.

პირველი სადღეგრძელო შენ გეკუთვნის, მრავალი ახალი წელი გაგთენებოდეს! დაე, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი, ბედნიერი.

მხურვალე მზემ არ მოგაკლოს თავისი სითბო, არ მოაკლდეს მხიარული ჟრიამული ჩვენს ლამაზ ქუჩებს. ჩვენი ხელოვნება უფრო გაბრწყინდეს. ქართულმა თეატრმა კვლავ გაახაროს ჩვენი ხალხი.

სიცოცხლეს, ბედნიერებას, სიხარულს ვუსურვებ ყველას, ყველას…

ვერიკო ანჯაფარიძე

1964 წლის 31 დეკემბერი

 

„აღარ იყოს არაშენდა, სულ აშენდა ყოფილიყოს!“

ჩემო სამშობლო, ქართველო ხალხო, გილოცავთ ახალ წელს!

სავსე ხონჩითა და სავსე ჯამით ვსვამ შენი ახალი შრომითი გამარჯვების სადღეგრძელოს. გილოცავ ახალ დაჯილდოებას, შენი შემოქმედებითი შრომის საქვეყნოდ აღიარებას, შენი სახელის გარეთ გასვლას, ახალი ნაბიჯის შედგმას მომავალში და გისურვებ მომავალ წელსაც სახელისთვის კიდევ მიგემატებინოს ახალი სახელი.

ჩემო ტკბილო სამშობლო: ქართლ-კახეთო, იმერეთო, გურია, სამეგრელო, აჭარავ, რაჭა, სვანეთო, ლეჩხუმო, ხევო, ფშავ-ხევსურეთო, თუშეთო, მოგილოცავთ ახალ წელს, ახალ დიდებას, ახალ სიცოცხლეს, მაჯის სიმაგრეს, სულის სიმტკიცეს გისურვებთ, გიმრავლოს აკვნის ფიცრები, გიცოცხლოს თვალგიშერა, იისთვალება ქალიშვილები, ნარჩევი ლამაზები, თვალცეცხლა, ტალიკი ბიჭები გიმრავლოს და გიბედნიეროს.

გიცოცხლოს ფუძე და კერა, ადგილის დედა, ტკბილქართული დედაენა, შუქის კაცები, ჯაფის კაცები, შემოქმედნი გულისა, გონებისა, შრომისა, გიმრავლოს ხელხვავიანი შრომის გორები და გმირებიც ვაჟკაცობისა, გიცოცხლოს მეკვლე, მეჭაშნიკე, მახარობელი, მოერთჯამე, ძმა და მეგობარი, მეუღლე სიყვარულისა.

ქართველო ხალხო! აღარ გენახოს ყამირი, ტრამალი, ნაბაღარი, ნავენახარი, აღარ იყოს არაშენდა, სულ აშენდა ყოფილიყოს! მრავალი გქონდეს სახვნელი, სამკალი, გასალეწი, დასაკრეფი, დასარგავი, გიმრავლოს ზვრები, ხოდაბუნები, წალკოტები, ბაღნარები, სიუხვე არ მოჰკლებოდეს შენს მაღაროებს, მადნებს, კიდევ მეტი გასარწყავდეს ურწყული და უდაბური ადგილები. მეტი დაგედგას ბარაქის ხვავები, ზვინები, წითელი მაჭრით იმღერონ მარნებში ღარებმა.

გიორგი ლეონიძე

1977 წლის 30 დეკემბერი

 

„მაშ, ავწიოთ სასმისი მაღლა!“

აი, კიდევ ერთი წელი მიემატა ჩვენს წელთაღრიცხვას, ერთი წლით უფრო ხანდაზმული გახდა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რაა ერთ წელი იმ გრძელ გზასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს გავლილი.

მომავალ წელს იმედით შევცქერით, გასულ წელს დაწყებული საქმე უნდა დამთავრდეს ახალ წელს და განა მოსალოცი არ არის ეს იმედი?

გილოცავთ! ია-ვარდი გეფინოთ გზაზე, მაგრამ არც ია და არც ვარდი უშრომლად არ მოვა. ქართველი კაცი შრომით იყო განთქმული, მაშინაც კი, როდესაც ცალ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში გუთანი და თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერი, თუ გვინდა ჩვენი შვილები, შვილთაშვილები და მათი შთამომავალნი შეჰხაროდნენ ია და ვარდით დამშვენებულ სამშობლოს, ამ სამშობლოსათვის არ უნდა დავიშუროთ შრომა და გარჯა. ყველგან, რა სამუშაოზეც არ უნდა ვიყოთ, ამ შრომაში უნდა ჩაებას დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა.

მაშ, ავწიოთ სასმისი მაღლა და ვუსურვოთ ჩვენს სამშობლოს მარადიული სიცოცხლე, უჭკნობი დღენი.

ნიკო კეცხოველი

1977 წლის 30 დეკემბერი

მასალა მომზადებულია საქართველოს კინო-ფოტოფონდის სახელმწიფო არქივში დაცული რადიოჩანაწერებიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close