რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

ბუნებრივი მინერალები პროფესიული წარმატებისთვის, ბავშვების სამკურნალოდ და სხვა

სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი ქვები ანუ კრისტალები დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის მიერაა შექმნილი და მათ ბიოლოგიური სიცოცხლის წარმოშობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მართალია ლეგენდის სახით, მაგრამ შემორჩენილია ცნობა იმის შესახებ, რომ კრისტალების მიერ გამოსხივებული ენერგია ატლანტიდის ცივილიზაციის ქალაქებს კვებავდა. შემდეგ ადამიანებმა ბოროტად დაიწყეს ამ ენერგიის გამოყენება და შედეგმაც არ დააყოვნა – ატლანტიდის ცივილიზაცია საბოლოოდ განადგურდა.
საინტერესოა ეგვიპტოლოგების მოსაზრებებიც იმის თაობაზე, რომ ეგვიპტური პირამიდები სწორედ კრისტალების გამოსხივების ძალით უკავშირდებოდნენ კოსმოსს… ძველად ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის იყენებდნენ ბუნებრივ კრისტალებს, მათი გამოყენების სფერო კი საოცრად მრავალფეროვანი იყო – მოსავლის მოყვანიდან დაწყებული, ზებუნებრივ ძალებთან კონტაქტის დამყარებით დამთავრებული.
ბუნებრივი ქვები ბავშვების დასაცავად და სამკურნალოდ

 ჩვენი წინაპრები ბუნებრივ ქვებს ბავშვების სხვადასხვა დაავადებისგან დასაცავად და სამკურნალოდ იყენებდნენ. მაგალითად, დიფტერიისგან დასაცავად ბავშვს ყელზე ვერცხლის ძეწკვს ჰკიდებდნენ, რომელზედაც „კატის თვალი“ იყო ჩამოკიდებული.

ბავშვს შიშისგან იცავდა მალაქიტი, ასევე, ქარვა, რომელიც დამატებით სხვა არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

თუ ბავშვს ენის ბორძიკი – ლოგონევროზი აწუხებდა, მას სხეულზე ქრიზოლოტს ჰკიდებდნენ.

ზურმუხტს და ქორალს ბავშვის კანის დაავადებისგან და ეპილეფსიისგან დასაცავად იყენებდნენ. სხვათა შორის, ქორალი ბავშვს ყივანახველისგანაც იცავდა, ხოლო თუ ამ ბუნებრივ მინარალს ბავშვის საწოლზე დაკიდებდნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პატარას მშვიდი ძილი ექნებოდა.

რაც შეეხება მთის ბროლს, ის ბავშვებს გაციებისა და ფილტვების დაავადებებისგან იცავდა.

ბუნებრივი ქვები პროფესიული წარმატებისთვის

კაცობრიობის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც მოსწავლე, გარკვეული პროფესიის შეძენის შემდეგ, ოსტატისგან კურთხევასთან ერთად პროფესიის დამცავ კრისტალსაც იღებდა, რაც მისი მომავალი პროფესიული წარმატების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა.

მიწათმოქმედნი და მებაღეები ამ მიზნით აქატს იყენებდნენ, ვაჭრები, ბანკირები და კომერსანტები კი ოქროში ჩასმულ ქრიზოპრაზს ან ქრიზოლიტს ატარებდნენ.

ექიმებისთვის ლაზურიტი იყო რეკომენდებული, ზღვაოსნებისთვის კი – ფირუზი და აკვამარინი.

მეცნიერები სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტას მალაქიტს უმადლოდნენ. ეს მინერალი იმ ადამიანებისთვისაც იყო რეკომენდებული, რომლებიც ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავდნენ.

ჯარისკაცები, მხედართმთავრები და, საერთოდ, სამხედრო მოსამსახურეები ძოწს და ჰელიოტროპს ატარებდნენ, ხოლო მხატვრები, მოქანდაკეები, მინიატურის ოსტატები სხვადასხვა ფერის თურმალინს ანიჭებდნენ უპირატესობას. ითვლებოდა, რომ ამით ისინი საკუთარ თავში შემოქმედებითი ძალების გაღვიძებას უწყობდნენ ხელს.

ასტროლოგიითა და ასტრონომიით დაინტერესებულ ადამიანებს ქრიზოლიტი უნდა ეტარებინათ, მეფეებს, იმპერატორებს, ხელისუფლების სათავეში მყოფმა პირებს ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის უკეთესად მართვისთვის სარდონიქსი უნდა ეტარებინათ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ძველ საბერძნეთში, ოლიმპიური თამაშების დროს, იმ თამაშების მონაწილენი ნეფრიტს და ჟადეიტს იყენებდნენ. სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით მოჭიდავეებისთვის, სარდიონი იყო რეკომენდებული.

სხვათა შორის, პროფესიული თილისმები ჰქონდათ მოთამაშეებს და მეძვებსაც. მოთამაშეებს (მაგ., კაზინოში) ალექსანდრიტი უნდა ეტარებინათ, მეძავებს კი – წითელი გიაცინტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიასახლისებისთვის ოჯახური სიყვარული შესანარჩუნებლად ამაზონიტი იყო რეკომენდებული, მეუღლის ერთგულებისთვის კი – ფირუზი, ზურმუხტი ან ქარვა უნდა ეტარებინათ. მალაქიტი ქალებს სასიყვარულო წინააღმდეგობების გადალახვაში ეხმარებოდა, იმ შემთხვევისთვის კი, თუ ოჯახში უსიამოვნებები დაიწყებოდა, კონფლიქტის მოსაგვარებლად მთვარის ქვა, აკვამარინი და ლაზურიტი იყო რეკომენდებული.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close