ორმაგი მოქალაქეობის რა პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში?
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. მოქალაქეობა ის თემაა, რომელიც მუდმივად აქტუალურია. არსებობს სახელმწიფოები, სადაც დაბადება ამ სახელმწიფოს მოქალაქეობას სულაც არ ნიშნავს; არც საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა ყოველთვის ორი პასპორტის ქონის წინაპირობა. რომელი ქვეყნების კანონმდებლობაა ამ მხრივ უჩვეულო და რა რეალობაა საქართველოში?
სად რა კანონი მოქმედებს?
არსებობენ სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეობისგან თავის დაღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამის ნათელი მაგალითია ირანი. ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირანის მოქალაქეობაზე უარის თქმა ან მიღება კონკრეტული ადამიანის ნებაზე სულაც არ არის დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომლის მამაც ირანის მოქალაქეა, ავტომატურად ამავე ქვეყნის მოქალაქეობას იღებს. ამ შემთხვევაში სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი სად დაიბადა, ან სად ცხოვრობს – ირანში თუ მის ფარგლებს გარეთ.
ირანის სამოქალაქო კოდექსში ქალებს ცალკე პარაგრაფი ეთმობა. მათთვის ირანის მოქალაქეობაზე უარის თქმა კიდევ უფრო რთულია, რადგანაც ქალს იმავე ქვეყნის მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს, რომელიც მის ქმარს აქვს. თუ გერმანიაში მცხოვრები ირანელი ამ ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის თითქმის ყველა შემთხვევაში ირანის მოქალაქედაც რჩება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2018 წელს 3080-მა ირანელმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, თუმცა მათგან ირანული პასპორტი არაცერთს ჩაუბარებია.
ირანი ერთადერთი სახელმწიფო სულაც არ არის, რომლის მოქალაქეობაზე უარის თქმაც თითქმის უტოპიაა. ასეთი სახელმწიფოების რიცხვი დაახლოებით ორმოცია. მათ შორის არის არგენტინაც. 2018 წელს გერმანიის მოქალაქეობა 155-მა არგენტინელმა მიიღო და ყველა მათგანმა თავისი ძველი პასპორტიც შეინარჩუნა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც მოქალაქეობის მიღებისა და მასზე უარის თქმის მკაცრი წესებით გამოირჩევა, არის ავღანეთი, ერითრეა, ნიგერია და სირია.
წარმომავლობა უფრო პრიორიტეტულია თუ დაბადების ადგილი?
არსებობს ორი ძირითადი პრინციპი, რომელიც მოქალაქეობის მიღების უფლებას განსაზღვრავს. მაგალითად, აშშ-ში ტერიტორიული პრინციპი მოქმედებს და ის ცნობილია, როგორც Jus soli (ლათ. „მიწის უფლება“). ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს უფლება აქვთ, ამერიკის მოქალაქეობა მიიღონ. გერმანიასა და ჩინეთში კი სხვა პრინციპს იცავენ. ორივე სახელმწიფო Jus sanguinis-ს (ლათ. „სისხლის უფლება“) ეფუძნება. ამ შემთხვევაში ბავშვის წარმომავლობას ითვალისწინებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მოქალაქეობას იღებს არა ის, ვინც ფედერაციული რესპუბლიკის 16 მიწიდან ერთ-ერთზე დაიბადა, არამედ ის, ვისი ერთ-ერთი მშობელიც გერმანიის მოქალაქეა.
გერმანიის კანონმდებლობაში არსებობს ნატურალიზაციისთვის დამახასიათებელი დამატებითი პროცედურაც – უცხოელ მოქალაქეებს გერმანული პასპორტის მიღება შეუძლიათ. ასევე ნებადართულია შეზღუდული ორმაგი მოქალაქეობა. ჩინეთში კი ეთნიკურად არაჩინელს ძალიან გაუჭირდება ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, ორმაგი მოქალაქეობა კი ჩინური კანონმდებლობით აკრძალულია.
რას ნიშნავს ევროპული პასპორტი?
2007 წლიდან გერმანია ნებას რთავს ევროკავშირის ქვეყნებისა და შვეიცარიის მოქალაქეებს მიიღონ გერმანული პასპორტი, ძველის შენარჩუნებით. სხვა ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობაც უშვებს ორმაგ ევროპულ მოქალაქეობას – ან სრულად, ან გარკვეული შეზღუდვებით. 2011 წლის მოსახლეობის აღწერით, გერმანიაში ცხოვრობს 4,3 მილიონამდე ადამიანი, რომელთაც გერმანულის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვთ. აქედან 690 000-ს პოლონური პასპორტი აქვს, 570 000-ს – რუსული, 530 000-ს კი – თურქული. ეს რიცხვები სამოქალაქო რეესტრის რეგიონულ ოფისებში დაფიქსირებულ მონაცემებს ეყრდნობა. ბევრი ადამიანი თავისი მეორე მოქალაქეობის შესახებ არ აცხადებს, ამიტომაც ეს სტატისტიკური მონაცემები, შესაძლოა, არაზუსტია.
ვის რა არჩევანი აქვს ორი ქვეყნის მოქალაქეობას შორის?
2014 წლამდე გერმანიაში დაბადებულ ბავშვს, რომლის მშობლებიც უცხოელები იყვნენ, სრულწლოვანობის ასაკიდან 5 წლის განმავლობაში უნდა აერჩია, რომელ მოქალაქეობას მიანიჭებდა უპირატესობას – თავისი მშობლების სამშობლოს თუ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს. 2014 წლის ბოლოდან კი გერმანიაში ორმაგი მოქალაქეობა ნარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა 21 წლის მიღწევამდე, სულ ცოტა, 8 წელი იცხოვრა გერმანიაში ან 6 წელი გერმანულ სკოლაში ისწავლა. იგივე წესი ვრცელდება მათზე, ვინც ზოგადი ან პროფესიული განათლება გერმანიაში მიიღო.
ისრაელისა და პალესტინის შემთხვევაში რა ხდება?
ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულმა სპეციფიკურმა ურთიერთობამ გარკვეული თავისებურება მოქალაქეობის მიღების საკითხსაც შესძინა. პალესტინელებს, რომელთაც რომელიმე ევროპული ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ და, ამავდროულად, პალესტინის რეესტრში ირიცხებიან ან პალესტინური საიდენტიფიკაციო ნომერი აქვთ, ისრაელში შესვლა ეკრძალებათ. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ამ კატეგორიის პალესტინელებს ევროპული პასპორტით შესვლა მხოლოდ იორდანიის ტერიტორიიდან შეუძლიათ.
ისრაელში მოქმედებს კიდევ ერთი უჩვეულო წესი, რომელიც მოქალაქეობას ეხება: 1950 წელს, ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან 2 წლის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ებრაელი სადაც უნდა ცხოვრობდეს, მას აქვს უფლება ისრაელში დაბრუნდეს და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს. ეს კანონი საშუალებას აძლევს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ებრაელს, რომელსაც რაიმე სახის საფრთხე ემუქრება, გახდეს ისრაელის მოქალაქე და უსაფრთხოდ იცხოვროს. ბოლო დროს საფრანგეთში მზარდი ანტისემიტური განწყობის გამო ამ შესაძლებლობით ბევრმა ფრანგმა ებრაელმა ისარგებლა.
რას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა?
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განმარტებულია, რა შემთხვევაშია შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა დაბადებიდან 18 წლის მიღწევამდე უნარჩუნდება. ამ ვადაში არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაშიც კი მას საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყდება.
სააგენტოს განმარტებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ მიიჩნევა. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის პირმა იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში კი მოქალაქეს შეუძლია ამის შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადოს.
imedinews.ge
კომენტარები