რა ვირუსებია ამჟამად საქართველოში გავრცელებული
ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება გრიპისა და ვირუსული დაავადებების რიცხვი, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 2019 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვაქცინაციაზე უარის თქმა მსოფლიოს 10 გლობალურ საფრთხეს შორის დაასახელა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ გადაცემაში განაცხადა, სახელმწიფო ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე ყველაზე მაღალი რისკის მქონე 100 000 მოქალაქეს უფასოდ აცრის.
საზოგადოების მხრიდან აცრებთან დაკავშირებული კითხვები მუდმივად აქტუალურია. ყველას აინტერესებს, რა პერიოდში უნდა ავიცრათ, რა შემთხვევაში უნდა შევიკავოთ თავი, საზოგადოების რომელი ჯგუფებისთვის არის აუცილებელი ვაქცინაცია და ა. შ. გადაცემაში ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ და კიდევ ერთხელ გაეცნოთ, თუ რისგან გვიცავს ვაქცინაცია და რას იწვევს აცრებზე უარის თქმა.
პაატა იმნაძის თქმით, პირველ რიგში, ორსულები, დიაბეტით დაავადებულები, აივ შიდსით და C-ჰეპატიტით ინფიცირებულები უნდა აიცრან, ასევე მაღალი რისკის ჯგუფს ეკუთვნის მედპერსონალი.
რაც შეეხება გეგმურ აცრებს, საქართველოს კანონმდებლობით ეს აცრები სავალდებულო გახდა, რაც საზოგადოების ეპიდემიისგან დაცვას ემსახურება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ ვაქცინაციის შედეგად 2-იდან 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
„კანონში არის პროფესიული ჩამონათვალი, თუ ვისთვის არის სავალდებულო და რომელი აცრა ეკუთვნის, უმეტესად ეს რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებს ეხება, სავალდებულოა ბავშვებისთვის, თუმცა აუცრელობაზე ჯარიმები არ მოქმედებს“, – აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, ხშირად ვრცელდება ინფორმაციები, რომ ზოგჯერ პედიატრები თავად არ ურჩევენ პაციენტებს აცრას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იმნაძის თქმით, არცერთ ცნობილ ექიმს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.
აცრების სეზონი უკვე გახსნილია და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. პაატა იმნაძის თმით, იმუნიტეტის გამომუშავების პერიოდი 10 დღეა და პაციენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში რინოვირუსებია გააქტიურებული, თუმცა სტატისტიკა ამავე პერიოდის შარშანდელ მონაცემებთან შედარებით არ გაზრდილა. პაატა იმნაძის განმარტებით, რინოვირუსი ხასიათდება გახშირებული სურდოთი, ტემპერატურითა და ყელის ტკივილით, ამიტომ დავირუსებული ადამიანი სასურველია სახლში დარჩეს.
https://imedinews.ge
კომენტარები