ისტორიაპოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

12 ოქტომბერს საბერძნეთმა ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლება აღნიშნა (ისტორიული ვიდეო)

12 ოქტომბერს ათენში ფაშისტური გერმანიისგან გათავისუფლების 75-ე წლისთავი აღნიშნეს. აკროპოლისზე გაიმართა ბერძნული დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია – ეს იყო 1944 წლის 12 ოქტომბრის მოვლენების ზუსტი გამეორება ათენის ლიცეუმების მოსწავლეების მონაწილეობით, რომლებიც ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.

ცერემონიის დროს აღიმართა საბერძნეთის დროშა, შესრულდა ეროვნული ჰიმნი, პრემიერ-მინისტრი მიესალმა საზოგადოებას, შემდეგ კი გვირგვინით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

ისტორიული ექსკურსი

1944 წლის 12 ოქტომბერი, ხუთშაბათი. დილიდან ეკლესიის ზარებმა იწყეს რეკვა და ათენელებს მოუწოდეს, გამოსულიყვნენ ქუჩაში, რათა ნაცისტური ოკუპაციის დასრულება ეზეიმათ (3 ნოემბერს ბოლო გერმანელმა და ბულგარელმა ჯარისკაცებმა დატოვეს საბერძნეთის ტერიტორია მატერიკზე).

ფაშისტური დროშა აკროპოლისზე

გერმანელი ნაცისტებისა და მათი ბულგარელი მოკავშირეების საბერძნეთიდან წასვლის უკუათვლა 1944 წლის 6 ივნისს დაიწყო, როდესაც მოკავშირეებმა ნორმანდიაში ჯარები გადასხეს და ნათელი გახდა, რომ ფაშისტური გერმანიის დღეები დათვლილი იყო.

საბერძნეთის დროშის აღმართვა აკროპოლისზე 1944 წლის 12 ოქტომბერს

განდევნილ საბერძნეთის მთავრობას 1944 წლის 26 აპრილიდან გეორგიოს პაპანდრეუ ხელმძღვანელობდა. ლიბიის (1944 წლის 17-20 მაისი) და კაზერტის (1944 წლის 26 სექტემბერი) შეთანხმებების თანახმად, პარტიზანული რაზმები ΕΛΑΣ (ელასი) და ΕΔΕΣ (ედესი) პაპანდრეუს მთავრობის განკარგულებაში გადავიდნენ.

გეორგიოს პაპანდრეუს მთავრობა, ბრიტანულ სამხედრო ნაწილებთან ერთად, ათენში 18 ოქტომბერს შევიდა.

საბერძნეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს 4 ქვეყანასთან მოუწია ბრძოლა – ალბანეთთან, იტალიასთან, გერმანიასა და ბულგარეთთან.

ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ არ აღნიშნავენ ბერძნები მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და ნაცისტური ოკუპაციის, სისატიკის, უბედურებების დამთავრებას, როგორც ეროვნულ დღესასწაულს? ამის ნაცვლად ისინი ეროვნული მასშტაბით ზეიმობენ ომის დაწყების დღეს – 28 ოქტომბერს (1940 წ.), როდესაც იტალიამ, ჰიტლერული კოალიციის „ღერძი: ბერლინი – რომი – ტოკიო“ შემადგენლობაში, საბერძნეთს ომი გამოუცხადა.

ბერძენ ისტორიკოსს, ტასულა ვერვენიოტის ასეთი ახსნა აქვს: „10 წლის განმავლობაში ქვეყანა იყო ომის და სამოქალაქო ომის მდგომარეობაში. რომელ საზოგადოებას შეუძლია ამის ატანა? სამოქალაქო ომი – ეს არის ტრავმა, ტაბუ, ბერძნებს ამ თემის წამოწევა არ უნდათ…“

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ საბერძნეთში სამოქალაქო ომის დასაწყისის მომასწავებელი პირველი დაპირისპირებები მეორე მსოფილიო ომის დასრულებამდე დაიწყო (1043-1945 წწ.), ხოლო სამოქალაქო ომი 1946-1949 წლებში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ეროვნულ დღესასწაულს – „ოხი“, Επέτειος του «’Οχι» საბერძნეთსა და კვიპროსზე 28 ოქტომბერს იმართება იმ ულტიმატუმზე უარის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ფაშისტურმა იტალიამ წაუყენა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ (1936 წლის 4 აგვისტოდან – 1941 წლის 29 იანვრამდე) იოანის მეტაქსასს 1940 წლის 28 ოქტომბერს, დილის 4 საათზე. ულტიმატუმის თანახმად, საბერძნეთს ნებაყოფლობით უნდა გაეხსნა გზა თავის ტერიტორიაზე იტალიური ჯარებისთვის და მიეცა უფლება, სტრატეგიულ ობიექტებზე განთავსებულიყვნენ (პორტები, აეროპორტები და სხვ.), წინააღმდეგ შემთხვევაში ომს გამოუცხდებდნენ. მეტაქსასის პასუხი იყო მოკლე და ერთმნიშვნელოვანი: «όχι», რაც ქართულად ნიშნავს „არა“.

28 ოქტომბერს დილით საბერძნეთის მოსახლეობა მთვრობისგან დამოუკიდებლად გამოვიდა ქუჩაში და სკანდირებდა „ოხი“.

ნინო ლურსმანაშვილი

წყარო: rua.gr

ვიდეო ისტორიული კადრებით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close