გარდაიცვალა 16 წლის ბიჭი, რომლის მდგომარეობაც რეანიმობილის გაუმართაობის გამო დამძიმდა
2 სექტემბერს, ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში გარდაიცვალა 16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც 41 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მოზარდი, რომელიც ამბროლაურში ისვენებდა, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს, გამთენიისას მიიყვანა. ლენტეხიდან გაგზავნილი რეანიმობილი, რომლითაც ლუკა ამბროლაურის საავადმყოფოდან წაიყვანეს, მოზარდის ოჯახის წევრების თქმით, არ იყო სათანადოდ აღჭურვილი.
ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე, რომელიც მოზარდს რეანიმობილში ახლდა, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, რომ რეანიმობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა, გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა.
მომხდარ ფაქტს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე დაწესებულებისა და რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა.
ლუკა ფოფხაძის შემთხვევის შემდეგ, 5 აგვისტოს, ამბროლაურს დაუყოვნებელი რეაგირებისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით გეგმა შედგება, სამოქმედო გეგმის დასახვა კი უკანასკნელი კვირების განმავლობაში რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულებულ შემთხვევებს უკავშირდება.
radiotavisupleba.ge
კომენტარები