მარიამობას გილოცავთ, ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოსა თუ უცხოეთში!
„გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო დედაო ქრისტეს ღვთისა ჩვენისაო და ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ!“
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას და 28 აგვისტოს (ძვ. სტ. 15 აგვისტოს) მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას მთელი თავისი დიდებულებით აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებს. მარიამობა კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულიცაა. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მარიამის მიძინების დღესასწაულს ახ. სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.
ღვთისმშობელი ქალწული უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს იერუსალიმში, სიონის მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში აღესრულა, სადაც მიძინებამდე ცხოვრობდა და მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. მის სანახავად და მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ.
ლოცვასთან ერთად ყოვლადწმიდა მარიამი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი ერთხელ, როცა იგი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მარიამს მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობელმა ღვთისმოსავური სიხარულით მიიღო სამოთხის რტო და მიცვალებისთვის მზადება დაიწო. მან ამის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, იოანე ღვთისმეტყველს ამცნო და უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. ასევე, ბრძანა მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისთვის იყო აუცილებელი. ღვთისმშობელს არ დავიწყებია ისიც, რომ თავისი მწირი ქონების და დაკრძალვის შესახებ ანდერძი დაეტოვებინა. მისი ორი შესამოსელი ორ ღარიბ ქვრივს რჩებოდა, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ. ღვთისმშობელს ყველა უყვარდა, განსაკუთრებით ისინი, ვინც მის დახმარებას საჭიროებდა. თავისი სხეულის დაკრძალვა კი გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები განისვენებდნენ.
მარიამს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ამ სოფლიდან განსვლამდე შესაძლებლობა მისცემოდა, ენახა წმიდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად მთელ ქვეყნიერებაზე იყვნენ გაბნეულნი. უფალმა მას ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე, მათ შორის ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხილვისას, რომელიც ნათელი მხიარულებით იყო სავსე, მათ ცრემლების დამალვა ვერ შეძლეს, რადგან საშინელი და საწყენი იყო გამოთხოვება დედასთან, რომელმაც მათი მეუფე და მასწავლებელი შეცვალა, მაგრამ მიმადლებულმა მარიამმა სთხოვათ, სიხარული ცრემლით კი არ დაემძიმებინათ, არამედ მასთან ერთად გაეხარათ: „მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან, ჩემს სხეულს გეთსიმანიაში გადაიტანთ, იქ დაკრძალავთ და თქვენზე დაკისრებულ ქადაგებას განაგრძობთ, ხოლო თუკი უფალი ინებებს, მიძინების შემდეგ ისევ მიხილავთ“.
ამ დროს იქ იყო პავლე მოციქულიც თავის მოწაფეებთან – დიონისე არეოპაგელთან, საკვირველ იეროთეოსთან, ღვთაებრივ ტიმოთესა და სხვა სამოცდაათთაგანთან ერთად. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. ანუგეშებდა და აიმედებდა, რომ ობლად არ მიატოვებდა ქვეყანას და ყველას ლოცვას შეისმენდა, ვინც კი მას მიმართავდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს კი, ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლისას, საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, სადაც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკვრვებელი მოსვლა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“, – თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმიდა დედას. გაისმა ანგელოზთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ – და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფველში.
მთელი სახლი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაატარეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონოდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. მსვლელობის პროცესში – თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს ზემოდან დასცქეროდა. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი წინ უძღოდა მათ, ციდან კი ანგელოსთა გალობა ისმოდა.
გზაში გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა „იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტვირთა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით მკრეხელს ორივე მხარი მოჰკვთა, რომლებიც ცხედრის მახლობლად ჰაერში დაეკიდა. მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზიდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც არ დარჩენილა.
მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს და გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. თავად ამ ადგილს კარგა ხანს არ გაშორებიან. სამი დრის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რათა წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დახვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისამებრ მდგომარ იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ღვთისმშობელმა თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“.
სხვა წყაროს მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მოციქულებმა მაშინ იხილეს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქუენ თანა ვარ ყოველთა ჟამსა“. ამგვარად წმიდა მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს ურყევი რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.
მოციქულებმა მწუხარეთა ნუგეშინისსაცემად და იქ არმყოფთა დასარწმუნებლად საფლავში დარჩენილი მანტია აიღეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და ძალიან მალე სახარების საქადაგებლად ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში კვლავ გამოჩნდნენ.
არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომელთაგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს გარდაიცვალა, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი და გიორგი კედრენე გადმოგვცემენ. რაც შეეხება იმ ფაქტს, ზუსტად როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, უცნობია, მაგრამ საფიქრებელია, რომ ის უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.
ღვთისმშობელმა მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხსნას მარადიული სიკვდილისაგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენას გვაძლევს ნუგეშად, დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს. მან ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს გულმაწყალების მრავალი სასწაული უჩვენა.
ღვთისმშობლის შუამდგომელად მოხმობა ქრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას. საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვით თავდება: „უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვაი ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი“.
დედა ღვთისა ყველას ანუგეშებს, ვინც მას მიმართავს: „ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსენ ჩვენ – მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ“.
ითვლება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. „წმიდაო მარიამ, წმიდაო ქალწულო, გადააფარე შენი მფარველი კალთა შენს წილხვედრ ქვეყანას და დაგვიფარე ჩვენ ურწმუნოთაგან“, – დაახლოებით ასე ლოცულობდნენ ქართველები საუკუნეების მანძილზე და ასე ვლოცულობთ ახლაც. ამ ლოცვა-კურთხევისა და წმიდა მარიამის წყალობით მოვიტანეთ თავი აქამდე პატარა, ქრისტიანულმა ქვეყანამ, რომელსაც გარს სრულიად სხვა რწმენისა და რელიგიის სახელმწიფოები ერტყა.
წმიდა მარიამი რომ არასოდეს ტოვებს თავის სულიერ შვილებს, ამის დასტურად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რადგან მის სახელთან დაკავშირებული სასწაულებრივი ფაქტები არც თუ იშვიათად ხდებოდა და ხდება ახლაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა თვალწინ.
მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს მივულოცავთ მთელ მართლმადიდებელ სამყაროს, განსაკუთრებით ქართველ ხალხს და რწმენაში გაძლიერებას და წმიდა მარიამის მფარველობას ვუსურვებთ აწ და მარადის!
მოამზადა თამარ ოთიაშვილმა
კომენტარები