ჰოლანდიის ყველაზე რეიტინგული შოუს რამდენიმე ეპიზოდს საქართველოში გადაიღებენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მათი ცნობით, Holland’s Next Top Model-ი მორიგი, მე-12 სეზონის სამ 45-წუთიან ეპიზოდს საქართველოში გადაიღებს. 50-კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმყოფება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ პოტენციალთან ერთად, მოხდება ქართული მოდის პოპულარიზაცია. საქართველოს შესახებ ექვსგვერდიანი სტატია გამოქვეყნდება ჟურნალ ELLE-ში.
შოუ 12 წელია არსებობს და ბენილუქსის ქვეყნებში უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობს. თითოეულ ეპიზოდს 1 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.
გადაცემის წამყვანია ცნობილი მოდის ექსპერტი და ბლოგერი ანა ნოშინი, კონკურსანტებს შეაფასებს America’s Next Top Model-ის ჟიურის წევრი, მოდელი და ფოტოგრაფი ნაიჯელ ბარკერი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გასულს წელს საქართველოს ჰოლანდიაში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს „Wie Is De Mol“ („ვინ არის თხუნელა – ჯაშუში“) გადამღები ჯგუფი ეწვია. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა.
ჰოლანდიის პოპულარული რეალითი შოუს ეპიზოდების საქართველოში ჩაწერა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ნიდერლანდების ტურისტულ ბაზარზე.
კომენტარები