ლაიმა ვაიკულეს „რანდევუ“ ნინო ქათამაძესთან იურმალაში შედგება
ნინო ქათამაძის მიერ რუსეთში სიმღერაზე უარის თქმამ ლატვიელ მომღერალ ლაიმა ვაიკულეზე ისე ძლიერად იმოქმედა, რომ მან ქართველი მომღერალი იურმალაზე, ფესტივალ „რანდევუზე“ სპეციალურ სტუმრად მიიწვია. ინფორმაციას SUPER-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 55 წლის მომღერალმა გადაწყვიტა, ნინო ქათამაძისთვის მხარი დაეჭირა და საკუთარ მე-5, საიუბილეო ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვია. ქართველმა მომღერალმა მიწვევა მიიღო და ფესტივალის ერთ-ერთ დღეს თავადაც იმღერებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გართულების შემდეგ ნინო ქათამაძემ რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ვაიკულე ყირიმში სიმღერაზე უარს რამდენიმე წელია აცხადებს: „ჩვენ გვეკრძალება. ჩვენ, ევროპელებს. იქ არ წავალ, რა ჰონორარიც არ უნდა შემომთავაზონ“,- განაცხადა მომღერალმა.
ცნობისათვის, ფესტივალი „რანდევუ“ ყოველწლიურად ტარდება და მისი დამაარსებელი სწორედ ლაიმა ვაიკულეა. ფესტივალზე რუსული შოუბიზნესის ყველზე ცნობილი წარმომადგენლები გამოდიან: სტას მიხაილოვი, ლუბოვ უსპენსკაია, ელენა ვაენგა, არტურ პიროჟკოვი, სერგეი ლაზარევი და სხვები.
იურმალაში 4-დღიანი კონცერტების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში ფესტივალი „ლაიმა რანდევუ“ ოდესაში გაიმართება და მასში, ova.news-ის ინფორმაციით, უფროსი თაობის ქართველი მომღერლები – ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძეც მიიღებენ მონაწილეობას.
კომენტარები