ინტერვიუიტალიასაზოგადოება

იტალიელი გოგონა, რომელიც ქართულად ალაპარაკდა და ამღერდა კიდეც

„უცხოელი მეგობრებიც საკმაოდ ბევრი მყავს, მაგრამ როცა ქართველებთან ვარ, ასე მგონია, რომ ჩემი ეროვნების მეგობრებთან ვარ, ან პირიქით, მე ვარ ქართველი…“ – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ფლავია პიჩირილო, საოცრად ნიჭიერი და მიზანდასახული იტალიელი გოგონა, რომელიც არა მარტო მშვენივრად საუბრობს ქართულად, არამედ უკვე ქართული სიმღერაც კი თარგმნა იტალიურად და იმღერა კიდეც.

ფლავია პიჩირილო ჯერ მხოლოდ 17 წლისაა. თუ როდის და რატომ დაინტერესდა იგი ქართული ენის შესწავლით და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამაზე თავად მოგვიყვება:

გამარჯობა, მე ვარ ფლავია პიჩირილო, დავიბადე იტალიის სამხრეთში, ქალაქ ბარიში, ვსწავლობ ლიცეუმში უცხო ენების განხრით და, ამავე დროს, ვარ არაპროფესიონალი მომღერალი. ამჟამად ვმონაწილობ კონკურსში Tour Music Fest Europe და ვემზადები საკონკურსოდ მეორე ტურისთვის.

ეს საკმაოდ პოპულარული ევროპული მუსიკის კონკურსია…

დიახ, Tour Music Fest Europe ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული მუსიკის კონკურსია, რომელიც 2007 წელს დაარსდა იტალიაში და თანდათან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო მთელი ევროპიდან. კონკურსი სულ ოთხი ნაწილისგან შედგება: პირველი ტური, მეორე ტური, ნახევარფინალი და ფინალი. პირველ ტურში 4-იდან 4 ქულა ავიღე. გამარჯვების შემთხვევაში მოგებული პრიზები მრავალფეროვანია.  მაგალითად, შეიძლება 10.000€ ან 15.000€-ს მფლობელი გახდე, გააჩნია რა კატეგორიაში ხარ. ასევე, არის დისკოგრაფიული კონტრაქტი, სადაც საკუთარ სიმღერას ჩაწერ და კიდევ, შეგიძლია მოიგო სტიპენდია „ბრეკლის მუსიკალურ სკოლაში“, რომელიც ბოსტონშია.

გაგვიხარდება თქვენი გამარჯვება…

დიდი მადლობა… მე ბალეტის მოცეკვავეც ვარ, ოთხი წლის ვიყავი, დედაჩემმა ბალეტზე რომ მიმიყვანა და რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ისე შემიყვარდა, რომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა და მეცეკვა, როგორც პროფესიონალს. ყველაზე დიდი ინსპირაცია ჩემი ბალეტის მასწავლებელია, რომელიც ახლა გერმანიაშია. მისგან არა მხოლოდ ბალეტის ცეკვა ვისწავლე, არამედ ის, რომ არ უნდა დავნებდე და ჩემს ოცნებებს მივყვე, მიუხედავად სირთულეებისა.

რაზე ოცნებობთ, რა არის თქვენი მიზანი, რას გინდათ მიაღწიოთ?

მინდა წარმატებული მომღერალი გამოვიდე, პირველ რიგში. აი, თარჯიმანი კი აუცილებლად გავხდები.

ენებს რომ ადვილად სწავლობთ, მითხრეს და ამაში მეც დავრწმუნდიქართულად მესაუბრებითროდის და რატომ დაინტერესდით ქართული ენის შესწავლით?.. ვინ გასწავლით?

2017 წელს გადავწყვიტე სასწავლებლად წამოვსულიყავი საქართველოში, მინდოდა ბალეტის სკოლაში მესწავლა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. რაც შეეხება ქართულ ენას, ძალიან მომწონს, ლამაზი ენაა. მე თვითონ, ინტერნეტით ვსწავლობ.

როგორ, არ გიჭირთ დამახსოვრება?

სიტყვებს ვსწავლობ სხვადასხვა ვებგვერდებიდან და რვეულში ვიწერ – აი ეს ხერხი მეხმარება დამახსოვრებაში. რაც რთულად მიმაჩნია, ეს ქართული ენის გრამატიკაა, რადგან ძალიან განსხვავდება იტალიურისგან. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ვვარჯიშობ ქართულში, მაგრამ შეცდომების დაშვების ყოველთვის მეშინია. მეუბნებიან, რომ ამით არ უნდა დავკომპლექსდე, რადგან ეს უფრო ართულებს საუბარს. ვფიქრობ, უკვე საკმაოდ ბევრი სიტყვა ვიცი, ზმნების ჩათვლით… 🙂

ბევრ ქართველს იცნობთ? რა მოგწონთ ქართველებში?

კი, საკმაოდ ბევრ ქართველს ვიცნობ და ბევრთან ვმეგობრობ კიდეც. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები და თბილები არიან, უცხოელი მეგობრებიც საკმაოდ ბევრი მყავს, მაგრამ როცა ქართველებთან ვარ, ასე მგონია, რომ ჩემი ეროვნების მეგობრებთან ვარ, ან პირიქით, მე ვარ ქართველი… <3 მადლობა იმ ხალხს, ვისგანაც შევიტყვე საქართველოს და მისი გასაოცარი კულტურის შესახებ. დედაჩემი ხშირად ქართველებთან ერთად მუშაობს და მეც ბევრ რამეს ვიგებ მათგან, დაიტერესებული ვარ ამ ქვეყნის ისტორიით და  ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ ქართული ენის სწავლა დავიწყე.

თუ არ ვცდები, ქართული სიმღერაც თარგმნეთ იტალიურად და იმღერეთ კიდეც…

კი, „პანჩოს“, ლევან მგალობლიშვილის სიმღერა – „ცაში ახედე“. კიდევ ძველი მულტფილმის, „სიზმარას“ თარგმნას ვაპირებ.

სხვათა შორის, ქართველს ჰგავხართ, თქვენს წინაპრებში ვინმე ქართველი ხომ არ ურევია?

სამწუხაროდ, ჩემი შორეული წინაპრების ისტორია არ ვიცი და ამ კუთხით ვერაფერს გეტყვით.

სოციალურ ქსელში „აღმოვაჩინე“, რომ ეს მშვენიერი გოგონა დანიშნულია – შემთხვევით თქვენი რჩეული ქართველი ბიჭი ხომ არ არის?

ვერ გავიგე, რა მკითხეთ, ქართულად საუბარი არ მესმის (იცინის)… რა თქმა უნდა, ვიხუმრე: კი, დანიშნული ვარ, მალე ვაპირებ გავთხოვდე და მერე გაგიმხელთ იმ ბიჭის ვინაობას. <3

თქვენი ნებაა, მთავარია, რომ ბედნიერი ხართ…

კი, ძალიან ბედნიერი ვარ. ძნელია ავხსნა, თუ რა არის ბედნიერება. ცხოვრებაში შეგიძლია რაღაცის გამო იყო გახარებული, იცინო, გაიღიმო, ბევრი პოზიტიური გრძნობა დაგეუფლოს, მაგრამ სულ ბედნიერი ვერ იქნები. ჩემთვის ბედნიერება სრულიად განსხვავებული გრძნობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. როცა ბედნიერი ვარ, ვგრძნობ, არაფერია საჭირო, რომ გამეღიმოს, უბრალოდ თავისუფლად ვგრძნობ თავს და სწორედ ამ გრძნობით ვცხოვრობ ერთ გასაოცარ ბიჭთან ერთად, რომელზეც დანიშნული ვარ.

დაველოდებით, ამ გასაოცარ ბიჭს როდის გაგვაცნობთ, ფლავია, მანამდე, მოდი, გვითხარით, შორიდან იცნობთ საქართველოს თუ ნამყოფი ხართ უკვე?

კი, ნამყოფი ვარ საქართველოში. თბილისში და ბათუმში ვიყავი, ულამაზესია.

განსაკუთრებით რამ მოგხიბლათ?

ამ ქალაქების არქიტექტურამ მომხიბლა, თბილისში ისტორიულმა, ბათუმში კი უფრო თანამედროვე შენობებმა, ცათამბჯენებით და შადრევნებით. საჭმელებიც ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ხინკალი, ასევე, სხვადასხვა სახეობის ყველი და, როგორც უკვე გითხარით, ქართველი ხალხი მიყვარს ძალიან, ისინი თავს სახლში მაგრძნობინებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი.

დედაჩემის კოლეგამ წამოგვიყვანა მე და მამაჩემი საქართველოში, როცა თბილისში ჩამოვედით, თავის სახლში წაგვიყვანა – დიდ დიღომში და სასტუმროს მოძიება აღარ დაგვჭირდა. მანვე  დაგვათვალიერებინა თბილისი და დაგვეხმარა საცეკვაო სკოლის საბუთების მოწესრიგებაში. ეს ქალბატონი დედაჩემის ოფისში მუშაობს იტალიაში მყოფი ემიგრანტებისთვის. ის აკეთებს საბუთებს ადგილობრივებისთვის და ასევე ეხმარება უამრავ ადამიანს, ვისაც ახალ ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

თქვენ რას თვლით ქართველი ემიგრანტების პრობლემად?

პირველი პრობლემა ისაა, როცა სხვა ქვეყანაში გიწევს წასვლა ოჯახის გადასარჩენად, მეორე – ყველანაირი საბუთის გარეშე უცხო ქვეყანაში ცხოვრება. ყველას, ვისაც თავის ქვეყანაში დაბრუნება სურს, ვუსურვებ, რომ ჯანმრთელები და ბედნიერები დაბრუნდნენ.

ემიგრანტებისთვის დიდი პრობლემაა, ასევე, ენის არცოდნა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახურს ეძებ. სხვათა შორის, იტალიური ენის გაკვეთილების ჯგუფი მაქვს შექმნილი ქალბატონ მაია ლომიძესთან ერთად. ჯგუფს „იტალიის ცის ქვეშ“ ჰქვია და ვისაც დახმარება სჭირდება იტალიური ენის სწავლაში, ამ ჯგუფის საშუალებით ბევრს ისწავლის.

ფლავია ქართველ მომღერალ თორნიკე ტატიშვილთან ერთად

მართლა?! მშვენიერი საქმე გიკეთებიათ…

დიდი მადლობა…

ამბობენ, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ჰგვანანო. საინტერესოა, იტალიელი გოგონა  ხედავს რაიმე საერთოს?

კი, სტუმართმოყვარეობით ვგავართ. ჩვენ ხომ ქრისტიანი ერი ვართ, ერთი ღმერთის შვილები.

დაბოლოს, რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი, ფლავია?

მსოფლიოს ომის გარეშე!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: რატომ უწოდებს ახალგაზრდა ბერძენი თავის „მეორე სამშობლოს“ საქართველოს, სადაც ჯერ არც კი ყოფილა?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close