NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხარე წიწაკას მოიყვანს
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 2019 წლის ნოემბერში საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) ოდნავ უფრო „ცხარე“ გახდება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ესპანიოლას სახეობის ცხარე წიწაკა (Capsicum annuum) პირველი მცენარე გახდება, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნაყოფს მოისხამს.
ნასას განცხადებით, მათ შეარჩიეს წიწაკის ისეთი სახეობა, რომელიც ძალიან მაღალი არ იზრდება და კარგად ეგუება კონტროლირებად გარემოს.
„ასტრონავტები ხშირად მოითხოვდნენ უფრო ცხარე და გემრიელ საკვებს. ცხარე წიწაკა ამ მხრივ ნამდვილად კარგი გამოსავალია. გარდა ამისა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვანია კოსმოსში კვების რაციონისთვის“, – ამბობს ნასას მცენარეთა ფიზიოლოგი რეი ვილერი.
კოსმოსურ სადგურებზე ასტრონავტები და კოსმონავტები მცენარეებს წარმატებით ზრდიან 1982 წლიდან, როცა საბჭოთა „სალიუტ 7“-ის ეკიპაჟმა პირველად გაზარდა მცენარე Arabidopsis-ი.
რუსი კოსმონავტები კოსმოსში თავიანთ მოყვანილ საკვებს 2003 წლიდან ჭამენ, ამერიკელმა ასტრონავტებმა კი კოსმოსურ სადგურზე სალათის ფოთლები პირველად 2015 წელს მოიყვანეს.
ამჟამად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე სახეობის ბოსტნეული მოყავთ, მათ შორის, სალათის ფოთოლი, ჭარხალი, ბოლოკი, ჩინური კომბოსტო და ბარდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბარდა ბოტანიკურად ხილს მიეკუთვნება და რუსები მას უკვე წლებია ზრდიან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში. ხილი ჯერ არ გაუზრდიათ ამერიკელ ასტრონავტებს, შესაბამისად, ცხარე წიწაკა მათთვის პირველი იქნება.
2018 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟდა მცენარეების ზრდის სპეციალური სისტემა, რომლის მიზანიც ასტრონავტების ჯანსაღი საკვებით მომარაგებაა.
NASA-სთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია მარსზე ადამიანთა გაგზავნის ამბიციური გეგმისათვის. წითელ პლანეტამდე ჩაღწევას ექვსი თვიდან ერთ წლამდე დასჭირდება და, შესაბამისად, გზაში შესაძლებელი იქნება მცენარეების გაზრდა და მგზავრების ჯანსაღი საკვებით მომარაგება.
1tv.ge
კომენტარები