„ნინა ჯორჯიანას“ კულინარიული წარმატებები იტალიაში და საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები
„დღემდე ვერ შევეგუე უცხო მიწას და ყოველ ღამით საქართველოს ვხედავ სიზმრად. ძლიერი ქალი ვარ, არ მეშინია სიძნელეების გადალახვის, მხოლოდ მონატრებამ, სიშორემ დამაჩოქა. ეს რომ უკეთ შეიგრძნო, ემიგრანტი უნდა გახდე, ამას კი არავის ვუსურვებ“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ქალბატონი ნინო მიქაძე, მედიცინის ყოფილი მუშაკი, რომელიც უცხოეთშიც თანამემამულეებზე ზრუნავს და ცდილობს ემიგრანტ ქართველებს ცხოვრება გაუადვილოს. მის მიერ შექმნილი საიტები და ჯგუფები უცხოეთში ახლად ჩასულ ქართველებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
ნინო მიქაძე 9 წელია იტალიაში იმყოფება. იტალიელები დღეს უკვე სიამოვნებით მიირთმევენ მის მიერ მომზადებულ ქართულ-იტალიურ კერძებსა თუ დესერტს და პატივისცემით „ნინა ჯორჯიანას“ ეძახიან. მისი ხელნაკეთი ნივთებიც მოსწონთ. აქამდე მისასვლელი გზა კი, რა თქმა უნდა, ადვილი არ ყოფილა:
ქალბატონო ნინო, ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან. თქვენ, მედიცინის ყოფილი მუშაკი, ამავე მიზეზით აღმოჩნდით იტალიაში, თუ სხვა მიზანი გამოძრავებდათ და სურვილი აისრულეთ?
პროფესიით ექთანი ვარ, წლების განმავლობაში ფსიქონარკოლოგიის სფეროში ვიმუშავე ქუთაისში ცნობილ ფსიქიატრებთან – ნინო თალაკვაძესთან, ვახტანგ სიხარულიძესა და მარინა ჭელიშვილთან. პარალელურად, მეგობართან ერთად მინიმარკეტი მქონდა, სადაც ქალბატონები მყავდა დასაქმებული. ღამის ცვლაში მორიგეობისას თოჯინებს ვქსოვდი და ვაბარებდი, სახლში დაბრუნებული კი მარკეტში ვმუშაობდი. სოციალურ ქსელში ბევრჯერ მკითხეს, ასეთი მარჯვენის მქონე, როგორ წახვედი უცხოეთში, ნუთუ საქართველოში ვერაფერი გააკეთეო?! კითხვას უპასუხოდ ვტოვებ, რადგან ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია: მე ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
იტალიაში ჩასული, პირველად სად მოხვდით და როგორ გაითავისეთ იქაურობა? რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის და დღეს რას ფიქრობთ, სწორად მოიქეცით, რომ უცხოეთში წასვლა გადაწყვიტეთ?
პირველად სამხრეთ იტალიაში ჩამოვედი, ჩემ წინ უზარმაზარი სამყარო გადაიშალა, ვიფიქრე, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ამ ყველაფერს გავმკლავებოდი, რაშიც ჩემი პროფესია დამეხმარა. მუშაობა ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში დავიწყე, სადაც საჭმელს გრამობით მაჭმევდნენ და ეს ფიზიკურადაც აისახა ჩემზე – 25 კგ დავიკელი. ენა არ ვიცოდი და არც მქონდა რაიმეს თქმის უფლება, რადგან სამსახურს დავკარგავდი. ერთ დღეს ვხედავ, რომ ოჯახში ბევრი ხელნაკეთი ნივთი აქვთ. ხელების ჟესტიკულაციით მივახვედრე, რომ ქსოვა ვიცოდი. ყაისნაღი საქართველოდან მქონდა წაღებული, მაგრამ ძაფი არ აღმოაჩნდათ, მაშინ ნაგვის პარკი დავჭერი, ვაქციე „ძაფად“ და ერთი ლამაზი ჩანთა მოვუქსოვე. გაუხარდა, ამ სიხარულმა კი ჩემთვის მენიუში საკვები გაზარდა.
იმ პერიოდში საჭიროება მოითხოვდა და აუცილებელი იყო უცხოეთში წამოვსულიყავი, მაგრამ რა გზაც გავიარე, ეს რომ მცოდნოდა, არ წამოვიდოდი – რთულია ემიგრანტობა.
ამჟამად სად ხართ, რომელ ქალაქში და რას საქმიანობთ?
ამჟამად ჩრდილოეთ იტალიაში ვარ. ვმუშაობ ბებოსთან, როგორც ემიგრანტების უმრავლესობა. რთული სამსახური მაქვს, თითქმის იმ საქმის გაკეთება მიწევს, რასაც პროფესიული კუთხით საქართველოში ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან კარგ ოჯახში ვარ, ხელს მიწყობენ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს არ მოვწყდე. დავდივარ ცნობილი შეფ-კონდიტრების მასტერკლასებზე და შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით, ვიდრე ბებოა იქ, ოჯახს ვერ ვტოვებ – მათ ჩემს მეორე ოჯახს ვუწოდებ.
კულინარიით საქართველოშიც იყავით გატაცებული?
ბავშვობიდან მიყვარს ეს საქმე. მახსოვს, პირველი ტორტის ბისკვიტი 5 წლის ასაკში გამოვაცხვე. ჩემი ძმა პროფესიონალი შეფ-მზარეულია, მე კი, მოკლედ რომ გითხრათ, სამზარეულოს „მესამე შვილი“ ვუწოდე. ის ჩემი სუნთქვაა. როდესაც ცუდ ხასიათზე ვდგები და მონატრება მიპყრობს, შევდივარ სამზარეულოში და კერძის ახალ რეცეპტს ან დეკორს ვქმნი.
აი, ხელსაქმე კი ჩემი ჰობია. იდეის რეალიზაციას მაშინ ვახდენ, როდესაც მუზა მომდის. ეს ყველაფერი ჩემმა აღმზრდელმა ბებიამ მემკვიდრეობით გადმომცა. როგორც იტალიელები იტყვიან, ის იყო ჩემთვის „Una Grande Donna“.
როგორც ვიცი, საყვარელ საქმეს ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად იყენებთ –კულინარიული საიტები გაქვთ შექმნილი…
უცხოეთში ახლად ჩამოსული ქართველები კულინარიული კუთხითაც აწყდებიან პრობლემებს და ვფიქრობ, ეს საიტები მათ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე სამი საიტი და ორი ჯგუფი მაქვს შექმნილი. საიტები: Donna Emigrata – 46000; la Dolce – Vita 26 400; Manual Art – 4000 და ჯგუფი la Dolce Vita (37.000), სადაც შევკრიბე უცხოეთში და საქართველოში მყოფი მოყვარული მზარეულები. ისინი გვთავაზობენ მათ მომზადებულ კერძებს და აყვარებენ სამზარეულოს ახლად დამწყებს, ვისთვისაც ეს ყველაფერი სიძნელეს წარმოადგენს. ახლახან გავხსენი ჯგუფის შვილობილი la dolce vita 2, რომელიც განსაზღვრულია გაზიარებისთვის, ხოლო ინსტაგრამს რაც შეეხება, სასიამოვნოა, როდესაც კომპლიმენტებს გიწერენ იტალიელი შეფ-მზარეულები და გიწონებს ცნობილი იტალიელი ბლოგერი, შეფ-მზარეული სონია პერონაჩი.
ქართულ და იტალიურ სამზარეულოებს რა აქვს საერთო და რა მოსწონთ ყველაზე მეტად იტალიელებს ქართული სამზარეულოდან?
ქართული და იტალიური სამზარეულოები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ ცხარე და ცხიმიანი კერძების მოყვარული ვართ, იტალიელებს კი არ უყვართ სანელებლებით გაჯერებული კერძები, ამიტომ როდესაც ქართულ კერძს ვთავაზობ, ყოველთვის ვცდილობ ძირითადი ბაზა დავუტოვო და მსუბუქად შევკმაზო. მაქვს ბევრი საავტორო რეცეპტი, რომელიც მოსწონთ, მაშინ ვეუბნები, რომ ეს ქართული სამზარეულოდანაა. განსაკუთრებით მოსწონთ ხაჭაპური – პირველ ადგილზეა.
თქვენი მომავლის გეგმები, თუნდაც ამ კუთხით, საქართველოს თუ უკავშირდება?
რა თქმა უნდა, უკავშირდება. დავბრუნდები საქართველოში და იტალიური სამზარეულოს კულტურას ჩამოვიტან. მინდა ქართულ-იტალიური მიქსი გავაკეთო. იდეაში ბევრი რამ მაქვს განსახორციელებელი და გული დამწყდება, თუ ამ ყოველივეს რეალიზებას ვერ მოვახდენ.
თქვენზე მითხრეს, იტალიელები „ნინა ჯორჯიანას“ ეძახიანო… რას ნიშნავს ეს თქვენთვის, რა განცდაა?
ამას ცოტა დიდი ისტორია აქვს, მაგრამ მოკლედ გეტყვით: ეს სახელი ჩემმა იტალიელმა მეგობარმა, შეფ-მზარეულმა დანიელა ტიმონმა მიწოდა. ერთ დღეს გადავწყვიტე დესერტი მიმერთმია მისთვის. მივედი მასთან კაფეში ჩემი მომზადებული ტორტით, ამ დროს იქაურობა ხალხით იყო სავსე, რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა და ყველას გასაგონად თქვა: თქვენ არ იცით, ვინ მოვიდა, ეს ჩემი „პასტიჩერა ნინა ჯორჯიანა“ (ქართველი კონდიტერი ნინა) მოვიდაო. დღეს „ჩემი ოჯახის“ (ცნობილი ოჯახია, M. B. – რედ.) მეგობრები ამ სახელით მიცნობენ. ეს სახელი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უკვე მიცნობენ ერთი პატარა, მაგრამ დიდი გულის ქვეყნის შვილს.
შორიდან როგორ ჩანს ეს „ დიდი გულის პატარა ქვეყანა“?
„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“… ვეძებ იმ სითბოს, სურნელს, მაგრამ აქ ვერ მიპოვია. ქართულ ფილმს – „ფესვებს“ მუდამ თვალცრემლიანი ვუყურებდი, გადის დრო და ამ ტკივილის თანამოზიარე მეც გავხდი. დღემდე ვერ შევეგუე უცხო მიწას და ყოველდღე საქართველოს ვხედავ სიზმრად. ძლიერი ქალი ვარ, არ მეშინია სიძნელეების გადალახვის, მხოლოდ მონატრებამ, სიშორემ დამაჩოქა. ეს რომ უკეთ შეიგრძნო, ემიგრანტი უნდა გახდე, ამას კი არავის ვუსურვებ.
ყველაზე მეტად რაზე დარდობთ?
ვდარდობ იმას, რომ დავკარგე ლამაზი წლები ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნის ბედნიერების. ეს წლები აუნაზღაურებელია.
რამდენი შვილი გყავთ?
მყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
გარდა ოჯახისა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამიცნონ, როგორც ქართველი ემიგრანტი, გავაცნო ჩვენი ტრადიციული კერძები და ერთი სიტყვა მეც ვთქვა ემიგრაციაში, ქართული სამზარეულოდან.
და არა მარტო ქართული სამზარეულოდან, ხელსაქმისთვისაც პოულობთ დროს: ულამაზეს ყელსაბამებს ამზადებთ, თანაც… ჰალსტუხებისგან!
ყელსაბამების ისტორია ცოტა სასაცილოა. ერთ დღეს იტალიელმა მეგობარმა თავისი მეუღლის ჰალსტუხები მომიტანა, ნინა, გადასაგდებად დამენანა, შენ რაღაცას მოუხერხებო… და მგონი, გამომივიდა (იცინის)… საერთოდ მიყვარს ძველი რაღაცების გაცოცხლება, გზაში ლამაზი ღილიც რომ დავინახო, ავიღებ და წამოვიღებ. იმ წუთას არ ვფიქრობ, რას უნდა მოვარგო, მაგრამ საკმარისია ნაჭერს შევეხო, რომ იდეაც მოდის და ღილიც იკავებს მის კუთვნილ ადგილს. დედა მკერავია, მუდამ გული სწყდებოდა, მისი ხელსაქმე რომ არ ავიტაცე და ვფიქრობ, ახლა ჩემი კოლექცია რომ ნახა, ძალიან გაუხარდა.
იმდენ რამეს აკეთებთ, რომ თავისუფალი დრო ალბათ არც გრჩებათ…
თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო. ემიგრანტები ყოველ ხუთშაბათს ვხვდებით ერთმანეთს. მე ქუთაისიდან ვარ და გვირილობაც კი მოვაწყვეთ – ჩვენს ტრადიციებს არ ვივიწყებთ.
რომ არა ემიგრაცია, შეძლებდა თუ არა ნინო მიქაძე საყვარელი საქმის ასე პროფესიონალურ დონეზე შესწავლას და იქნებოდა თუ არა ასეთი რეალიზებული და წარმატებული? – ეს შეკითხვა თქვენსავით ემიგრანტს, ქალბატონ მაია ლომიძეს ეკუთვნის.
სამწუხარო ისაა, რომ რაც საქართველოში არ დაინახეს, სწორედ ის დაინახეს უცხოეთში. ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნიდან მომყვება, უცხოეთში არ მისწავლია ცხობა ან ქსოვა, ამას საქართველოშიც ვაკეთებდი, მაგრამ პროფესიული კუთხით ანაზღაურება იმდენად დაბალი მქონდა, რომ საქართველოში ეს ჩემი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო, აქ უფრო მეტად შევისწავლე და მუდამ ძიებაში ვარ. იმედი მაქვს, მომავალი თაობა მაინც დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს საქართველოში და არ დასჭირდება უცხოეთში გამგზავრება.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საქართველოში ყოფნა და ჩემი ხალხის შეფასებაა. მე აქედან ჩამოვიტან ყველა იმ ახალ იდეას, რომელიც გამოადგება ჩემს ოჯახს და ჩემს ხალხს, მაგრამ, ვფიქრობ, ემიგრაცია მაინც მუდამ ცუდი სიზმარი იქნება ჩემთვის. ჩემი ლამაზი სიზმარი და სამოთხე ჩემი საქართველოა.
თქვენი აზრით, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა?
ჩემს პირად გამოცდილებას გავუზიარებ: დასვენების საათებში შეისწავლონ ათ-ათი სიტყვა. +არასდროს მიაქციონ ყურადღება სხვის გაცვეთილ ფრაზას: „არ უნდა გააკეთო, თორემ მეტს მოგთხოვენ“. მუშაობას რომ იწყებ, თავად უნდა მოერგო, რადგან ყველა ოჯახი ინდივიდუალურია. ასე ვიცხოვრე მე, ზოგმა ვერ დაინახა, მაგრამ გამოჩნდა ოჯახი, რომელიც აფასებს ჩემს შრომას და ხელს მიწყობენ, რომ წარმოვჩნდე. ოცნების ასასრულებლად ბევრს ვშრომობ დღესაც, არ ვიცი, ამიხდება თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ოპტიმისტი ვარ და მუდამ კარგზე ვფიქრობ.
რაზე ოცნებობთ?
ჩემი ოცნებაა დავუბრუნდე მონატრებულ ფესვებს და ჩემი საყვარელი საქმის რეალიზება მოვახდინო კულინარიაში.
რას ფიქრობდით, უცხოეთში რომ მიდიოდით და რა სათქმელი გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე? რაზე დაგაფიქრათ იტალიამ?
სიმართლე გითხრათ, იმდენად ვიყავი პრობლემებით დატვირთული, როგორც ყველა საქართველოდან წამოსული, არც მიფიქრია, თუ რა ცხოვრება მელოდა. ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან გავიზარდე და, როგორც გითხარით, როდესაც დავბრუნდები, აქედან წამოვიღებ იმას, რაც კარგი და მისაღებია ჩემი ქართველი ხალხისთვის.
იტალიამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, სულ სხვა სამყაროში ხვდები და სულ სხვა ცხოვრების სწავლა გიწევს, თუ შეიძლება ასე ითქვას. მიუხედავად განვლილი რთული გზისა, ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღე, რომელმაც მყარად დამადგმევინა მიწაზე ფეხი.
ჩვენი ვებგვერდიდან რაიმეს ხომ არ ეტყოდით მკითხველს, თუნდაც სამზარეულოს კუთხით?
შემიძლია ახლად დამწყებთ კულინარიის კუთხით ჩემი გამოცდილებიდან პატარა რჩევა მივცე: არასდროს შეგეშინდეთ ინგრედიენტის აღების; არასდროს ჩასვათ სამზარეულო ჩარჩოში, რადგან არ არსებობს საზღვარი, რომლის გარღვევაც არ შეიძლება. მას უყვარს კრეატივი, იდეები და ექსპერიმენტები, რომელსაც თქვენი ოპტიმიზმი ემატება.
მიხარია, რომ დღეს საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა კულინარიის სფეროს, არ იკარგება ჩვენი ძველი ტრადიციული კერძები და ქართველი შეფ-მზარეულები უფრო და უფრო უწევენ პოპულარიზაციას ქართული სამზარეულოს კულტურას საზღვარგარეთ. ყურადღებით ვადევნებ თვალს მათ ჩვენებებს და სიამაყით მევსება გული. წარმატებები თითოეულ ქართველს!
დაბოლოს, თქვენი სურვილი…
ჩემი დიდი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ბედნიერი სახე ვნახო საქართველოში; ჩვენს მოხუცებს ჰქოდეთ ისეთივე პენსია, როგორიც იტალიაში აქვთ; საქართველოში იყოს ბევრი სამუშაო ადგილი, რათა ჩემს ქართველებს არ მოუხდეთ საკუთარი კერის მიტოვება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. ცხოვრებაში ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება – ჩვენ დავბრუნდებით!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
პოსტ სკრიპტუმის მაგიერ – ექსკლუზიური კერძი „ნინა ჯორჯიანასგან“
პასტა/სპაგეტი „პუტანესკა“
საჭირო პროდუქტი:
400 გ პასტა/სპაგეტი
500 გ თუნუქის ქილაში მოთავსებული, კონსერვირებული წვრილად დაჭრილი პომიდორი ან დაჭრილი ახალი პომიდორი
4 ანჩოუსის ფილე (acciughe-sott’olio)
100 გ უკურკო შავი ზეთისხილი
1 კბილი ნიორი
1 ჩ/კ კაპარი (capperi)
ოხრახუში
ცხარე წიწაკა
მარილი გემოვნებით
მომზადება:
1) ტაფაზე შევაწითლოთ ნიორი+ცხარე წიწაკა+ანჩოუსი+ოთხად დაჭრილი შავი ზეთისხილი+დაჭრილი კაპარი+პომიდორი და ვადუღოთ 15 წთ. როდესაც შეიშრობს ზედმეტ პომიდვრის წვენს, დავუმატოთ გემოვნებით მარილი და ოხრახუში.
2) ვხარშოთ სპაგეტი მარილწყალში, შეფუთვაზე მითითებული ხანგრძლივობით. გადავწუროთ და დავასხათ ტაფაზე შეკმაზული პომიდვრის სოუსი. ავურიოთ, კვლავ დავდგათ ცეცხლზე ორი წუთით, შემდეგ გადმოვდგათ. კერძი უნდა იყოს წიწაკიანი.
[wp-svg-icons icon=”food” wrap=”i”]
ასევე დაგაინტერესებთ: ხათუნა კიბაბიძე – „კავკასიელი ჯადოქარი“ იტალიაში
კომენტარები