ემიგრანტი ფსიქოლოგის რჩევა: „რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, იზრუნეთ, რომ ახალი დღის გათენებას პოზიტიურად შეხვდეთ“
მაკა კივილაძე 4 წელია ამერიკაში ცხოვრობს, სადაც საბერძნეთიდან ჩავიდა. იგი პროფესიით ფსიქოლოგი და მცენარეთა დაცვის სპეციალისტია, თან 4 ენას ფლობს: ქართულს (თავისთავად), ბერძნულს, ინგლისურს, რუსულს და მეხუთე ენის – ესპანურის შესწავლასაც აპირებს. ამჟამად მაკა, როგორც თვითონ ამბობს, „ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის მომვლელ-კომპანიონია“. როგორ მოხვდა ჯერ საბერძნეთსა და შემდეგ – შტატებში და როგორია მისი „ორგზის“ ემიგრანტული გამოცდილება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მაკა, საბერძნეთში იყავით წლების განმავლობაში, რატომ წახვედით ამერიკაში?
დაახლოებით 25 წლის წინ მქონდა რეალური შესაძლებლობა შტატებში ჩამოვსულიყავი, მაგრამ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და თან აქ არავინ მყავდა ახლობელი, ამიტომ მშობლებმა უარი მითხრეს; დიდი ხვეწნის შემდეგ გამიშვეს ევროპაში, ისიც იმ პირობით, რომ ორ თვეში უკან დავბრუნდებოდი. ის ორი თვე 21 წლად გადაიქცა. 4 წელია, რაც შტატებში ჩამოვედი, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ნიუ-ჯერსიში ვმუშაობ.
რა პროფესიის ხართ?
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მცენარეთა დაცვის სპეციალობით. როგორც კი სწავლა დავამთავრე, მაშინვე ემიგრაციაში წავედი. შემდეგ ათენის უნივერსიტეტში გავიარე თანამედროვე ბერძნული ენის სრული კურსი, მოგვიანებით კი კერძო სასწავლებელი დავამთავრე, სადაც ფსიქოლოგიას ვსწავლობდი. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა ცოტ-ცოტა ყველა გამომადგა ცხოვრებაში.
უცხოეთში თავის დამკვიდრებისას რა სირთულეებს ეჭიდება ადამიანი და კონკრეტულად თქვენ რისი გადალახვა მოგიწიათ?
უცხო გარემო არის „უცხო“ ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. ძალიან ბევრი რამის გადალახვაა საჭირო და, პირველ რიგში, ეს ნოსტალგიაა, რომელსაც ყველა განიცდის. როგორ შეეგუება და ადაპტირდება ადამიანი, ეს კომპლექსურ გარემოებებსა და ადამიანის ფსიქოტიპზეა დამოკიდებული, აგრეთვე, მის ასაკზე; იმაზე, თუ რამდენად კომუნიკაბელური და გახსნილია, რამდენად აქვს სურვილი, გაითავისოს უცხო ისე, რომ არც თავისი დაკარგოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, უცხო გარემო რამდენად ჰგავს იმას, რომელშიც მისი ბუნება ჩამოყალიბდა.
ალბათ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე, როცა პირველად საბერძნეთში წავედი. იქ საქართველოს მსგავსი გარემოა, ასაკი ხელს მიწყობდა და კომუნიკაციაც ძალიან ადვილია ჩემთვის. გამიმართლა, რომ კარგი ადამიანები შემხვდნენ, დღემდე მაქვს მათთან უთბილესი დამოკიდებულება და მყავს ბევრი კარგი მეგობარი. იქ, იმ ქვეყანაში ჩემი გულის ნაწილია.
შტატებში უფრო რთული აღმოჩნდა ადაპტირება. მიუხედავად იმისა, რომ აქ დამხვდნენ ჩემი ბავშვობის მეგობრები და, შეიძლება ითქვას, მათი წყალობით არაფერი გამჭირვებია, შედარებას მაინც ვერ გავაკეთებ დღევანდელი გადასახედიდან, რა იყო თავიდან და რა არის დღეს. აქ შევიძინე ახალი მეგობრებიც, რომლებსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს გულში და ყოველდღიურობაში. ამ მხრივ ძალიან იღბლიანი ვარ.
ისევ რომ დავუბრუნდეთ კითხვას, მთავარი სირთულე მაინც ნოსტალგიაა. რაც შეეხება ადაპტირებას, უნდა მოვემზადოთ და მოვერგოთ ახალ გარემოს, თუ გვინდა, რომ უფრო ადვილად გადავლახოთ სიძნელეები.
ღირს ადამიანი ამხელა რისკზე წავიდეს და ცხოვრება სულ ქვედა საფეხურიდან დაიწყოს?
მე ისეთ პერიოდში დავტოვე საქართველო, 90-იანებში, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ალბათ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი ფსიქოლოგიურად. ვერაფრით ვეგუებოდი იმ საშინელ სიტუაციას, რაც ქვეყანაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემს ოჯახს არ ჰქონდა გაჭირვება. ფონი იყო ძალიან მძიმე და გაუსაძლისი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ემიგრანტული ცხოვრებით და მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილებით – თუნდაც იმით, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და გავეცანი მათ ყოფას და კულტურას. ვარ აქტიური და არ შემოვიფარგლები მხოლოდ, უხეშად რომ ვთქვა, „ფულის კეთებით“, ეს საშინლად დამთრგუნავდა. არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან რთული ცხოვრება აქვთ ემიგრაციაში. ბევრ შემთხვევაში ეს მათი ბრალიც არის, რადგან საკუთარი თავი არ ახსოვთ და მხოლოდ თავიანთი ოჯახების და ახლობლების უზრუნველსაყოფად და გასახარებლად ცხოვრობენ.
რაც შეეხება სხვადასხვა ცხოვრებისეულ საფეხურს და წარმატებას?
მიუხედავად იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიმიღწევია ემიგრაციაში, მაინც ვთვლი: ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანს სხვადასხვა ქვეყანაში საუკეთესო მხრიდან გავაცანი ჩემი სამშობლო და საშუალება მომეცა დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ ახლობლებს და ეს არ არის მხოლოდ ფინანსური დახმარება. ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“, სადაც ერთ-ერთი მოდერატორი ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება თუნდაც რჩევებით, მძიმე ავადმყოფებს – ფინანსურად და ა. შ. ვთვლი, რომ ნებისმიერი ემიგრანტი წარმატებულია, რომელიც თუნდაც ერთ ოჯახს ეხმარება სამშობლოში და ცდილობს კეთილი საქმე აკეთოს (ქველმოქმედებას ვგულისხმობ).
როგორ უნდა მოიპოვოს ემიგრანტმა ამერიკაში სამუშაოდ ლეგალური საბუთები?
ეს არის ყველაზე რთული თემა. ხშირად ვამბობთ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც „მწვანე ბარათი“ მოიგეს, ვერასოდეს მიხვდებიან, რას ნიშნავს „ნამდვილი ემიგრანტობა“. როცა საბუთები გაქვს და ოფიციალურად შეგიძლია მუშაობა, მაშინ ყველაფერი გაცილებით იოლია. შტატებში ლეგალური სტატუსის მიღება არ არის ადვილი, თუმცა არც შეუძლებელია. არსებობს Extraordinarily ability – EB 1 immigrant visa, რომელსაც იღებენ ადამიანები, რომლებიც რაიმე განსაკუთრებული ნიჭით და შესაძლებლობებით გამოირჩევიან და ამით შეუძლიათ თავი დაიმკვიდრონ ამ ქვეყანაში. ბევრი აშშ-ის მოქალაქეზე ქორწინების გზით იძენს ლეგალურ სტატუსს და საბოლოოდ მოქალაქეობასაც იღებს. არსებობს პოლიტიკური ქეისები და ამ გზით მიღებული თავშესაფარი… დამიჯერეთ, ვინც ამ მიწაზე ფეხს დაადგამს, ყველა იღებს ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ლეგალური ემიგრანტი გახდეს. შემდეგ უკვე ინდივიდუალურია, ვის როგორ უღირს ამ მარათონში ჩაბმა – ამასაც ლეგალიზაციის რთული გზა ჰქვია.
რამდენად ხშირად ხვდებით ქართველ ემიგრანტებს?
როგორც კი ამის საშუალება მეძლევა, აუცილებლად ვხვდები მეგობრებს. ძირითადად, ეს ორ კვირაში ერთხელ ხდება, როცა დასვენების დღეები მაქვს, უქმეებზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ჰაერივით მჭირდება, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ინტერნეტით ხანგრძლივად ვსაუბრობ მეგობრებთან. ხანდახან მიკვირს კიდეც, რა გვაქვს ამდენი სალაპარაკო?! არის დღეები, როცა ვიკრიბებით და ერთად ძალიან სასიამოვნოდ ვატარებთ დროს. მიყვარს ჩემი მეგობრები, ისინი ჩემი ამერიკული ოჯახია.
ემიგრაციაში ყოფნის პერიოდიდან რაიმე საინტერესო ამბავს ხომ არ გაიხსენებდით?
თუნდაც სასაცილოს…
25 წელი ძალიან დიდი დროა და შეუძლებელია ბევრი გასახსენებელი არ ჰქონდეს ადამიანს. ძალიან, ძალიან იღბლიანი ვარ ამ მხრივ. ამორჩევაც კი მიჭირს, რა გავიხსენო. მოგზაურობების დროს უფრო შთაბეჭდილებებს ვაგროვებდი. სხვათა შორის, პირველად შტატებში ათი წლის წინ ვიმოგზაურე, ორი კვირა დავყავით კალიფორნიის შტატში და მოვინახულეთ ბევრი ქალაქი. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა სტენფორდის უნივერსიტეტმა და მის კამპუსში მოქმედმა მუზეუმმა, სადაც როდენის ცნობილი სკულპტურებია. იმ დღიდან მშურს ყველა სტუდენტის, რომელიც ამ უნივერსიტეტში სწავლობს. ასევე ვიმოგზაურე დისნეის სამყაროში, რაც ბავშვობის ოცნებად მქონდა. შტატების შემდეგ აღმოვჩნდი მისტიკურ ეგვიპტეში, სადაც ფართოდ გახელილი თვალებით ვაკვირდებოდი იმ საოცარ სამყაროს…
კურიოზიც ბევრი გადამხდენია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ უცნობი ადამიანებისთვის მათ გაზიარებას ძალიან დაფიქრება უნდა. ბევრი ისე ვერ იგებს, როგორც გინდა, რომ მიიტანო, ამიტომ უფრო „ლაითს“ ავირჩევ მოსაყოლად:
საბერძნეთში ყოფნისას ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებად წავედით ქალაქ ნავპლიოში (საბერძნეთის ძველი დედაქალაქი) და სასტუმროში დავბინავდით. გადამღები ჯგუფი ძალიან ადრე გადიოდა გადასაღებ მოედანზე, მაგრამ რადგან მე ბავშვთან ერთად ვიყავი, სასტუმროში ვრჩებოდი და მოგვიანებით ვუერთდებოდი დანარჩენებს. ახალი გამოცვლილი იყო ფულის ერთეული და რადგან ისედაც არ მაქვს კარგი დამოკიდებულება ფულის ხარჯვის მართვასთან, ის პერიოდი იყო სრული კატასტროფა, სანამ ახალ ფულს შევეგუებოდი. ყოველ დილით სასტუმროს სასადილო ოთახში ვსაუზმობდით და რამდენიმე დღეში შევნიშნე, რომ ჩემს მაგიდასთან ერთის მაგივრად ორი-სამი მიმტანი ჩამოდგებოდა და ხანდახან ერთმანეთშიც კინკლაობდნენ, სანამ მაგიდას მოუახლოვდებოდნენ. როგორც მერე გავარკვიე, თურმე თითოეულს ვაძლევდი იმდენ „პურბუარს“ (ფრანგ. – Pour Boire), რამდენსაც ორი დღის განმავლობაში მე ხელფასს ვიღებდი. ძალიან დამწუხრებული სახით და დიდი მადლობებით გამომაცილეს, მაგრამ მე საერთოდ არ მქონდა იგივე შეგრძნება, როცა გავაანალიზე, რა მქონდა ჩადენილი. 🙂
ერთხელ კუნძულზე მივდიოდი, იქ მეგობარი უნდა მომენახულებინა და შტორმის გამო სხვა კუნძულზე აღმოვჩნდი, სადაც ტურისტული სეზონის გამო სასტუმროებში ადგილები არ იყო. ასე აღმოვჩნდი ერთ ოთახში პორტუგალიელ გეი ტურისტებთან ერთად და საოცრად მხიარულად გავატარეთ ის დრო… 🙂
ამერიკულ ცხოვრებაზეც გვიამბეთ, თუ შეიძლება…
ამერიკულ ცხოვრებაში ჩემს რეალურ მიღწევებზე ვერაფერს გეტყვით ჯერჯერობით. ძალიან მინდა, სამომავლოდ ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმნა ისეთი ფონდი ან საზოგადოება, თუნდაც ემიგრანტული მოძრაობა, რომელსაც ექნება საქველმოქმედო დანიშნულება და ეყოლება ამერიკელი პარტნიორები. ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად გამოგვივა, რაც ჩავიფიქრეთ.
დაოჯახებული ხართ?
არ ვარ დაოჯახებული. მყავს შვილი, სანდრო, რომელიც ჯერ 6 წლის არ არის. სანდრო საბერძნეთში დაიბადა და აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ბერძნული ენა შევასწავლო და ის ქვეყანა შევაყვარო, სადაც დაიბადა. ჩემი ბიჭუნა საქართველოშია, დედა მიზრდის.
როგორია მომხიბვლელი ქალბატონის ერთი საქმიანი დილა?
გმადლობთ ქათინაურისთვის. დილა იწყება 7 საათზე და თითქმის ყველა დილა ჰგავს ერთმანეთს, იშვიათი გამონაკლისების გარდა. წლებია მაქვს ერთი ჩვეულება, რომელსაც გაგიმხელთ: პირველი, რასაც ყოველ დილით ვაკეთებ და არ ვცვლი არასოდეს, როგორი განწყობითაც არ უნდა გავიღვიძო, არის ის, რომ აბაზანაში შესვლისას სარკეში თვალს ვუკრავ ჩემს ანარეკლს და ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ჩვეულება, რომელიც უკვე რელიგიასავითაა ჩემთვის, რადგან აბსოლუტურად მჯერა დადებითი ენერგიის და იმის, რომ როგორი დამოკიდებულებაც აქვს ადამიანს საკუთარი თავის და პრობლემების მიმართ, რა ენერგიასაც გზავნის კოსმოსში, იმავე ენერგიით იმუხტება. მეუბნებიან, რომ გამოვცემ საოცარ სიმშვიდეს და მაქვს ძალიან დადებითი აურა. ბუნებით ვარ მშვიდი, თუმცა მეც მაქვს ხანდახან შინაგანი „ისტერიკა“, მაგრამ ვცდილობ, ვმართო და ამით ირგვლივ არავინ დავაზიანო. როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, „მაკას აქვს ნერვი, მაგრამ არ აქვს ნერვები“. 🙂
ჩემი რჩევაა: რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, იზრუნეთ იმაზე, რომ ახალი დღის გათენებას პოზიტიურად შეხვდეთ. ეცადეთ და – ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩვევად გექცევათ და ცხოვრება გაგიადვილდებათ.
რომელია საყვარელი სფერო, რომელშიც საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ?
ალბათ ნებისმიერი სფერო, სადაც შინაარსიან ადამიანებთან მექნებოდა ცოცხალი კომუნიკაციის და თანამშრომლობის საშუალება. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვიმოგზაურებდი განვითარებად ქვეყნებში და დავეხმარებოდი ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში. ყველაზე მეტად ამ ეტაპზე ეს იდეა მიზიდავს.
რაზე ოცნებობდით, პატარა რომ იყავით?
საერთოდ, ძალიან რეალისტი ვარ, ამიტომ ოცნებებიც რეალური მქონდა, თუმცა ცხოვრებამ და გარემოებებმა ბევრი რამ შეცვალა. ადრეულ ბავშვობაში, როცა რაჭაში ჩავდიოდი და ბებოს „მდიდარი“ აფთიაქით ვთამაშობდი (ცარიელი ბოთლებით), მინდოდა ფარმაცევტი ვყოფილიყავი და ადამიანები, ჩემი პატარა მეგობრები განმეკურნა. მერე მსახიობობა მინდოდა და დრამატულ სტუდიაში დავდიოდი რამდენიმე წელი. ამანაც გადამიარა და გამოჩნდა ის, რაც მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული და აუხდენელი ოცნება გახდა: ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ჟურნალისტი-რეპორტიორი. ამისთვის ჩუმად, დიდი ხნის ნაგროვები ფულით ვემზადებოდი ორ რეპეტიტორთან; ვწერდი ნოველებს, ჩანახატებს, მაგრამ საბოლოოდ ოჯახმა არ მომიწონა არჩევანი და გადაწყდა, რომ მამის კვალს გავყოლოდი. დღემდე ძალიან ვნანობ, რომ არ დავიცავი და დავთმე ჩემი ოცნება. ამიტომ ვურჩევ ყველას, გაჰყვნენ თავიანთ ოცნებებს, აქციონ რეალობად ის, რისი კეთებაც გააბედნიერებთ.
რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრი მათგანი ემიგრანტია და ჩემი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ქართველები ჩვენი ემიგრანტობით განვსხვავდებით სხვა ერებისგან. ძალიან ცოტაა პროცენტულად იმ ქართველი ემიგრანტების რიცხვი, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობენ. ათწლეულებიც რომ გავიდეს, ასე ვთქვათ, ჩემოდნებზე სხედან და მუდმივ გაურკვევლობაში არიან. არავინ იცის, როდის დაბრუნდება სახლში, მაგრამ მაინც ყოველდღე ამ ფიქრით უთენდება და უღამდება. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად მოქმედებს, ასეთი ადამიანები ადაპტაციასაც ძალიან ცუდად გადიან და პრობლემებსაც ძნელად უმკლავდებიან. ამიტომ ვეტყოდი მათ: თუ დამკვიდრებას არ გადაწყვეტთ, მაშინ დაისახეთ მიზანი და ამ მიზნისთვის განსაზღვრეთ დრო. მიაღწიეთ თქვენს მიზანს და დაბრუნდით.
ასევე ვურჩევდი იმ დედებს, რომლებიც ბოლო კაპიკს გზავნიან ოჯახში და შვილებს ფუფუნებას არ აკლებენ: ნუ დაუმახინჯებთ ფსიქიკას თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს და ნუ გადაიქცევით კაპრიზების დაკმაყოფილების ობიექტებად. თქვენი ნაშრომი მათი განათლებისთვის მიმართეთ და დარწმუნებული იყავით, მხოლოდ მაშინ დაგიფასდებათ თქვენი თავგანწირვა და აზრი ექნება ოჯახთან განშორებას. ეცადეთ, ემიგრაციაში საკუთარი თავი არ დაგავიწყდეთ და გახსოვდეთ, რომ შვილებს და მეუღლეებს ლამაზები და ლაღები უფრო სჭირდებით. გაძლება მოგცეთ და ხვალინდელი დღის იმედი.
როგორია თქვენი გეგმები?
მინდა ამ ზაფხულს ჩემს შვილთან ერთად ვიმოგზაურო და მოვინახულო ჩემი მეგობრები სხვადასხვა ქვეყანაში. შტატებში რომ დავბრუნდები, ალბათ დავიწყებ ესპანურის სწავლას, რომელიც მეხუთე ენა იქნება და თან ძალიან საჭირო. მინდა ჩამოყალიბდეს ემიგრანტული მოძრაობა და ჩვენ, ემიგრანტებს გვქონდეს ხმა და წვდომა საქართველოს რეალობაში – თუნდაც საკანონმდებლო ორგანოში გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს პრობლემებს მიიტანს შესაბამის სტრუქტურებამდე. დანარჩენი ზემოთ ვთქვი და აუცილებლად ვიზრუნებ, რომ განვახორციელო.
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები