ფსიქოლოგის თვალით დანახული პრობლემები, რომლებიც ემიგრანტებს აწუხებთ
დღესაც, გლობალიზაციის შემოტევის ეპოქაში, როდესაც საზღვრები თითქოს პირობითი გახდა, საქართველოდან წასული ემიგრანტები ნოსტალგიით იტანჯებიან. შვილების, ოჯახის, ახლობლების დატოვების მთავარი მიზეზი კი, უმეტესად, ეკონომიკური პრობლემებია… სტატისტიკა შემაშფოთებელია – ქვეყნიდან მიდიან გამოცდილი სპეციალისტები: ექიმები, პედაგოგები, ინჟინრები, რომლებიც უცხო ქვეყნებში სხვების სახლებს ალაგებენ, მოხუცებს უვლიან, კაფეებში ჭურჭელს რეცხავენ… ასე „იკარგებიან“, „ეგუებიან“, „ითქვიფებიან…“ საბედნიეროდ, ნაწილს უმართლებს და დიდი მცდელობის შედეგად წარმატებას აღწევს, კარგ სამსახურს ან თავის პატარა ბიზნესს იწყებს და მატერიალურად ძლიერდება, მყარ საფუძველს იძენს…
რა გავლენას ახდენს ქართველ ემიგრანტებზე განსხვავებული სოციალური და კულტურული გარემო, რა ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვა უწევთ მათ უცხო ქვეყანაში ცხოვრების დროს? – ამ საკითხებზე თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა გვესაუბრება:
ქალბატონო ეკატერინე, 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისიდან განსაკუთრებით გაიზარდა მიგრაციის ტალღა საქართველოდან. თქვენი კვლევებიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, რა არის ამის მიზეზი?
მიგრაცია არ არის ახალი ფენომენი – ადამიანები მუდმივად მიდიან სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მოტივით. ზოგჯერ ეს გამოწვეულია სხვა ქვეყანაში ცხოვრების ძლიერი სურვილით, ზოგჯერ ეკონომიკური, ზოგჯერ პოლიტიკური გარემო და პირობები ქმნის წასვლის აუცილებლობას. მიგრაციაც სხვადასხვა ტიპისაა: შეიძლება შენსავე ქვეყანაში გადახვიდე სოფლიდან ქალაქში, ანდა, პირიქით… მაგრამ განსაკუთრებით რთულია, როდესაც სხვა, უცხო ქვეყანაში მიდიხარ, ამასთან, ქვეყანასაც გააჩნია.
კვლევის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანაში ჩემ მიერ ჩატარებული ინტერვიუების დროს ემიგრანტები ამბობდნენ, რომ საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად წასვლის ძირითადი მიზეზი სამსახურის უქონლობა, ბანკის ვალები და უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი იყო, თუმცა მათი ისტორიებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. თავიდან უმეტესობას ჰგონია, რომ ემიგრაციაში წასვლა არის ერთადერთი გამოსავალი, რათა შვილების განათლება უზრუნველყონ, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესონ; ხანდახან მიდიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ რომელიმე უცხო ქვეყანაში უფასო მკურნალობის პროგრამაში მოხვდნენ, ანდა განათლების მისაღებად; კიდევ ერთი ვარიანტია: ყველგან წახვალ, ოღონდ ამ ქვეყანაში არ იცხოვრო… ყველა ეს ვარიანტი ქართველებს მეტ-ნაკლებად გვეხება.
მაინც რა ძირითადი პრობლემები იჩენს თავს ემიგრაციაში?
მოგეხსენებათ, ემიგრანტის ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ადამიანი იცვლის საკუთარ გარემოს.
მიგრაციის მკვლევრები და ფსიქოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უცხო ქვეყანაში ემიგრანტებს აქვთ ხოლმე კულტურული შოკი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი კულტურული ღირებულებები ძალიან განსხვავდება იმ ქვეყნისა და საზოგადოების კულტურული ფასეულობებისგან, სადაც მიდიან.
პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად, რა გარემოში მიდიხარ. როდესაც გამოუვალი მდგომარეობის გამო გიწევს წასვლა, თავიდან თითქოს სულერთია, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ასე არ არის.
კვლევის პერიოდში არაერთი ისტორია მომისმენია: მაგალითად, იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოუვალი მდგომარეობის გამო არიან წასულები – ქალები, რომლებიც მომვლელებად მუშაობენ, თითქოს ერთი შეხედვით დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებიან, მაგრამ ეს ისტორიები, სამწუხაროდ, რეალურია. ახლობელი მიყვებოდა, რომ იმ ოჯახში, სადაც მოხუცს უვლიდა, მასაც იქ უდებდნენ საჭმელს, სადაც მათი ძაღლი ჭამდა. ამგვარი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, დამამცირებელია და ძლიერ სტრესს იწვევს. ემიგრაციაში წასულ ადამიანს ხშირად არანაირი სტატუსი არ აქვს, მაშინ როდესაც თავის ქვეყანაში ის „შემდგარი“ იყო. შენს ქვეყანაში გყავს მეგობრები, კლასელები, ოჯახის წევრები, რომელთათვისაც შენ „რაღაცას“ წარმოადგენ, გაღიარებენ, სიყვარულს და ყურადღებას გამოხატავენ, იქ კი სულ მარტო ხარ, არავის აინტერესებს შენი ცხოვრება, „არავინ“ ხარ…
თუნდაც აშშ-ში, რომელიც მულტიკულტურული ქვეყანაა და სადაც ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, იგივე სიტუაციაა: მაგალითად, როდესაც ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან და ერთმანეთის ისტორიებს ისმენენ, ისინიც კი აღარ ანიჭებენ მნიშვნელობას, ვინ რას წარმოადგენდა მშობლიურ ქვეყანაში: იქ ყველა „ვიღაცა“ ვიყავითო, ამბობენ. პიროვნული კრიზისი ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის და, მათ შორის, ქართველებისთვისაც.
როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდით ქართველ ემიგრანტებს კვლევების დროს. არის თუ არა არსებითი ხასიათის განსხვავება გარემოს მხრივ, თუ რომელ ქვეყანაში მიდის ქართველი ადამიანი ემიგრაციაში?
როგორც მკვლევარმა, კვლევები ჩავატარე ამერიკაში, პორტუგალიასა და საფრანგეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი სურათი ერთნაირია – ინტერვიუებიდან გამოჩნდა, რომ ქართველებს ყველაზე ძალიან უჭირთ შეგუება ინსტიტუციურ ღირებულებებთან, რომლებიც ჩვენგან ძალიან განსხვავდება. ეს სხვაობა გამოიხატება თუნდაც მეგობრობაში, დედაშვილობაში, ოჯახსა და ნათესაობასთან ურთიერთობაში. მაგალითად, საქართველოში ასეა: მეგობარი რჩება ჩემს მეგობრად იმის მიუხედავად, ერთად ვიმუშავებთ თუ არა, მეგობარი ჩემს ოჯახსაც იცნობს, ოჯახში სტუმრად მოდის. იქ კი ურთიერთობები სრულიად განსხვავებულია, რასაც ქართველები მტკივნეულად განიცდიან.
ერთ-ერთი რესპონდენტი მიყვებოდა, რომ მეგობრობდა ადგილობრივ მცხოვრებთან, ბავშვებს ერთად ასეირნებდნენ და ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, თუმცა მის სახლში არასდროს ყოფილა. ოჯახური ურთიერთობების აღქმაც სხვანაირია – სხვა ქალაქიდან ჩამოსულმა დამ შეიძლება საკუთარი ძმა თავისთან სტუმრადაც კი არ მიიღოს და ეს ნორმალურ მოვლენად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა, ქართველებისთვის ეს უჩვეულო და გასაოცარია. ყველაზე მეტად ასეთი დამოკიდებულება და ურთიერთობები ფსიქოლოგიურად რთული გადასახარში აღმოჩნდა პირველი თაობის ემიგრანტებისთვის, ხოლო მეორე თაობის ემიგრანტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში წავიდნენ, ან მათთვის, ვინც იქ დაიბადა და ადაპტირდა, ნაკლებად მტკივნეულია.
ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ფსიქოლოგიური პრობლემების გარდა, ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ემიგრანტებში ძალზე ხშირია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათი უმეტესობა კი დეპრესიით იტანჯება, რომელიც ახლობლების, სამშობლოს დატოვებით არის გამოწვეული.
როგორ ეგუებიან ემიგრანტები ახალ გარემოს და როგორ მიდის ეს პროცესი?
რამდენიმე ვარიანტია: ან უნდა შეეგუო და მიიღო იმ ქვეყნის ცხოვრების სტილი და ტრადიციები, კულტურა, სადაც ცხოვრობ, ან უნდა იცხოვრო ჩაკეტილმა, განმარტოებით…
ახალ ქვეყანაში ახალ გარემოსთან შეგუებას, ადაპტაციას სოციოლოგები ასიმილიაციას უწოდებენ, ფსიქოლოგები – აკულტურაციას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ახალ გარემოში ცხოვრების დროს ქცევა შესაბამისია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობ, იმიტომ რომ სხვა გზა არა გაქვს – „სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო“, ამავე დროს, შეინარჩუნო, რაც თან დაგაქვს.
აკულტურაციის დროს ემიგრანტებს რამდენიმე საფეხურის გავლა უწევთ: პირველი საფეხური – როდესაც „ითქვიფები“ იქაურ კულტურაში და ისეთი ხდები, როგორებიც ისინი არიან. ასევე, არის სეპარაცია – როდესაც არ იღებ იმ კულტურას, შენთვის ცალკე ხარ, მაგრამ ხელს არავის უშლი, ანდა, მარგინალური ხდები – ვერავის იტან, მაგრამ ეგუები, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.
ესაუბრა შურთხია ბეროშვილი
კომენტარები