მსოფლიოკრიმინალი

ნიუ-იორკის იტალიურ-ამერიკული მაფიოზური „ოჯახის“ ბოსი გარდაიცვალა

33-წლიანი პატიმრობის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთი დიდი დანაშაულებრივი დაჯგუფების ბოსი – კარმინე პერსიკო (CARMINE PERSICO) გარდაიცვალა. იგი 85 წლის იყო. კარმინე პერსიკოს 139-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ BBC წერს.

მაფიის ბოსის ადვოკატის ინფორმაციით, მისი სიკვდილი დიაბეტისგან გამოწვეულმა გართულებებმა გამოიწვია. გარდაცვლილს ცოლი, ორი შვილი და ერთი 15 წლის შვილიშვილი დარჩა.

კარმინე პერსიკოს ერთ-ერთი მეტსახელი იყო „გველი“ (The Snake), რომელსაც თავად თურმე ვერ იტანდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, პერსიკო თავის დანაშაულებრივ დაჯგუფებას ციხიდანაც მართავდა და, აქედან გამომდინარე, მაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ბოსი იყო.

კარმინე პერსიკო 1933 წელს ბრუკლინში დაიბადა იურიდიული ფირმის სტენოგრაფისტის ოჯახში. იგი ჯერ კიდევ მოზარდობისას დააპატიმრეს მკვლელობის ბრალდებით.

პერსიკომ 17 წლის ასაკში მიატოვა სწავლა და ქუჩის ბანდის ლიდერი გახდა. იგი 1970-იან წლებში ნიუ-იორკის ხუთიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი იტალიურ-ამერიკული მაფიოზური „ოჯახის“ – „კოლომბოს“ ლიდერი გახდა სხვა ლიდერებთან შიდა ომებში გამარჯვების შედეგად.

პერსიკო ციხეში 1986 წლის ცნობილი ოპერაციის შედეგად მოხვდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ის პროკურორი მანჰეტენში რუდოლფ ჯულიანი (შემდგომში – ნიუ-იორკის მერი და ამჟამად დონალდ ტრამპის ადვოკატი).

სასამართლოზე პერსიკო თავად იცავდა თავს, თუმცა წარუმატებლად – მას 139-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„კოლომბოს“ ბოსი დამნაშავედ ცნეს მაფიოზური ოჯახის ლიდერობაში, მას დაუმტკიცდა ბრალი, რომ პროფკავშირებს და სამშენებლო კომპანიებს მილიონობით დოლარს სძალავდა.

პერსიკოს სახელი, არსებული ინფორმაციით,  20 მკვლელობას უკავშირდება, რომელთაგან ზოგი უშუალოდ მან ჩაიდინა, ზოგი კი მისი ბრძანებით მოხდა.

„ის იყო ყველაზე მომხიბვლელი ფიგურა, რომელსაც კი შევხვედრივარ ორგანიზებული დანაშაულის სამყაროში, – თქვა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ყოფილმა ფედერალურმა პროკურორმა ედვარდ მაკდონალდმა. – თავისი ინტელიგენტურობისა და ამტანობის გამო პერსიკო უკვე 17 წლის ასაკში იქცა ლეგენდად, ხოლო შემდგომ, როგორც მაფიის ბოსი, „სახალხო გმირი“ გახდა ბრუკლინის ზოგიერთ რაიონში“.

პერსიკოს ადვოკატის, ბენსონ ვაინთრაუბის მტკიცებით, იგი ციხეში არასათანადო პირობებში იმყოფებოდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

წყარო: BBC

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close