საქართველოდან – ჯორჯიაში: 17 წლის ქართველი კალათბურთელის წარმატებები ამერიკაში
„მე თვითონ დავეხმარე ჩემს თავს ყველა სირთულის გადალახვაში. სამშობლოს და ოჯახის მონატრება ჩემი რთული რეჟიმითა და დროის არქონით გადავლახე“…
ბუკა ფეიქრიშვილს საყვარელი მასწავლებლის რჩევამ გადააწყვეტინა საკალათბურთო ცხოვრებაში შებიჯება. იგი 3 წლის წინ, 15 წლისა, სრულიად მარტო გაემგზავრა აშშ-ში, ამჟამად ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, აშშ) ცხოვრობს და HOLY SPIRIT PREPARATORY SCHOOL-ში სწავლობს. თავისი გუნდის შემადგენლობაში ბუკა ორჯერ ზედიზედ გახდა ჯორჯიის შტატის ჩემპიონი, ახლახან დასრულებულ სეზონზე კი მისი გუნდი ფინალში მხოლოდ 3 ქულით დამარცხდა.
ბუკა, რა ასაკში დაინტერესდი კალათბურთით და ჰქონდა თუ არა ამას კონკრეტული მიზეზი?
კალათბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყოველთვის მაღალი ბავშვი ვიყავი და გადავწყვიტე ჩემი ბედი მეცადა, თანაც კალათბურთის თამაში ჩემმა უსაყვარლესმა დამრიგებელმა, ფრანგულის მასწავლებელმა ხათუნა ლონდარიძემ დამაწყებინა. მან მირჩია მეცადა და მეთამაშა, მეც ვცადე…
რომელ გუნდში თამაშობდი საქართველოში და რა არის შენთვის იმ პერიოდის დასამახსოვრებელი მომენტები?
საქართველოში „ჰიუნდაიში“ ვთამაშობდი, თავიდანვე ამ გუნდში დავიწყე თამაში. პირველ ტურნირზე რომ გავედით, 10 წლის ვიყავი და მესამე ადგილი დავიკავეთ, საუკეთესო მოთამაშის პრიზი ავიღე. მას შემდეგ, როგორც წესი, ყოველთვის რაიმე ტიტულის მფლობელი ვხდებოდი. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტიტულია 16 წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავება და B დივიზიონიდან A დივიზიონში გადასვლა.
როდის და როგორ აღმოჩნდი ამერიკაში?
15 წლის ვიყავი, როცა პირველად ჩამოვედი და უკვე 3 წელია აქ ვარ. Holy Spirit Preparatory School-ის გარდა 4-5 სკოლიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ საუკეთესოდ ეს ჩავთვალე – Holy Spirit Preparatory School-ში მწვრთნელთან საუბრის შემდეგ ჩემთვის ფავორიტი ეს სკოლა გახდა. ჩემი მწვრთნელია გრეგ მაკლერი (Greg Mcclaire), სწორედ ჩვენი ურთიერთობა აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი.
რას გვეტყვი ამ სკოლაზე? რა იყო მთავარი სირთულე – თანატოლებთან, თანაგუნდელებთან ურთიერთობაში ხომ არ გქონია პრობლემები?
მთავარი სირთულე სკოლა იყო, რადგან კათოლიკური სკოლაა, რომელსაც ძალიან მკაცრი წესები და გრაფიკი აქვს. სკოლა 8 საათზე მეწყება, მაგრამ დილის 6 საათზე ყოველთვის ვარჯიში მაქვს და 5 საათზე მიწევს გაღვიძება. ამ ყველაფერთან მიჩვევას დიდი დრო სჭირდება, ძალიან მკაცრი დისციპლინაა, მაგალითად, სკოლაში გაკვეთილზე ლაპარაკი, ძილი, უყურადღებობა ისჯება გაკვეთილების შემდეგ 2 საათით დარჩენითა და სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობით. თანატოლებს და თანაგუნდელებს ძალიან კარგად შევეწყვე და მათთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
ვინ ან რა დაგეხმარა, ასეთ პატარა ასაკში სამშობლოსა და ოჯახისგან შორს ყოფნისა და სკოლის მკაცრი რეჟიმის შეგუების სირთულეები რომ დაგეძლია?
მე თვითონ დავეხმარე ჩემს თავს ყველა სირთულის გადალახვაში. სამშობლოს და ოჯახის მონატრება ჩემი რთული რეჟიმითა და დროის არქონით გადავლახე. ყოველთვის ან სკოლაში ვიყავი, ან დარბაზში და მთლიანად ამაზე ვფიქრობდი.
რა დროს უთმობ სწავლას და როგორი მოსწავლე ხარ?
ნიშნები ძალიან კარგი მაქვს, მინიმუმ 2 საათს ვუთმობ დავალებების მომზადებას. კალათბურთიდან გამომდინარე, დილის ვარჯიშების შემდეგ ძალიან ვიღლები და რამდენჯერმე ჩამძინებია კიდეც გაკვეთილზე, რის გამოც დავისაჯე. ვაპირებ კალათბურთის გარდა სხვა პროფესიის დაუფლებასაც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, რას დავეუფლები.
ახლა სად თამაშობ, რა პოზიციაზე, რა სიხშირით გაქვს მატჩები?
ახლა Holy Spirit Preparatory School-ში Shooting guard-ის (მსროლელი თავდამცველი) პოზიციაზე ვთამაშობ. სეზონი სამი დღის წინ დამიმთავრდა და 35 თამაში ვითამაშეთ. სეზონის განმავლობაში რვა სხვადასხვა შტატში მომიწია მოგზაურობა. წელს ყველაზე რთული გრაფიკი გვქონდა მთელ ამერიკაში. ყველაზე დასამახსოვრებელი Montverde Academy-ს და IMG Academy-ს წინააღმდეგ თამაში იყო, რადგან ნომერი პირველი და მეორე სკოლაა ორივე და უდიდესი კონკურენცია იყო. ზედიზედ ორი წელი ჯორჯიის შტატის ჩემპიონები ვიყავით და სამი დღის წინ შტატის ჩემპიონატის ფინალში სამი ქულით დავმარცხდით.
რა დატვირთვით ვარჯიშობ და განსხვავებულია თუ არა ვარჯიშის სისტემა საქართველოსგან?
დღეში ორჯერ: პირველი ვარჯიში დილის 6 საათზე მაქვს, მეორე – შუადღის ოთხ საათზე. ზოგჯერ დღეში სამჯერაც ვვარჯიშობ. ტრენაჟორებზე – 4 დღე კვირაში, სკოლის განმავლობაში. მომზადების სისტემა ძალიან განსხვავებულია. სკოლაში მხოლოდ ერთი კალათბურთის გუნდია, ამიტომ დარბაზის რესურსი მაქვს, როცა მომინდება. ეს ძალიან დიდი ფაქტორია ჩემს განვითარებაში. საქართველოში დღეში ერთი ვარჯიში მქონდა (თუმცა ინდივიდუალურადაც ხშირად ვვარჯიშობდი), აქ – ორი ან სამი და კონკურენციაც ვარჯიშისას ბევრად მაღალია.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენად ხშირად გიძახებენ და, საერთოდ, საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხარ ხოლმე?
ნაკრებში ყოველ წელს მიძახებენ. ენით აუწერელი, საუკეთესო გრძნობაა შენი სამშობლოს სახელით თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი წელი ვერ ნახულობ შენს ქვეყანას. საქართველოში მხოლოდ ერთი თვით თუ ვახერხებ ჩამოსვლას მთელი წლის განმავლობაში. დღესასწაულებზე აქ ვარ და აქ აღვნიშნავ. ზოგჯერ ჩემს მეგობრებს ამერიკაში ქართულს ვასწავლი, ძალიან მოსწონთ.
თავისუფალ დროს რას აკეთებ, როგორ ერთობი? პირადი ურთიერთობებისთვის გრჩება დრო?
თავისუფალ დროს მძინავს. მეგობრებთან ერთადაც ვატარებ დროს, თუმცა ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ძილს ვამჯობინებ. პირადი ურთიერთობები ამ დროისთვის ჩემთვის ბოლოხარისხოვანია.
თუ გაქვს რაიმე ჰობი?
Fortnite გახდა ერთი წელია ჩემი ჰობი, თამაშია. ასევე კულინარია, რამაც იტალიაში, რომში სინჯებზე ყოფნის პერიოდში დამაინტერესა. 12 წლის ვიყავი მაშინ, 13 წლისა დასარჩენად უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩემი წასვლა ვერ მოხერხდა. იტალიაში პასტის რამდენიმენაირად მომზადება ვისწავლე, თუმცა ჩემი საყვარელი კერძი ალბათ მაინც მწვადია.
ყველას ჰყავს თავისი იდეალი, ვინ არის შენთვის ასეთი კალათბურთელი და თუ გაქვს შეხება ქართველ ვარსკვლავებთან, რომლებიც NBA-ში თამაშობენ?
ჩემი იდეალი მანუჩარ მარკოიშვილია. იმ დღიდან, რაც კალათბურთზე სიარული დავიწყე, მამაჩემი ყოველთვის მიყვებოდა მანუჩარის შესახებ – როგორი შრომისმოყვარეა და როგორი მოტივირებული იყო. მე იმავე პოზიციაზე ვთამაშობ, რომელზეც მანუჩარი და ძალიან დიდ პატივს ვცემ. NBA-ში ამ დროისთვის მხოლოდ ზაზა ფაჩულიაა. ატლანტაში რომ იყო ჩამოსული, ვნახე ზაზაც და მთლიანად Golden State-ი.
რომელ გუნდში თამაშია შენი მთავარი მიზანი?
NBA-ს ნებისმიერ გუნდში თამაში ჩემი ოცნებაა და ვნახოთ, რა როგორ იქნება, მაგრამ გამოვარჩევდი Los Angeles Lakers-ს.
ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და ახლო მეგობრები მენატრება. საწუხაროდ, ბევრის ნახვას ვერ ვახერხებ ჩემი ერთთვიანი ვიზიტის დროს საქართველოში.
ბუკა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახე ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად. საინტერესო იყო შენთან საუბარი, დიდ წარმატებას გისურვებ საკალათბურთო და პირად ცხოვრებაში.
პირიქით, დიდი მადლობა თქვენ.
ესაუბრა ნათია მიხელიძე
კომენტარები