მომავლის პროგნოზირება სიზმარში ნანახი რიცხვებით
სიზმრებს ყოველთვის უდიდესი ყურადღება ექცეოდა და ექცევა დღესაც. ყველამ იცის, რომ ძველად სიზმარში ნანახი სიმბოლოებისა თუ მოვლენების მიხედვით მომავლის განჭვრეტას ცდილობდნენ. სამეფო კარზე ჰყავდათ სიზმრის ამხსნელი, რომელსაც სიზმრის მიხედვით მომავლის პროგნოზირება ევალებოდა.
ამჟამად სიზმრების ასახსნელი უამრავი ცნობარი და წიგნია გამოსული, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ყველაფერი როდია ცნობილი. მაგალითად, ცნობილი ადამიანების სიზმრები, გამომდინარე თანამედროვე ცხოვრებიდან, ძალიან განსხვავდება გასული საუკუნეების ადამიანების სიზმრებისგან. გერმანელი ასტროლოგები სპეციალურად იკვლევდნენ ამ ფაქტს და დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანები სიზმარში ძალიან ხშირად ხედავენ რიცხვებს. მათი აზრით, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში უხდებათ ურთიერთობა რიცხვებთან. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ასტროლოგებმა შეიმუშავეს ის ძირითადი მომენტები, რომლებიც ხსნიან, თუ რას ნიშნავს სიზმარში ნანახი ესა თუ ის რიცხვი.
რიცხვი ერთის დასიზმრების შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება რაღაც ცვლილებებს მოითხოვს. კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ დღევანდელი მდგომარეობა – მასში არის რაღაც ისეთი, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, ერთიანი იმაზეც მეტყველებს, რომ ამ პრობლემის გადალახვა მარტოს მოგიწევთ. არ უნდა გქონდეთ სხვისი, თუნდაც უახლოესი ადამიანის რჩევის ან დახმარების იმედი. რადგან ეს რიცხვი თქვენი ქვეცნობიერიდან ამოტივტივდა, პრობლემის გადაწყვეტა თქვენვე უნდა ითავოთ.
რიცხვი ორი – მაქსიმალურად ეცადეთ თქვენი გრძნობები და ემოციები აკონტროლოთ. ამ ეტაპზე თქვენთვის უმთავრესი მოთმინება უნდა იყოს და ყველაფერი კეთილად დასრულდება. დაელაპარაკეთ ახლობლებს, შესაძლოა, მათგან კარგი რჩევა მიიღოთ, მაგრამ მთავარი მაინც მოთმინებაა. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ ვინმეს მაცდურ წინადადებას და მით უმეტეს, არ ეძებოთ ახალი სასიყვარულო თავგადასავლები. ორიანის დასიზმრება აშკარად მიგითითებთ, რომ ახლა თქვენთვის ამის დრო არა არის.
რიცხვი სამი – ამ რიცხვის დასიზმრება იმის ნიშანია, რომ თქვენ უკიდურესად გადაღლილი ხართ და მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეცადეთ შვებულება აიღოთ: გაემგზავრეთ გასართობად ან სადმე ბუნების წიაღში დაისვენეთ. სხვათა შორის, სამიანის დასიზმრება წყლის ენერგიის ნაკლებობაზეც მიუთითებს და კარგი იქნება, თუ დროს წყლის სანაპიროზე გაატარებთ. შესაძლოა დაღლილობას ან გამოფიტვას ვერ გრძნობდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შინაგანად გადაღლილი ხართ და საქმიანობაში აუცილებლად დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს. მეგობრების წრეში ყოფნა და დასვენება თქვენთვის აუცილებელია.
რიცხვი ოთხი – სამსახურში ყველაფერი წესრიგში არ გაქვთ. ეცადეთ მაქსიმალური კონცენტრაცია გააკეთოთ სამუშაოზე, რადგან მოსალოდნელია ისეთი პრობლემების წარმოშობა, რომელთა გადაწყვეტა დამატებით ძალებს და ენერგიას მოითხოვს. ეს არ ნიშნავს, რომ სამსახურის დატოვება მოგიხდებათ, – უბრალოდ, წინააღმდეგობები მუშაობის დროს გექნებათ. შეეცადეთ მთლიანად მოახდინოთ თქვენი ძალების მობილიზაცია და ყველაფერი კარგად დასრულდება.
რიცხვი ხუთი – უახლოეს მომავალში სამოგზაუროდ წასვლა მოგიწევთ და ეს თქვენთვის აუცილებელიც იქნება. თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტია, როდესაც სიტუაციას, ასე ვთქვათ, გვერდიდან უნდა შეხედოთ, რათა უკეთესად განჭვრიტოთ მომავალი. ხელიდან არ გაუშვათ სადმე გამგზავრების შანსი, ეს დასვენებასთან ერთად, საშუალებას მოგცემთ ბევრი რამ თავიდან აწონ-დაწონოთ. აგრეთვე, გამორიცხული არ არის, რომ მოგზაურობისას ისეთი ნაცნობები გაიჩინოთ, რომლებიც თქვენს მომავალ საქმიანობაში გამოგადგებიან.
რიცხვი ექვსი – ძალიან მალე თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში წინა პლანზე ოჯახური პრობლემები წამოიწევს. შესაძლოა დაგეძაბოთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და გარკვეული პერიოდის მანძილზე ცალკე ცხოვრებაც კი მოგიწიოთ. ექვსიანი გაფრთხილების რიცხვია და ოჯახურ ცხოვრებაში მსგავსი მოვლენების განვითარებაზე მიუთითებს. იყავით ყურადღებით და თავისუფლად შეძლებთ ოჯახური უსიამოვნებების თავიდან აცილებას. თუ ოჯახი არ გყავთ, ექვსიანის დასიზმრება, შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის მაუწყებელი იყოს. გამოიცვლით ბინას ან, შესაძლოა, ქალაქსაც, ყოველ შემთხვევაში, მზად იყავით ცვლილებებისთვის.
რიცხვი შვიდი – ამ რიცხვის დასიზმრება იმაზე მეტყველებს, რომ მოსალოდნელია იურიდიული პრობლემები. მოემზადეთ მოვლენების ამდაგვარი განვითარებისთვის, შეაგროვეთ საჭირო საბუთები ან კონსულტაციები გაიარეთ იურისტებთან. ეს რიცხვი სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში გექნებათ საქმე. შეიძლება საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ – იგულისხმება ბინის, სამსახურის ან რაიმე პირადი საბუთების შეცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ, ეს რიცხვი იმაზეც მიუთითებს, რომ სამართლიანობა და ჭეშმარიტება გაიმარჯვებს.
რიცხვი რვა – ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან დიდ შენაძენს. თქვენდა მოულოდნელად, შესაძლოა, ხელფასი მოგემატოთ ან ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ. უფროსობამ სხვა, უფრო მაღალი ანაზღაურების მქონე ადგილზე გადაგიყვანოთ. შენაძენის მხრივ, მოსალოდნელია ახალი ბინის, მანქანის, ან ავეჯის შეძენა. ამასთან, შენაძენები თქვენთვის სარფიან და მისაღებ პირობებში მოხდება.
რიცხვი ცხრა – ძალიან მალე მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით და ეცადეთ, ყურადღებით იყოთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ მომენტი და სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებლობა ნახოთ. ამასთან, შეიძლება მოგიხდეთ ძველთან კავშირის გაწყვეტა. გულის სიღრმეში მოწყენილი ხართ და მდგომარეობის შეცვლა გინდათ. გამოიყენეთ მოსალოდნელი სიტუაციები და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. ამასთან, გასათვალისწინებულია, რომ მოვლენათა ცენტრში ყოფნა მაინცდამაინც არ გესიამოვნოთ – ამისთვისაც მოემზადეთ.
თამთა გურული
კომენტარები