პოლიტიკაქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ირინე ჩიხლაძე: „გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს აუცილებლად საქართველოში ვხედავ“

ირინე ჩიხლაძე მიუნხენის ყველაზე რეიტინგულ, ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს დოქტორანტურაზე. გერმანიაში წასვლამდე მან იურიდიული განათლება საქართველოში მიიღო – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჯერ ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ კი – მაგისტრატურა. 2013 წელს ირინემ DAAD-ის სტიპენდია მოიპოვა და მიუნხენში გაემგზავრა ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის გასავლელად კონსტიტუციური სამართლის განხრით.

ირინე ჩიხლაძე: მიუნხენში მაგისტრატურაზე სწავლისას ბუნდესტაგში ვმუშაობდი დეპუტატის ბიუროში, მერე საქართველოში დავბრუნდი და საჯარო სამსახურში დავიწყე მუშაობა; 2017 წელს ისევ მოვიპოვე იმავე ფონდის, DAAD-ის სტიპენდია და მეორე წელი სრულდება, რაც სადოქტორო პროგრამას ვაკეთებ ასევე მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში. ჩემი ხელმძღვანელია საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან ცნობილი მოსამართლე პეტერ ჰუბერი, დიდ გამოცდილებას მაძლევს მასთან ურთიერთობა და ძალიან ვამაყობ, რომ მისი ხელმძღვანელობა მოვიპოვე.

როგორ მიაღწიეთ ამას? როგორც წესი, ძალიან ძნელია ხოლმეცნობილებთანმოხვედრა.

ჩემი სამაგისტრო ნაშრომი, ჩემი CV, ჩემი სადოქტორო ნაშრომის აღწერა (ე. წ. „ექსპოზე“) გავუგზავნე და ძალიან მალევე გამომიგზავნა თანხმობა.

როდისთვის ამთავრებთ დოქტორანტურას?

მინდა, რომ წელიწად-ნახევარში მოვრჩე. ზოგადად, დოქტორანტურა სამწლიანია, მაგრამ ზოგი 5 წელს და მეტსაც ანდომებს. მე მინდა, რომ ვადაში ჩავეტიო. მიყვარს პრაქტიკული მუშაობა, მალე მინდა, რომ თეორიულიდან პრაქტიკაზე გადავიდე. პრაქტიკა სულ სხვა თვალით განახვებს ბევრ პრობლემას და ძალიან სასარგებლოა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.

გარდა სადოქტორო თემის მომზადებისა, მუშაობთ კიდეც? – როგრც ვიცი, სასწავლო ვიზა მუშაობის უფლებასაც გაძლევთ მცირე დატვირთვით.

ვინაიდან სტიპენდია მაქვს, არ ვმუშაობ, მაგრამ მინდა, ერთ-ერთ საადვოკატო ფირმაში დავიწყო მუშაობა არასრულ განაკვეთზე, რომ სწავლაში ხელი არ შემეშალოს.

კონსტიტუციური სამართლის და, საერთოდ, იურისპრუდენციის დონით გერმანია, როგორც ვიცი, ერთერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა და ძალიან კარგი განათლების მიღებაა შესაძლებელი.

დიახ, ასეა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი კი, სადაც მე ვსაწვლობ, პირველია რეიტინგით. თანაც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს სამართლებრივი სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გერმანული სამართლის მოდელი იყო. ასე რომ, ქართველებისთვის იურიდიული განათლების მხრივ გერმანია ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. ქართულთან ბევრი ანალოგის ნახვა და შედარება შეიძლება – როგორ განვითარდა ეს სფერო საქართველოში, რა წინსვლა თუ სახეცვლილება განიცადა.

ჩემი სადოქტორო თემა არის ჩემი სამაგისტრო თემის, ასე ვთქვათ, გაგრძელება. ვიკვლევ საპარლამენტო უმცირესობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტატუსს, როლს, უფლებებს. ეს იქნება ქართული და გერმანული სამართლის შედარებითი ანალიზი. საკვლევი მასალა საკმაოდ ბევრია და საინტერესო, განსაკუთრებით საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების და საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ. თან საქართველოში ამ საკითხზე ბევრი სამეცნიერი ნაშრომი არ იძებნება, ამიტომ მგონია, რომ ჩემი კვლევა საინტერესო და სასარგებლო იქნება, პირველ რიგში, საქართველოსთვის.

ირინე, გასულ წელს გერმანიიდან თქვენ გაიმარჯვეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსახალგაზრდა ელჩებისკონკურსში. როგორ მოხვდით ამ კონკურსში და რის გაკეთებას აპირებთ თქვენი ერთწლიანი მანდატის ფარგლებში? პრინციპში, გერმანიაში საქართველოს პოპულარიზაციის ძალიან კარგი კამპანია იყო გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობადიდად შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და ცნობადობის ზრდას.

როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს პროექტი დაიწყო, საქართველოში ახალი დაბრუნებული ვიყავი და შორიდან ვადევნებდი თვალს; ყოველთვის მივესალმები ასეთ ინიციატივებს, ახალგაზრდობა არის ჩვენი აწმყო და მომავალი და ახალგაზრდული პოლიტიკის გააქტიურებას ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ. ახალგაზრდებს ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მეტი შესაძლებლობა გვექნება, მით უკეთესი. ზოგადად, უცხოეთში მცხოვრები თითოეული ადამიანი თავისი ქვეყნის ელჩია და ბევრ ჩვენგანს გაუკეთებია სხვადასხვა ღონისძიება საქართველოს შესახებ, თუმცა „ახალგაზრდა ელჩის“ სტატუსი მეტ შესაძლებლობას და რესურსს მაძლევს ჩემი სამშობლოს წარმოსაჩენად და გერმანელებისთვის გასაცნობად.

ამ პროგრამამ ნამდვილად გაამართა და ამას ჩემი წინამორბედების გაწეული სამუშაო მოწმობს. საქართველოს პირველმა ახალგაზრდა ელჩმა გერმანიაში მიხეილ სარჯველაძემ ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, რომელთაგან რამდენიმეს მეც ვაგრძელებ.

რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ფესტივალს, მან მართლაც ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მსოფლიოში და საქართველოს კულტურის, ზოგადად, საქართველოს სახელის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი. რამდენიმე ხნის წინ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალმა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დადო ფილმი საქართველოს შესახებ, ძალიან მოხიბლულები იყვნენ: ასეთი კარგი საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას დიდი ხანია არ ჰყოლიაო. ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებების მოსმენა გერმანელებისგან, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების და მხოლოდ შედეგით ტკბობის უფლებას. ახლა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ბენეფიტები, რაც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალმა მოგვიტანა.

ჩემს პროექტებს რაც შეეხება, მრავალფეროვანი პროგრამა მაქვს, დაწყებული საქართველოს კულტურის დღეებით – ანბანის გაცნობა იქნება ეს, ცეკვის მასტერკლასები თუ სამზარეულო და ა. შ.; პრეზენტაციები გაკეთდება ტურიზმის და ქვეყნის სხვა პოტენციალის შესახებ; ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ გერმანელებისთვის კი არ განვახორციელო პროექტები, არამედ გერმანიაში მოღვაწე და მომუშავე ქართველებსაც შევუწყო ხელი გააქტიურებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა გერმანიაში საქართველოდან, რომელიც აქ სწავლობს, მუშაობს, ზოგი Au-Pair პროგრამით ჩამოვიდა, ენის კურსებს გადის და სწავლის გაგრძელებას აპირებს. მათ უნდა შევუწყოთ ხელი ინტეგრაციაში, უნდა გავუზიაროთ გამოცდილება და თან, რაც მთავარია, არ უნდა დაკარგონ სამშობლოსთან კავშირი და იმის აღქმა, რომ შემდგომ უკვე საქართველოში შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების რეალიზება.

ჩემი ერთ-ერთი მიმართულება არის ისიც, რომ გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ გერმანიაში განათლების მიღება, სტიპენდიების მოპოვება. ხშირად მწერენ ნაცნობებიც და უცნობებიც და მე დიდი სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას.

გარდა ამისა, მაქვს პროექტები სპორტული აქტივობების მხრივ, გავმართავთ, ასევე, დისკუსიებს საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე, როგორიცაა, მაგ.: ოკუპაცია, რეგიონში არსებული გამოწვევები, ღონისძიება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება, რომელსაც IPS პროგრამის ალუმნის წევრებთან ერთად ბუნდესტაგის მხარდაჭერით ვგეგმავ, არის კონფერენცია დეზინფორმაციის, ე. წ. ფეიქ-ნიუსების შესახებ, რომელიც თბილისში გაიმართება და სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრებიან ახალგაზრდა ლიდერები.

ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი პროექტია „ქართველები გერმანიაში და გერმანელები საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მინდა, რომ გავაკეთო ბლიცინტერვიუები ქართველებთან, რომლებმაც გერმანიაში დააგროვეს გამოცდილება, წარმატებას მიაღწიეს – ასეთი ქართველების რიცხვი საკმაოდ დიდია. ისინი ძალიან ღირებულ პროდუქტს ქმნიან ამ ქვეყანაში. ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელებს – და ჩემს შემთხვევაში გერმანელებს – დავანახვოთ, თუ რა ღირებულია ქართული საზოგადოება და საქართველო, რომ მარტო ჩვენ კი არ გვჭირდება ევროკავშირი, არამედ მათაც სჭირდებათ საქართველო და ქართველების მიერ შექმნილი ღირებული პროდუქტი. თუნდაც ქართველი მეცნიერები, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან. ერთი კონკრეტული მაგალითია გია დვალი, ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, რომელიც მიუნხენის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.

რაც შეეხება ღონისძიებების გეოგრაფიას: თქვენ მიუნხენში ხართ, მაგრამ სად გეგმავთ ღონისძიებებს და რომელ ქალაქებს მოიცავთ? ალბათ საუნივერსიტეტო რესურსს გამოიყენებთ

ძალიან კარგია, რომ ეს მკითხეთ: ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, როგორც უკვე ვახსენე, ჩემმა კოლეგა მიხეილ სარჯველაძემ დაიწყო, არის უნივერსიტეტების ბაზაზე სტუდენტური გაერთიანებების შექმნა: აქამდე არსებობდა 4, რომელიც მიშა სარჯველაძემ დააფუძნა, ახლა კი კიდევ 5 ქალაქში დავიწყეთ სტუდენტური გაერთიანებების შექმნა. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ადგილზე ქართველი სტუდენტების გაცნობას, ისინი ორგანიზებულ სახეს აძლევენ საკუთარ საქმიანობას და, მეორე მხრივ, უფრო მარტივად მიუწვდებათ ხელი უნივერსიტეტის რესურსებზე, ბაზაზე, თუნდაც ფინანსურ მხარდაჭერაზე პროექტების განსახორციელებლად. აღნიშული ქართული სტუდენტური გაერთიანებები შემდეგ უკვე ღონისძიებებს დაგეგმავენ ჩემი ხელშეწყობით. ასე ვეცდებით გერმანიის ბევრი ქალაქი მოვიცვათ და ქართველი ახალგაზრდები გავააქტიუროთ.

რა ურთიერთობა გაქვთ ქართულ დიასპორასთან?

ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობ ქართულ სათვისტომოსთან, რომელიც მიუნხენშია დაფუძნებული და საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციააა. ოქტომბრიდან ვასწავლი ქართულს სათვისტომოს საკვირაო სკოლაში. ქართული სათვისტომო ბევრ პროექტს ახორციელებს, საკუთარი სახსრებით თუ გერმანული ფონდებიდან მიღებული მხარდაჭერით, თუმცა რესურსების ნაკლებობა მაინც საგრძნობია. ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლებაც გამოყოფს რესურსებს ემიგრანტების პროექტების მხარდასაჭერად.

გარდა სათვისტომოსი, ჩემი პროექტების განხორციელებაში გვერდში მიდგას საქართველოს საელჩო გერმანიაში, რაც დიდ მოტივაციას მაძლევს.

როგორც ვიცი, მეუღლე და შვილიც გყავთ. ისინიც გერმანიაში არიან?

დიახ. როდესაც სადოქტორო პროგრამის სტიპენდია ავიღე, მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ – გიორგი გაჩეჩილაძემ, რომ გერმანიაში გადმოვსულიყავით; დავტოვეთ სამსახურები, განვითარებისა და უკეთესი გეგმების განსახორციელებლად წამოვედით. გიორგი ეკონომისტია, თიბისი ბანკში მუშაობდა.

ჩემი შვილი – ნიკოლოზი აქ დაიბადა, ახლა 1 წლისაა, ცოტა ხნის წინ ბაღში დაიწყო სიარული – ეჩვევა უკვე ბაგა-ბაღს და ნელ-ნელა ვზრდით ბაღში დარჩენის დროს, შესაბამისად, მეც მეტი დრო გამომითავისუფლდა.

ბავშვის გაზრდა მაინც დიდ დროს მოითხოვს

დიახ, მაგრამ გვერდში მიდგას მთელი ოჯახი, ჩემი მეუღლე, მშობლები… ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის და ყველაფრის ძალას მაძლევს.

ხშირად მეუბნებიან, ძალიან ბევრ საქმეს ხარ ერთად შეჭიდებულიო. ჩემი დევიზია: რაც უფრო მეტი გაქვს გასაკეთებელი, უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია და უფრო მეტის გაკეთებას ასწრებ. თან ბავშვმა სულ სხვა პერსპექტივით დამანახვა ყველაფერი და უფრო მეტის გაკეთების მოტივაცია მომცა.

ნიკოლოზი ალბათ 2 ენაზე ერთად დაიწყებს საუბარს

ჩვენ სულ ქართულად ველაპარაკებით, ქართულად უკვე თითქმის ყველაფერი ესმის – რეაგირებს, რასაც ვეუბნებით და აკეთებს; ბაღში, თავისთავად, გერმანულად ესუბრებიან და ალბათ ორივე ენაზე ერთდროულად დაიწყებს ლაპარაკს.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ, გერმანელი მეგობრები თუ გყავთ?

გერმანიაში ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რომ საინტერესოდ გაატარო თავისუფალი დრო – არის ბევრი ტბა, ზოოპარკი ბავშვებისთვის, კინოთეატრები, გარეუბნებშიც ბევრი საინტერესო ტურის მოწყობაა შესაძლებელი, მაგალითად, მიუნხენთან ახლოს ნოიშვაინშტაინია, შესანიშნავი ტურისტული ადგილი. შაბათ-კვირას ბევრი რამის დაგეგმვა შეიძლება. ჩემი მეუღლე შაბათს მუშაობს, კვირას მე საკვირაო სკოლაში ვასწავლი, ამიტომ კვირას დღის მეორე ნახევარი გვაქვს თავისუფალი. ჩვენი თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არის შვებულების პერიოდი – ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, ან საქართველოში ჩამოვიდეთ, ან ზღვაზე წავიდეთ და თბილ ქვეყანაში დავისვენოთ.

რაც შეეხება მეგობრებს: მაგისტრატურაზე სწავლისას გერმანელი მეგობრები შევიძინე, ბიბლიოთეკაში როცა მიწევს ყოფნა, ბევრ სტუდენტს ვიცნობ და ერთად გავდივართ შესვენებაზე, ან საღამოს ერთად გასეირნებას ვგეგმავთ.

გერმანიაში საქართველოს ცნობადობა (ისევე, როგორც მსოფლიოში) გაზრდილია და აღარ კითხულობენ, რა ქვეყანაა. უკვე უფრო სპეციფიკურ კითხვებს გისვამენ – ძალიან ბევრი კითხვაა ტურისტულ მიმართულებებზე საქართველოში. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იყო საქართველოში ზაფხულში არა მხოლოდ გერმანიიდან, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც. უფრო მთა აინტერესებთ. რადგან ხშირად მეკითხებიან ტურისტულ ადგილებზე, თავად შევქმენი პატარა ტურისტული გაიდლაინი ჩემი მეგობრებისთვის, რომ ყოველ წუთას არ ვეძებო ერთი და იგივე… და ვისაც დასჭირდება, უცებ ვუგზავნი ხოლმე საჭირო ინფორმაციას.

როგორ უყურებენ გერმანელები, ზოგადად, ემიგრანტებს?

მე ვისთანაც შეხება მაქვს (უმეტესად, ახალგაზრდები, სტუდენტები), მათი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ პოზიტიურია, თვითონაც ყოფილან უცხოეთში სასწავლებლად და თვითონაც გამოუცდიათ უცხო გარემოში ყოფნა…

ბევრი ქართველი ჩამოდის და ბარდება, რათა ლტოლვილის სტატუსი მიიღოს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძალიან მძიმეა თითოეული ამ ადამიანის ყოფა გერმანიაში, იმიტომ რომ მიზერულია თანხა, რასაც გერმანია უხდის მათ (300 ევრო თვეში გერმანიაში ძალიან ცოტაა, კვებისთვის თუ ეყოფა მარტო ადამიანს), ვიდრე განაცხადს განიხილავს (ერთ წლამდე შემცირდა განხილვის ვადა) – ხშირად უწევთ ხოლმე ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრება, ეს თვეობით გრძელდება და გაუსაძლისია, მით უმეტეს, ბავშვებთან ერთად როცა არიან.

რაც შეეხება კრიმინალს ქართველების მონაწილეობით, მთავარი პრობლემა, რაც ვიზალიბერალიზაციის შემდეგ წარმოიქმნა, ეს იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით როგორც ლტოლვილის სტატუსის მთხოვნელთა, ისე კრიმინალების რიცხვი ნელ-ნელა იკლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის და იმ მონაპოვარის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჰქვია.

გერმანელები აღმოსავლეთ ევროპიდან მიგრანტების მიმართ, რომლებიც პატიოსნად შრომობენ და წარმატებას აღწევენ, ნამდვილად არ არიან უარყოფითად განწყობილები, პირიქით…

ჩემი პროექტი წარმატებულ ქართველებზე ვიდეობლოგების გაკეთების შესახებ სწორედ ამას ემსახურება, რომ დავანახვოთ გერმანელებს, რამდენი შრომისმოყვარე და წარმატებული ქართველია გერმანიაში, რომელიც ამ ქვეყნისთვის შრომობს და იღვწის.

რა ენაზე იქნება ეს ვიდეობლოგები?

ვიდეობლოგები იქნება ქართულად, გერმანული და რუსული თარგმანით. ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც ვახორციელებ ამ პროექტს, შექმნა საიტი, სადაც ვაპირებთ ამ ვიდეოების განთავსებას. მე ინტერვიუს ვწერ და ტექნიკურ საკითხებს – მონტაჟი იქნებ თუ თარგმანის დადება – ჩემი მეგობარი აგვარებს.

სადოქტორო თემას რომ დაამთავრებთ და ხარისხს მოიპოვებთ, საქართველოში დაბრუნდებით?

გულახდილად რომ გითხრათ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია: ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება იქნება – ჩემი და ჩემი მეუღლის, რაც დამოკიდებულია იმაზე, რა პერსპექტივები, რა განვითარების შესაძლებლობა გვექნება ორივე ქვეყანაში. როდესაც საქართველოდან მივდივარ, ყოველთვის მაქვს განცდა, რომ უკან უნდა დავბრუნდე… დარწმუნებით კი შემიძლია გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს აუცილებლად საქართველოში ვხედავ.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close