ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

შორენა მოსიძე: „ყველაზე მეტად ჩემი შვილის ღიმილი მშველის…“

„ველოდებოდი, რომ გარკვეულ სირთულეებთან მომიწევდა შეხება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რეალობაში რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი. საკმაოდ რთული ცხოვრებაც მხვდა წილად, მაგრამ როგორც იტყვიან, „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა“…
შორენა მოსიძემ აშშ-ში ცხოვრების 20 წლიდან – 10 ნიუ-იორკში გაატარა, ამჟამად კი ქალაქ გრინვიჩში (კონექტიკუტის შტატი) ცხოვრობს.

შორენა მოსიძე: ბავშობიდან ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე, ამას დაერთო 90-იანი წლების რთული პერიოდი. ჩემი უფროსი და ცხოვრობდა ამერიკაში და ამის გამო მომეცა წამოსვლის სტიმული. მოლოდინს რაც შეეხება, ველოდებოდი, რომ გარკვეულ სირთულეებთან მომიწევდა შეხება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რეალობაში რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი. საკმაოდ რთული ცხოვრებაც მხვდა წილად, მაგრამ როგორც იტყვიან, „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო“, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბევრმა განსაცდელმა უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი და ძლიერი გამხადა.

კონკრეტულად, რა სირთულეებს უკავშირდება უცხოეთში ცხოვრება და ამ მხრივ თქვენი გამოცდილებიდან რის თქმა შეგიძლიათ?

რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მუდმივი ნოსტალგია თან გდევს, ასევე აწყდები ისეთ პრობლემებს, რომლებიც მხოლოდ დროსთან ერთად უნდა გადაილახოს – მაგალითად, ეს არის ენის ბარიერი, ადაპტირება და თავის დამკვიდრება, რასაც ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდება; თუმცა მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჩემი უფროსი და მუდამ გვერდში მიდგას და ეს ძალიან დიდი იმედია.

რა პროფესიის ხართ და თუ შეძელით თქვენი პროფესიით დასაქმება ამერიკაში?

საქართველოში სამედიცინო განხრით ვსწავლობდი, ჯავახიშვილში, აქ ფსიქოლოგიას დავეუფლე, თუმცა ჯერჯერობით ჩემი პროფესიით მუშაობას ვერ ვახერხებ.

რა სახის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეჯახებიან ემიგრანტები და როგორ უნდა მოახდინონ შედარებით უმტკივნეულოდ უცხო გარემოსთან ადაპტაცია? ემიგრანტი ბავშვების თემაც საკმაოდ მტკივნეულია…

როდესაც ადამიანი იმ გადაწყვეტილებას იღებს, რომ სხვა ქვეყანაში მიდის ახალი ცხოვრების დასაწყებად, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად რადიკალური ცვლილებებისთვის, რადგან იქ განსხვავებული ცხოვრების წესი, რიტმი და სტილი დახვდება. ვურჩევდი ყველას, პირველ რიგში, ენის შესწავლით დაიწყონ, რადგან მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან ენის არცოდნის გამო.

უნდა შეეძლოთ თავიანთი ემოციების და გრძნობების მართვა, სხვაგვარად ძალიან გაუჭირდებათ. სამწუხაროდ, უნდა დაივიწყონ, საქართველოში რას წარმოადგენდნენ, თუ პროფესიის შეცვლა უწევთ, რადგან ეს ფაქტორი ხშირად დამთრგუნველია და თან ეს აქ არავის აინტერესებს.

აქ დამსაქმებელს აინტერესებს ჩვენი ახლანდელი შესაძლებლობები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, შრომისუნარიანობა და ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა… თუმცა ალბათ ყველაზე რთული მაინც მეგობრების, ნათესავების, პირველ რიგში, ოჯახის წევრების მონატრების ფაქტორია. ჩვენ ვცხოვრობთ ორ პარალელურ რეალობაში, იქაც და აქაც, ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური ორივე რეალობის აღქმაა. ვგულისხმობ, რომ არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და იქ მყოფი ჩვენი საყვარელი ადამიანები, აღვიქვათ ის, რომ ეს ყველაფერი დროებითია, მათთან სკაიპით გატრებული ყოველი წამით დავტკბეთ და ვეცადოთ საკუთარი თავის რეალიზების და მიზნების მიღწევას.

რაც შეეხება ბავშვებს: ზოგადად, ემიგრანტების შვილები უფრო მეტად მგრძნობიარეები და გულჩათხრობილები არიან. აუცილებელია ბავშვთან რეალობაზე საუბარი, უნდა მივაწოდოთ ყველაფერი იმ დონეზე, რამდენადაც ისინი შეძლებენ ამის აღქმას. აუცილებელია ბავშვთან ყოველდღური ურთიერთობა, როგორც დედის, ისე ბავშვის ფსიქიკაში აუცილებლად დადებითად აღიბეჭდება ეს ყველაფერი. ხოლო რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც აქ დაიბადნენ, მათთვის უფრო ადვილია ადაპტირება. ჩემი შვილის შემთხვევაში ძალიან გაამართლა ყოველდღიურმა ურთიერთობამ ინტერნეტით და როცა აქ ჩამოვიდა, ძალიან მოტივირებული იყო, ესწავლა ენა და ადაპტირებულიყო უცხო ბავშვებთან.

როგორც ვიცი, ბევრი კეთილი საქმის ორგანიზატორი ხართ, ამაზე უფრო კონკრეტულად გვესაუბრეთ, თუ შეიძლება.

ჩემი საქველმოქმედო ჯგუფი Helping Hands ანუ „დახმარების ხელი“ 2014 წლის 7 თებერვლიდან არსებობს. როდესაც სამშობლოსგან შორს ხარ, შენი ქვეყნისადმი სიყვარული და პატრიოტიზმი გიმძაფრდება (ჩემს შემთხვევაში ასე იყო); სულ მინდოდა რაღაც მცირედი მაინც შემძლებოდა მეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რთული რეალობის წინაშე დგანან. მიმაჩნია, რომ ადამიანს როდესაც იმის შანსი გაქვს, რამე შეცვალო ვინმესთვის, ეს შანსი უნდა გამოიყენო. მე მომეცა ამის საშუალება და სანამ შემეძლება, მანამდე გავყვები ამ საქმეს.

სოციალურ ქსელში ხშირად ვხედავდი ამა თუ იმ ვიდეორგოლს სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, დახმარების სურვილიც აქედან მოვიდა. როდესაც ეს იდეა ვთქვი ჩემს დასთან და ახლო მეგობრებთან, ყველას ძალიან გაუხარდა. მითხრეს, რომ ჩემ გვერდით დადგებოდნენ ამ საქმეში და ასეც არის დღემდე.

ჯერ ჩვენი ნივთების გადადება დავიწყეთ, როდესაც ჩვენ გასაცემი აღარაფერი დაგვრჩა, პოსტი დავდე და მეგობრებს მივმართე. ასე გადაება სიკეთის ჯაჭვი… ახლა ჯგუფში 30 ადამიანია გაწევრიანებული და ყოველთვიურად ვკრებთ თანხას, რითაც ოჯახებს ვუძენთ პროდუქტებს, მედიკამენტებს, შეშას… გზავნილებს ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახებზე, თავშესაფრებზე, საჭიროებისამებრ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთად განვიხილავთ და ვწყვეტთ ყველაფერს. ამ ჯგუფის ყველა წევრი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ასევე გვეხმიანებიან უცხო ადამიანებიც, რომლებიც სოციალური ქსელიდან ხედავენ ჩვენს საქმიანობას და სურვილი უჩნდებათ, რომ ითანამშრომლონ; არაერთხელ დაგვხმარებია ღვთისმშობის შობის სახელობის ეკლესიის მრევლი. ხშირად უცხოელებიც გვწირავენ ნივთებს და გვიცხადებენ სოლიდარობას.

ასევე გვყავს წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რაიონში, არაჩვეულებრივი, კეთილი, დაუზარელი ადამიანები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებიან, მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებდით.

დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ჩემი სამუშაო დღე დილის 8-იდან საღამოს 6 საათამდე გრძელდება. თავისუფალ დროს ქველმოქმედებას ვანდომებ, დავდივარ ახლო შტატებში და ვაგროვებ შემოწირულ ნივთებს. დარჩენილ დროს ვატრებ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, როდესაც შანსი მეძლევა, ვმოგზაურობ. ბოლოს მეგობრებთან ერთად ვაშინგტონში ვიყავი. საბედნიეროდ, ბოლო 4 წელია, რაც საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა მომეცა და ყოველწლიურად ორ-ორი თვით ვსტუმრობ ხოლმე ჩემს ქვეყანას, ჩემი 8 წლის შვილთან (ირაკლისთან) ერთად დავდივარ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მეც ვეცნობი და ირაკლისაც ვუნერგავ თავისი ქვეყნის სიყვარულს. მიმაჩნია, რომ საკუთარს აუცილებლად უნდა იცნობდე და აფასებდე.

ირაკლი საქართველოში ბებიასთან ცხოვრობს?

დიახ, დედაჩემი ზრდის. ამერიკაში დაიბადა, ზაფხულობით ჩამომყავს ხოლმე.

ყველაზე მხიარულ ადამიანებს ყველაზე სევდიანი გული აქვთო, – ალბათ გსმენიათ ასეთი გამონათქვამი. როგორია შორენა მოსიძე შინაგანად – რაც გარეშე თვალთაგან, თუნდაც მეგობრებისგან დამალულია?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსაცდელი გადამხდა თავს და არაერთხელ მომიწია ცხოვრების თავიდან დაწყება მარტოს, არასოდეს მიფიქრია, რომ რამე დამთავრდა, სულით მებრძოლი და ძალიან ოპტიმისტი ვარ. მჯერა იმის, რომ თუ რაიმეს გულით მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ დიდი შრომის ფასად. ასე არის ჩემს ცხოვრებაშიც: რაც შევქმენი, ყველაფერი დიდი შრომის ფასად, მაგრამ შევძელი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ჩემს მეგობრებს ეთმობა და ასევე ვარ ძალიან გულწრფელი, ისინი თითქმის ისეთ შორენას იცნობენ, როგორიც ის სინამდვილეშია: მხიარული, ზოგჯერ სევდიანიც. როცა რთული პერიოდები მაქვს, ჩემს თავთან მიყვარს განმარტოება, შემიძლია დღეები მარტომ დავყო, ვუსმინო მუსიკას, ვისეირნო ბუნებაში… ყველაზე მეტად ჩემი შვილის ღიმილი მშველის, ის რომ გამიღიმებს, ყველა პრობლემა მავიწყდება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?

რასაკვირველია, ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება. აუცილებლად დავბრუნდები და ვიცხოვრებ საქართველოში. სხვანაირ მომავალს ვერ ვხედავ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close