„შვილების კეთილდღეობაზე ფიქრი ყველაფერს გაგაკეთებინებს ადამიანს“
„ცხოვრებაში მაქსიმუმი უნდა სცადო, რომ მინიმუმი მაინც შეგრჩეს ამ წუთისოფელში. უშრომელად არაფერი არ იქნება“, – ასე ფიქრობს მარი მღებრიშვილი, რომელმაც 6 წლის წინ მეუღლესთან, თემურ კუთხაშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრება არჩია. იგი ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს.
მარი, რა ეტაპების გავლა მოგიხდათ ლეგალური საბუთების მისაღებად?
მოგეხსენებათ, ემიგრაციის თემა არ არის მარტივი და, ამასთან ერთად, ინდივიდუალურია მასთან დაკავშირებული ცხოვრებისეული საფეხურებიც. ყველაფერს ექცევა ყურადღება: იმას, თუ რა მიზნით გაემგზავრეთ, როგორი საბუთი გაქვთ, რამდენხნიანი ცხოვრების უფლება გაქვთ, ხარ თუ არა დევნილი… არის ხელის მოწერის შემთხვევები – ვგულისხმობ ამერიკის მოქალაქესთან ოჯახის შექმნას – და ასე შემდეგ…
თქვენს შემთხვევაში?
ჩემს შემთხვევაში ლეგალური ცხოვრების საფუძველი პოლიტიკური მიზეზი იყო.
რატომ წახვედით ამერიკაში და თუ გაამართლა თქვენმა მოლოდინმა?
რომ გითხრათ, გაჭირვებამ წამომიყვანა-მეთქი, მოგატყუებთ, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მეტი შესაძლებლობა მქონდა და უკეთესი პირობების და კეთილდღეობის მოპოვება მინდოდა, რაც მართლაც შევძელი.
რა სირთულეებს უკავშირდება უცხოეთში ცხოვრება და ამ მხრივ თქვენი გამოცდილებიდან რისი თქმა შეგიძლიათ?
სირთულეები საკმაოდ ბევრია. მძიმე ცხოვრებისეული რუტინა სხვა განზომილებაში გაგდებს, სადაც ყველა მტერი გეჩვენება. სხვადასხვა რჯულის ადამიანი გხვდება და მათი წეს-ჩვეულებებიც შესაბამისად მოქმედებს შენს ემოციურ მდგომარეობაზე. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ თავიდან შოკი მქონდა, აქ ცხოვრება მართლაც რომ არ არის ადვილი, მაგრამ ყველაფერი, მოგეხსენებათ, შედარებითია – დღეს ისე შევეჩვიე აქაურობს, ამ ყველაფერზე რეაქცია აღარც მაქვს. აქამდე იმ გეგმამ მომიყვანა, რომელიც დავისახე საქართველოში. ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ, რადგან ნებისყოფაც დიდ როლს თამაშობს ყველაფერთან ერთად. მე ეს შევძელი.
ოჯახის კეთილდღეობას გულისხმობთ?
დიახ. ორი ვაჟი მყავს – სანდრო და საბა კუთხაშვილები. სანდრო 22 წლისაა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებაზე, წელს ამთავრებს. საბა 17 წლისაა, სკოლის მოსწავლეა, სურს, რომ თეატრალურზე ჩააბაროს. მათი მიზნებისთვის და კეთილდღეობისთვის ვართ მე და ჩემი მეუღლე აქ. ბევრისგან განსხვავებით, ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან გვერდში მდგომი ადამიანი ბევრს ნიშნავს ემიგრაციაში. ჩემი მეუღლეც მუშაობს. თემური პროფესიით იურისტია, მაგრამ ცხოვრებამ სხვა მიმართულებით წაიყვანა, ამჟამად ტაქსის კომპანია Uber-ში მუშაობს ტაქსის მძღოლად.
თქვენ რა პროფესიის ხართ და სად მუშაობთ ამერიკაში?
ფანასკერტელის უნივერსიტეტი დავამთავრე, სამკურნალო ფაკულტეტი.18 წლის ასაკში გავხდი დედა და ახლა, 41 წლის ასაკში, დედამთილობისთვის ვემზადები. ამერიკა მართლაც რომ შესანიშნავი ქვეყანაა ადამიანის პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის, აქ რომელ ასაკშიც არ უნდა ჩამოხვიდე, არ გაგიჭირდება თავის დამკვიდრება. მეც, სხვა ემიგრანტების მსგავსად, მოხუცთან ვმუშაობ მომვლელად.
სად გიყვართ თავისუფალი დროის გატარება? მოგვიყევით თქვენს ჰობიზე და საყვარელ საქმიანობაზე.
ძალიან მიყვარს ცხოვრება. საკმაოდ აზარტული და მხიარული ადამიანი გახლავართ. ცხოვრებას ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ. მიყვარს სიმღერა და მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოინდომო ადამიანმა. ამერიკაში თავიდან, 2-3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი „ელიმით“, ასე ვთქვათ, სადღაც ორ კვირაში ერთი დღე მქონდა დასვენება. მყავს ჩემი საკუთარი მანქანა. ვცდილობ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და ერთფეროვან, რუტინულ ცხოვრებას თავი ავარიდო, რადგან ვერ ვიტან ჩარჩოებს.
შაბათ-კვირას ქართულ რესტორნებს ვსტუმრობ ხოლმე მეგობრებთან ერთად, ქართულ კერძებს ვაგემოვნებთ. სხვა თავისუფალ საათებს კაფეში ვატარებთ. გვიყვარს სხვადასხვა თემაზე საუბარი და აზრების გაცვლა-გამოცვლა. სხვათა შორის, ვმონაწილეობდი პროექტში „იმღერე რამე გოგიტა გოგიძესთან ერთად“. 3 ეტაპი ჩატარდა უკვე. ახლაც ვემზადებით, მაისში იქნება კიდევ. ასე ვცდილობთ, რომ გავიხალისოთ ჩვენი ცხოვრება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?
აუცილებლად უნდა დავბრუდე ჩემს ქვეყანაში, მაგრამ მანამდე ისეთი პირობები მინდა შევიქმნა, რომ სხვისგან დამოუკიდებლად ვიცხოვრო. ვიყიდე ბაკურიანში სტუდიო ბინა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ქირავდება, ასევე, ძალიან მინდა ჩემს ბიჭებს ჰქონდეთ საკუთარი კუთხე, ბინა იქნება თუ სახლი, რაც უკვე დაწყებული მაქვს.
ცხოვრებაში მაქსიმუმი უნდა სცადო ადამიანმა, რომ მინიმუმი მაინც შეგრჩეს, ამ წუთისოფელში უშრომელად არაფერი არ იქნება.
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები