ლია ჯიქია-გოგრიჭიანი: „პატარა ქართველებს ლონდონში საქართველოს „ელჩებად“ ვზრდით“
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლია ჯიქია–გოგრიჭიანი, რომელიც დღეს ლონდონის ქართულ სკოლას ხელმძღვანელობს და პედაგოგადაც მუშაობს, თავისი ხანგრძლივი ემიგრანტობის განმავლობაში უამრავი კეთილი საქმის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია. თითქმის 3 ათეული წლის წინათ ექსტრემალურმა სიტუაციამ დაატოვებინა სამშობლო და უცხო ქვეყნისკენ გაუყენა გზას. საქმე ის არის, რომ მის პირმშოს, პატარა გოგონას – ანნას სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა. ანნა 1989 წელს დაიბადა და ახალგაზრდა ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა…
ლია ჯიქია-გოგრიჭიანი: იმ პერიოდში მოსკოვში ვცხოვრობდით. მოსკოვის ბაკულევის კლინიკის პროფესიონალი ექიმები ანას მკურნალობაზე უარს ამბობდნენ. დიდი ძალისხმევით, მივაღწიე გარბაჩოვამდე და პირველად საბჭოთა კავშირში, გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის დადგენილება – ბრძანება ჩემი ქალიშვილის, ანნა გოგრიჭიანის სახელზე. მაგრამ ქვემდგომმა ორგანოებმა, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ამ სიტყვებით გამომისტუმრეს: ქართველი ხარ და საქართველომ მოგხედოთო; მაინც შევძელი და ანნა მსოფლიოში ცნობილ უძლიერეს ბავშვთა საავადმყოფოში, ლონდონის Great Ormond Street Hospital-ში ჩავიყვანეთ 1990 წელს, – იხსენებს ქალბატონი ლია, – დაგეგმილი ორი ოპერაცია გულზე 4 დაუგეგმავ ოპერაციად იქცა… ღვთის შეწევნით, გადარჩა ანნა და ჩვენი ოჯახიც.
ალბათ, სხვა სახის პრობლემებიც გქონდათ უცხო გარემოში…
რა თქმა უნდა. სასწრაფოდ გადასაწყვეტი პრობლემები ჩვენი ოჯახისთვის ყოველდღიურობად იქცა: საარსებო პირობები, ფინანსური მხარე, ენობრივი და კულტურული ბარიერი და გარკვეული სამედიცინო შეცდომები პროფესიონალთა მხრიდან… ჩვენდა საბედნიეროდ და სასახელოდ, ჩვენ დღესაც ვხსნით ამ გაუთავებელ ლაბირინთთა კვანძებს. წარსულისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ: ჩემი მეუღლე, ვახტანგი, ჩვენი ქალიშვილი, ანნა და მე ხელიხელჩაკიდებულნი ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე, გაფაციცებულნი, შემართებულნი და მიზანსწრაფულნი.
ჩემმა ქალიშვილმა გმირულად გაუძლო და ჩვენ გავიმარჯვეთ! ანნა გოგრიჭიანს, რომლის სიცოცხლის გარანტიაც კი არ არსებობდა ერთი წლის ასაკამდე, 5 წლის ასაკში გადაეცა „გულადობის სახელმწიფო ორდენი“; 18 წლის ასაკში, 2007 წელს, გახდა პრინცესა დაიანას სახელობის პირველი პლატინის მედლის მფლობელი, „ლონდონის ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედის“ წოდებით. ჩემი ქალიშვილი – ანნა გოგრიჭიანი 10 სახელმწიფო Apollo Awards-ის და ლონდონის Apollo Awards-ის მფლობელია და ლონდონის Royal Borough Kensington and Chelsea-ის მერიის მიერ 2005 წლიდან ყოველწლიურად ჯილდოვდება. მთლიანობაში მისი ჯილდოების რიცხვი უკვე 19-ს აღწევს.
ანნა მრავალ საქველმოქმედო საქმეთა ავტორი და თანაავტორია. ამჟამად სტუდენტია. ქალბატონ ანნა სტაინჰაუზ-კანდელაკის სამხატვრო გამოფენაზე ლონდონში, საქართველოს საელჩოში 2017 წელს, განყოფილებაში „ლონდონის გამოჩენილი ქართველები – სახლიდან მოშორებით“, მის მიერ შესრულებული ანნას პორტრეტიც იყო წარმოდგენილი.
როგორც ვიცი, თავად მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდეთ სამეგრელოში…
დიახ, სენაკში დავიბადე და გავიზარდე, ექვსშვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი ვარ. მამაჩემი – რაჟდენ (კოკი) ჯიქია, სპორტული მოძრაობების სულისჩამდგმელი, დასავლეთ საქართველოს სპორტული კომიტეტის, „სპარტაკის“ თავმჯდომარე, 19 ქალაქში სტადიონებისა და სპორტული მოედნების სპონსორი და ორგანიზატორი, საქართველოს ჩემპიონი იყო ხუთჭიდში.
დედა – ლიდა შავდია თავისი ცხოვრების 87 წლიდან 70 წელი დაუღალავად შრომობდა თავისი ოჯახისთვის, აგრეთვე, შემწეობას არ აკლებდა ობლებს და გაჭირვებულებს. იგი უნიჭიერესი პიროვნება იყო, „ქალაქის თვალი“, ქალთა თავსამკაულების დიზაინერი 1950-1985 წლებში. მის მიერ დამზადებულ შლაპებს დღესაც ინახავენ ზოგიერთ ოჯახში და, მოდის დაბრუნების გათვალისწინებით, დღესაც ატარებენ.
ჩემი და-ძმები ყველა ღირსეული ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია: გივი ჯიქია, ავტოინჟინერი; ნუგზარ ჯიქია, მათემატიკოსი, ლუარა ჯიქია-კარტოზია, დამსახურებული პედაგოგი; მიმოზა ჯიქია-მამაგულაშვილი, პედაგოგი, ინჟინერი, პოეტი; სამაგალითო პიროვნება იყო ჩემი უმცროსი ძმა, აწ განსვენებული ემილი ჯიქია, საკაბელო რადიო-ტელეკომუნიკაციის ინჟინერი.
თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით?
სენაკის მე-3 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებით დავამთავრე თბილისში პედაგოგიური ინსტიტუტი და სენაკის მეხუთე საშუალო სკოლაში დავიწყე მუშაობა. 1972 წელს, 19 წლის ასაკში, ვხელმძღვანელობდი 9-14 წლის ასაკის მოსწავლეთა ჯგუფს საერთაშორისო ბანაკში, ფინეთის ყურეში; ჯგუფში 28 ბავშვი იყო, ერთთვიანი კონცერტები გვქონდა ტარტუს სახელმწიფო თეატრში, გავმართეთ საინტერესო შეხვედრები. ისეთი კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენს გამოსვლებს, რომ „ახალი მზიურელებიც“ კი გვიწოდეს. ამის შემდეგ, 1973 წელს ესტონეთის ქალაქ რაკვერეს საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს.
1972 წელს, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთა უშუალო თანადგომითა და დახმარებით, გაიხსნა მოსკოვის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი, სადაც ქალაქის მმართველობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და წარმატებით დავამთავრე 1983 წელს; ამ წელს მუშაობა დავიწყე თბილისის მერიაში (მაშინ აღმასკომი ეწოდებოდა); 1987-1990 წწ. ვსწავლობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, საბაზრო ეკონომიკის მმართველობის განხრით, პარალელურად კი ლექცია-სემინარებს ვატარებდი.
თქვენს მომავალ მეუღლესაც მოსკოვში შეხვდით?
დიახ, მოსკოველი ქართველი ვახტანგ გოგრიჭიანი ჩემი თანაკურსელი იყო მოსკოვში სწავლისას; 1987 წელს დავქორწინდით.
ლონდონში თქვენი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით?
1991-1993 წლებში ლონდონში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკონფერენციო ჯგუფის კოორდინატორი ვიყავი. 1993-1996 წწ. დავაარსეთ პირველი რუსულენოვანი გაზეთი ლონდონში, რომელიც 3 თვეში რუსულ-ინგლისურენოვან გაზეთად გადაკეთდა. გაზეთი European Harold ვრცელდებოდა როგორც ინგლისში, ისე საფრანგეთის, იტალიის, რუსეთის ავიახაზებზეც და პოპულარობით სარგებლობდა. როგორც გაზეთის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ფინანსურმა დირექტორმა, საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივაწოდე მკითხველებს საქართველოზეც.
პარალელურად ვსწავლობდი ლონდონის განათლების სისტემაში და ვაყალიბებდი პირველ ქართულ ორგანიზაციებს. 1993-1996 წწ. ჩამოვაყალიბეთ ახალი ქართული სათვისტომო ბრიტანეთში. საინტერესო იყო მისი შემადგენლობა, ვინაიდან ახალი ემიგრაციის ტალღა ჯერ არ იყო ჩამოსული ლონდონში. ამის გამო ძველ შემადგენლობასთან ვმუშაობდი, თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი (თავმჯდომარე იყო დავით მოდრეკელიძე; წევრები: პატრიცია მოდრეკელიძე, მამა მიხეილ ფირტუნატო – ქართველების დიდი მოყვარული და პატივისმცემელი, ვისი მეშვეობითაც გავიცანი პირველი ემიგრაციის წარმომადგენლები; ვახტანგ გოგრიჭიანი, ნინო უორდროპი – ოლივერ უორდროპის ქალიშვილი, იგი ქალაქ სევენ ოუკში ცხოვრობდა; ჩვენმა წინადადებამ გაახარა და გააოცა. ძალიან აფასებდა ჩვენთან ურთიერთობას და არასოდეს დავიწყნია ჩემი ანნას დაბადების დღე). ამ საბჭომ დიდი დახმარება გაუწია მეორე ემიგრაციის ნაკადს ფინანსურად, ნივთებით, საცხოვრებლით; იმ პერიოდში ჩემი ბინა ლტოლვილთა ძირითადი თავშესაფარი იყო.
ამას მოჰყვა ტალღა, რომელმაც უკვე საქართველოდანვე იცოდა ჩვენი სახლის ტელეფონი და პირდაპირ მირეკავდნენ. ბევრს ვეხმარებოდი. 1993-2002 წლებში ქართველი ბავშვების პირველი ნაკადი ჩამოვიდა ლონდონში. თავიდან ბავშვებს ვათამაშებდი, ქართულ ლექსებს ვასწავლიდი. 1993 წელს დავიწყე ლონდონის St Frances-Rome-ის სახელობის კათოლიკურ სკოლაში მასწავლებლად მუშაობა.
დღეს ლონდონის პირველ ქართულ სკოლაში მუშაობთ, რომელ წელს დაარსდა და რას გვეტყვით მის საქმიანობაზე?
ლონდონის ქართული სკოლა 2002 წელს დავაარსეთ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი სახსრებით. წლების განმავლობაში ის ერთადერთი ქართული საკვირაო სკოლა იყო მთელ ევროპაში. დღეისთვის სკოლაში გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 130-მდე ქართველი ბავშვია რეგისტრირებული, რომელთა სწავლა-აღზრდაზე 7 მასწავლებელი ზრუნავს. სკოლაში ასევე მოქმედებს საბავშვო ბაღიც.
სკოლა მასწავლებელთა კვალიფიკაციას დიდ ყურადღებას აქცევს – სიტემატურად ტარდება ტრენინგები როგორც დამწყები, ისე მოქმედი მასწავლებლებისთვის.
სკოლაში ქართველ ბავშვებს საკუთარი იდენტობის შეგრძნებას ვუღვივებთ, რომ ქართველობა არ დაკარგონ, ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, საქართველოს სიყვარულს ვასწავლით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პატარა ქართველებს ლონდონში საქართველოს „ელჩებად“ ვზრდით.
მეცადინეობების გარდა ვატარებთ საინტერესო ღონისძიებებს. გავმართეთ შეხვედრა მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონთან, მზია ჯუღელთან. სკოლამ აღმოაჩინა ხათუნა შავგულიძე, როგორც პოეტი, და გამოსცა მისი პირველი ქართული ლექსების კრებული. ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ქართულ ეკლესიას ლონდონში, დავაარსეთ ლონდონის საზაფხულო სიმღერის ფესტივალი ქეთი მელუასთან ერთად, რომელიც ძალიან პოპულარულია და წელს თავის არსებობის მესამე წელს ითვლის.
სკოლაში დაწესდა ჯილდოები: 2002 წელს – ლონდონის British Telecommunication 2002 winner; 2003-ში – National History Museum Winner; 2004-ში – მშობლიური ანბანი ლონდონის მასშტაბით. აგრეთვე, სკოლას მიღებული აქვს საერთაშორისო კონკურსის ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია, 2005 წელს – საუკეთესო კვალიფიკაციის დამხმარე სკოლის ბრინჯაოს მედალი; 2006 წელს კი ევროპულ სათვისტომო სკოლებს შორის სამაგალითო სკოლის წოდება მოგვენიჭა; 2007 წელს მივიღეთ BBC-ს ბავშვთა წლიური პროგრამის უმაღლესი პრიზი ორწლიანი დაფინანსებით; 2008-ში – საუკეთესო კვალიფიკაციის დამხმარე სკოლის ვერცხლის მედალი; 2008 წელს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოვაწყვეთ გამოსვლები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ; შევქმენით აქტივისტთა ჯგუფი, მოვახდინეთ ბრიუსელის სამიტზე წასვლის ორგანიზება მშვიდობიან სვლაში მონაწილეობისთვის. ჩვენს აქტივშია ქართული დოკუმენტური ფილმის „წარსულიდან დღემდე!“ შექმნა, 2005-2008 წლებში ქართული ეკლესიისთვის საქველმოქმედო საღამოების ჩატარება, გადასახადების გადასახდელად და სხვადასხვა საჭიროებათა გადასაწყვეტად. 2010-ში საუკეთესო ხარისხის დამხმარე სკოლის ოქროს მედალი მოვიპოვეთ.
2005 წლიდან, ყოველწლიურად სკოლა ღებულობს ორ დიდ ჯილდოს: სახელმწიფოსგან – Apollo Awards-ს და და მერიისგან – Make a Difference Awards.
2011 წელს გავმართეთ მარიამ რომელაშვილის კონცერტი, 2012-ში – საქველმოქმედო საღამო საქართველოს „ქუჩის ბავშვებისთვის“ BBC-სთან ერთად.
როგორც ვიცი, პატრიარქის ლოცვა–კურთხევით პრინც იოანე ბაგრატიონის ქართულის მასწავლებელი თქვენ იყავით.
დიახ… და შემდეგ მისი აღმატებულების ქორწილის ცერემონიალშიც მიმიპატიჟეს. ცერემონია 3 დღეს გაგრძელდა, ვმასპინძლობდით საქართველოს მთავრობის 40-კაციან ჯგუფს ლონდონში, 2018 წელს გაიმართა პარიზელ და ლონდონელ ახალგაზრდათა საშობაო კონცერტი ქართულ სკოლაში და სხვა მრავალი.
დიდი ხანია საქართველოდან შორს ცხოვრობთ, თუმცა მუდმივად ქართულ საქმეებს აკეთებთ. თუ აპირებთ სამომავლოდ დაბრუნებას?
ყველა უნდა დაუბრუნდეს თავის მშობლიურ მიწას… დღეს იქნება თუ ხვალ, მეც უნდა წამოვიდე! ნასწავლი ახალგაზრდების თაობა ჩვენი საქართველოს ფარია, რომელიც ყველა ჩვენგანს გააძლიერებს!
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები