კინო/ფილმებიკულტურა

გამოცხადებული გაფრენა ურმით – „შერეკილების“ ისტორიები

„შერეკილების“ სცენარის ავტორის, რეზო გაბრიაძის თავდაპირველი ჩანაფიქრით, ფილმი კონკრეტულ პიროვნებაზე – პირველ ქართველ მფრინავზე უნდა ყოფილიყო. იდეამ მუშაობის პროცესში ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ ყველაფერმა ის სახე მიიღო, რა სახითაც თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ („შერეკილების“ პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე 1974 წელს გაიმართა) ფილმის გმირები მაყურებლის წინაშე წარდგნენ.

რეჟისორ ელდარ შენგელაიას უდიდეს ღვაწლად თუნდაც ის უნდა ჩავუთვალოთ, რომ ერთი კარგი ქართველის მიერ აღმოჩენილი სიყვარულის ფორმულა ლამის მთელ მსოფლიოს გააცნო. ყოველ შემთხვევაში, ქართველებს მაინც არასოდეს დაგვავიწყდება, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც“, რომ „სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, ქმედება – უკუქმედებას, პლუს-მინუს mc კვადრატ F – ფუძე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისკენ“.

ცაში აფრენილი ურემი

ცაში აფრენილი ურმის ნახვა ნამდვილად ღირდა ერთ სიამოვნებად. თანაც ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა საბჭოთა კინოს ისტორიაში, როდესაც ესოდენ უჩვეულო, ფრენისათვის სრულიად უვარგისი მოწყობილობა ნარნარად აფარფატდა ჰაერში. სხვათა შორის, როგორც შევიტყვეთ, საფრენი აპარატის პირველი ესკიზი ბატონ რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის, რომელიც შესანიშნავად ხატავს. სწორედ ამ ესკიზის მიხედვით გაკეთდა ჩონჩხი საკონსტრუქციო ბიუროში, გარეგნულ მხარეზე კი ცნობილმა მხატვრებმა – თენგიზ და რევაზ მირზაშვილებმა იზრუნეს. როგორც ფილმის რეჟისორი, ბატონი ელდარ შენგელაია იხსენებს, „ეს დიდი მიღწევა იყო და ბევრი შრომაც დასჭირდა“.

ელდარ შენგელაია: „სამოქალაქო ავიაციის შემდეგ, ათასი ნაცნობ-უცნობის დახმარებით, სამხედრო უწყებას დავუკავშირდით, თანაც არა უბრალო ხალხს, არამედ თვით ცენტრალური შტაბის მაღალჩინოსნებს. მათი სპეციალური ნებართვით ზესაიდუმლო საავიაციო საკონსტრუქტორო ბიუროს მივაკითხეთ, სადაც სიამოვნებით დაიწყეს ჩვენი პროექტის დამუშავება. ეს მათთვის ერთგვარი გართობა იყო და უხაროდათ კიდეც, კინოს რომ ეხმარებოდნენ…

მოკლედ, აეროდინამიკის ყველა წესისა და კანონის გათვალისწინებით, შეიქმნა პროექტი „ქართული ფილმი“. ამ საკონსტრუქტორო ბიუროს ყველა პროექტი მოსკოვში, სპეციალურ არქივში ბეჭდით დალუქული ინახებოდა, მათ შორის, ჩვენი ურმის ნახაზებიც. ჯერ კიდევ მაშინ ხუმრობდნენ ინჟინრები, რა სეირი იქნება, ეს რომ ამერიკის დაზვერვამ აღმოაჩინოს, ხომ ვერაფრით მიხვდებიან, რასთან აქვთ საქმე და ვინ იცის, იქნებ რაღაც ზეახალი იარაღის გამოგონებაც დაგვაბრალონო.

პროექტის მიხედვით, ურმის ჩონჩხი ძალიან მსუბუქი და მტკიცე მასალისგან იყო შექმნილი, რომელსაც ფილმის მხატვრებმა საბოლოო სახე მისცეს. ეს ყველაფერი თვალით უხილავ ფოლადის მავთულებზე ეკიდა, რომლებსაც ფირი ვერ აღბეჭდავდა. აფრენის ეპიზოდის გადასაღებად თელავში, სამხედრო აეროდრომზე მივედით. ჩვენი ურმის დანახვაზე მფრინავები ძალიან გახალისდნენ. განსაკუთრებით ერთი პოლკოვნიკი ენაწყლიანობდა: უარს როგორ გეტყვით, მაგრამ ეგ თქვენი შეკოწიწებული „ჩიტუნა“ ლამის მიწაზევე დაიშალოს და ცაში როგორ აფრინდებაო. შენ რა გენაღვლება-მეთქი, ვუთხარი. არ გამიმხელია, რა მაღალ დონეზე იყო აგებული ჩვენი საფრენი მოწყობილობა… ერთი სიტყვით, ურემი მძიმე ვერტმფრენს – „მი-6“-ს მივაბით. მანქანა რომ ამუშავდა, ჰაერის მძლავრი ნაკადისაგან ურემი მიწაზე აძაგძაგდა. სამხედროები სიცილით იხოცებოდნენ და გულის ფანცქალით ელოდნენ, ურემს ნაწილები აქეთ-იქეთ როდის გასცვივდებოდა, მაგრამ ცაში რომ ავიდა და ჰაერში ნარნარად დაიწყო ლივლივი, ბორის წიფურიას გმირზე – ციხის უფროსზე უარესი დაემართათ: გაოცებულებს სიცილი სახეზე შეაცივდათ და პირდაღებულები დიდხანს უყურებდნენ.

მარგალიტას როლი სოფიკო ჭიაურელს უნდა ეთამაშა

ელდარ შენგელაიამ ფილმში მსახიობების საინტერესო გალერეა შეკრიბა: ვასილ ჩხაიძე, არიადნა შენგელაია, აბრეკ ფხალაძე, ბორის წიფურია… ერთაოზ ბრეგვაძის როლს დავით ჟღენტი ასრულებს, რომელიც მაშინ თექვსმეტი წლის იყო და გამოცდებიდან პირდაპირ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. მან მხოლოდ ეს ერთადერთი, მაგრამ აშკარად დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართულ კინოში. სინჯები არა მარტო ბრეგვაძის, არამედ სხვა როლებზეც უამრავმა ადამიანმა გაიარა. სინჯების გარეშე, ერთადერთი, ვასილ ჩხაიძე გადაიღეს, რომლის ნიჭიერებაშიც ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადაღების დროს დარწმუნდა.

რეჟისორმა იგი გურიაში, სოფელ აცანაში აღმოაჩინა, სადაც გერმანულ ენას ასწავლიდა სოფლის სკოლაში. თავის დროზე თეატრის მოყვარული ფოთელი მსახიობი ვერასოდეს წარმოიდგენდა, ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა: მაგის ბედი სად მაქვს, კინოში ვითამაშოო, ამბობდა, მაგრამ ითამაშა კიდეც და ცათმფრენიც ააგო. „შერეკილებში“ მის გმირს ეროსი მანჯგალაძე ახმოვანებს, რომლის ხმამაც განსაკუთრებული კოლორიტულობა შესძინა მთლიანად ფილმს.

რაც შეეხება მარგალიტას როლს, ამ როლზე სოფიკო ჭიაურელიც გასინჯეს. საბოლოო არჩევანი არიადნა შენგელაიასა და სოფიკო ჭიაურელს შორის უნდა გაკეთებულიყო. სოფიკომ ამ როლის თამაში ვერ შეძლო, რადგან იმ დროს „ვერის უბნის მელოდიებში“ იღებდნენ. მარგალიტას როლში კი არიადნა შენგელაია, რომელიც მაშინ ელდარ შენგელაიას მეუღლე იყო, დაგვეთანხმებით, მართლაც განუმეორებელია.

ბორის წიფურიამ ხუტა უფროსის როლი თვითონ „გაიჩალიჩა“

ფილმში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ციხის უფროსის, ხუტა ოდიშელიძის გმირი, რომლის როლსაც შესანიშნავად ასრულებს მსახიობი ბორის წიფურია. ეს როლი რეზო გაბრიაძემ სპეციალურად იპოლიტე ხვიჩიასთვის დაწერა, თუმცა მიზეზთა გამო იპოლიტეს ამ ფილმში არ უთამაშია. ბორის წიფურიამ კი, დაგვეთანხმებით, ბრწყინვალედ გაართვა თავი დასახულ ამოცანას.

შეიძლება ითქვას, რომ ბორის წიფურიამ ციხის უფროსობა „შერეკილებში“ თვითონ „გაიჩალიჩა“. ელდარ შენგელაიას იგი მღვდლის როლზე ჰყავდა ჩაფიქრებული და, როცა ფილმის სცენარი წასაკითხად მისცა, ასეც უთხრა, ყურადღება მღვდელს მიაქციეო. წიფურიამ ყველაზე უკეთ საკუთარი თავი ხუტა ოდიშელიძის როლში წარმოიდგინა, რაზეც რეჟისორისგან უარი მიიღო: ბევრი მსახიობი გავსინჯე ამ როლზე – რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ ზაუტაშვილი, ნოდარ ჩაჩანიძე, ირაკლი უჩანეიშვილი… თორმეტი მსახიობი მაინც და იპოლიტე ვარჩიე, თანაც რეზო გაბრიაძემ ეს როლი სპეციალურად მისთვის დაწერაო. ასეც რომ არ იყოს, ახლა შენც რომ გაგსინჯო, არიადნა მთლად გადაირევა, დაიღალა ამდენი სინჯებითო. მსახიობმა თავად „ჩააწყო“ არიადნასთან და სასინჯ გადაღებებზე დაითანხმა; თავადვე იზრუნა ხუტას გარეგნულ სახეზე: კოსტიუმი შეარჩია, გულზე მედალიონი ჩამოიკიდა, ფაფახს, რომელიც ძაღლის ბეწვისგან იყო შეკერილი და საშინელი სუნი ჰქონდა, ზემოდან რაღაც გაურკვეველი ემბლემა გაუკეთა და… მოკლედ, ასეთი სახით წარდგა არიადნას წინაშე, რომელსაც ვიზუალურად ისე მოეწონა მომავალი პარტნიორი, რომ წამოიძახა: „ახ, ტი, ნეგადიაი, კაკოი ტი ინტერესნი!“

რამდენიმე დუბლი გადაიღეს. წიფურია შინ აფორიაქებული დაბრუნდა: დაამტკიცებენ თუ არ დაამტკიცებენ? მოეწონათ თუ არ მოეწონათ?

როგორც მსახიობი იხსენებდა, მშობლების თვალში მის მიერ არჩეული პროფესია პატივისცემით არასოდეს სარგებლობდა. მამის მსუბუქი ირონია არც მას შემდეგ მოჰკლებია, როცა უკვე საკმაოდ სერიოზული როლები ჰქონდა შესრულებული. „ჩემი აფორიაქება მამამაც შეამჩნია და დედას ჰკითხა, რა სჭირს, რამ გადარია ეს კაციო. თავი დაანებე, თავისი გაჭირვება ეყოფა, ახალ როლზე გაუსინჯავთ და ნერვიულობს, დაამტკიცებენ თუ არაო, უპასუხა დედამ. „რა ფილმია, რა ჰქვია?“ – კითხვა შეუბრუნა მამამ. „შერეკილებიო“, რომ გაიგო, ოჰ, შერეკილები თუა, მაგ როლზე აუცილებლად დაამტკიცებენო“.

ფილმმა დიდი წარმატება მოუტანა მსახიობს. სხვათა შორის, მსოფლიოში ცნობილ იტალიელ ვარსკვლავს, ჯინა ლოლობრიჯიდას 1975 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე უნახავს „შერეკილები“. სეანსის შემდეგ სასტუმრო „როსიას“ ფოიეში ხუტას როლის შემსრულებელი უცნია და გასაუბრებია კიდეც. მათი შეხვედრა სამახსოვრო ფოტოსურათმა შემოინახა, რომელიც მსახიობის ფოტოარქივშია დაცული. ბატონი ბორისი ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა იმ პერიოდს და ლოლობრიჯიდასთან შეხვედრით ამაყობდა. იტალიელი მსახიობი კი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აცხადებდა: „შერეკილები“ ვნახე, ეს ფილმი საბჭოთა კინოს დიდი გამარჯვებაა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მსახიობი ბორის წიფურია. იგი თამამად შემიძლია დავაყენო კომედიური ჟანრის სახელმოხვეჭილი მსახიობების გვერდით“.

„აბი გლუკოზა“

„ააბა, გააღე პირი და თქვი: ააა, აბი გლუკოზა!“ – ექიმის ეს ცნობილი რეპლიკა ფილმის სცენარში არ ყოფილა, გადასაღებ მოედანზე დაიბადა. ექიმის, უფრო სწორად, ფსიქიატრიული საავადმყოფოს საჭეთმპყრობლის, ნოშრევან კუჭუხიძის როლს მსახიობი აბრეკ ფხალაძე თამაშობს, რომელსაც მაყურებელი იცნობს ფილმებიდან: „ქოლგა“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „დონ კიხოტი“, „ადამიანთა სევდა“… „შერეკილებზე“ მასალის მომზადებისას ძველი ჩანაწერი გამახსენდა, სადაც მსახიობი წლების წინათ ამ ფილმში გადაღების პროცესს იხსენებდა: როდესაც ელდარ შენგელაიამ ეს როლი შემომთავაზა, უარი ვუთხარი – კლინიკის პაციენტის სახეს უკეთ გავართმევ-მეთქი თავს. თუნდაც სხვა „შმაგებთან“ ერთად თავისუფლად მოვახტებოდი ღორს და ისე ვირბენდი კლინიკის ეზოში… ელდარი არ დამეთანხმა და…

გადასაღებ მოედანზე მოქმედებისა და აზრის გამოთქმის სრულ თავისუფლებას გვაძლევდნენ. იქვე დაიბადა ცნობილი რეპლიკაც – „აბი გლუკოზა“.

მსახიობი აბრეკ ფხალაძე 2018 წლის 9 იანვარს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უკვდავი ფრაზები ფილმიდან

„აბი გლუკოზას“ გარდა ფილმში უამრავი ფრაზაა, რომელიც მაყურებელს დღემდე ახსოვს და ხშირად იყენებს კიდეც. გასახალისებლად ზოგიერთ მათგანს ჩვენც გაგახსენებთ:

აქედან ვერ ამოშლი, აქედან!!!

მრეკეთ ბოთლი თავში, ქალბატონო მარგალიტა, რა……

შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ…

თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ…

გევიდა გაღმა…

არა, ყმაწვილო, არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა უნდა გავფრინდეთ!..

ის შავი კაცი ვინღა იყო, ჰაა?..

ქალი შემიყვარდა ნამეტნავად…

დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ!..

ხომ გითხარი, გაფრინდებიან-მეთქი, შე გალსტუკიანო პეპელა!..

რომელია ჩვენ შორის მართალი, იქ გამოჩნდება, ზეცაში!

ეჰ, თამუნია, თამუნია..

სიმღერით დაბრუნებული ვალი

„შერეკილები“, ძირითადად, თელავსა და ჭიათურაში, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კომპლექსი კი მუხრანის სკოლასა და მის ეზოშია გადაღებული. სხვათა შორის, მიზანა ბრეგვაძის სახლის დეკორაცია რომ დადგეს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, ვიღაცამ ინიციატივა გამოიჩინა და მეორე დღეს გადამღებ ჯგუფს ყველაფერი შეღებილი დახვდა. ხელახლა მოუხდათ დეკორაციის გაკეთება.

დათო ჟღენტი ერთაოზ ბრეგვაძის როლში

და ერთიც… „მამის ვალი შვილმა უნდა გადაიბაროს… იმის ვალი – მისმა შვილმა, აბა, რავა?!.. ასეა ეს!“… საქართველო, კონკრეტულად კი იმერეთი ალბათ ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც სიმღერით შეიძლება ვალის გადახდა, რადგან საქართველოში „სიგრძე ყოველთვის უდრის სიყვარულს, სიგანე – რწმენას, სიმაღლე კი – იმედს“.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close