იტალიელი, რომელმაც ციხეში უდანაშაულოდ 22 წელი გაატარა, 66 მლნ ევროს კომპენსაციას ითხოვს

ჯუზეპე გულოტა (GIUSEPPE GULOTTA), იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სასამართლო შეცდომის მსხვერპლი, 66 მლნ ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს იმისთვის, რომ ციხეში უდანაშაულოდ 22 წელი გაატარა. მან იტალიის სამი სამინისტროს (შს, თავდაცვის და ეკონომიკის) წინააღმდეგ სარჩელი ფლორენციის სასამართლოში შეიტანა.

ჯუზეპე გულოტა 1976 წლის იანვარში დააკავეს ორი კარაბინერის – სალვატორე ფალჩეტასა და კარმინე აპუცოს მკვლელობის ბრალდებით. სასამართლომ 18 წლის გულოტას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 22-წლიანი პატიმრობისა და 9 სასამართლო პროცესის შემდეგ იგი 2012 წელს რეჯო კალაბრიის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, რომელმაც დაადგინა, რომ მკვლელობა ბრალდებულს წამების შედეგად აღიარებინეს. რეჯო კალაბრიის სასამართლოს დასკვნით, მოსამართლეების შეცდომა კარაბინერების არასწორმა ქმედებამ, კერძოდ, დაკავებულის წამებამ გამოიწვია, რის შედეგადაც სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

საქმეში კიდევ 3 ადამიანი ფიგურირებდა, რომლებიც ასევე გამართლნენ – ვინჩენცო ფერანტელი, გაეტანო სანტანჯელო და ჯოვანი მანდალა – ეს უკანასკნელი, რომელიც 1998 წელს გარდაიცვალა, სასამართლომ მხოლოდ 2014 წელს ცნო უდანაშაულოდ.

ჯუზეპე გულოტას ადვოკატი ბალდასარე ლაურია განმარტავს, რომ მათ სარჩელში ორი ასპექტია: პირველი ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანი სასჯელს იხდიდა მრავალი წლის განმავლობაში; მეორე ასპექტი ეხება კარაბინერების მიერ წამებას, რამაც სერიოზული სასამართლო შეცდომა გამოიწვია.

რაც შეეხება სტატისტიკას, errorigiudiziari.com-ის დამფუძნებლები Valentino Maimone და Benedetto Lattanzi ამბობენ, რომ უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით, 1992 წლიდან მოყოლებული, გასული წლის ბოლომდე იტალიაში უდანაშაულო ადამიანების დაკავების 27 200 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წელიწადში საშუალოდ 1000-ზე მეტია და სახელმწიფომ კომპენსაციაზე 700 მლნ ევროზე მეტი დახარჯა ანუ წელიწადში საშუალოდ 28-30 მილიონი ევრო.

ბოლო წლებში ბიუჯეტში ამ სტატუსის თანხა სულ უფრო და უფრო იკლებს, სხვა მიზეზებთან ერთად იმის გამოც, რომ კომპენსაციის გაცემა გამკაცრდა; განაცხადების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება და, აქედან გამომდინარე, უსამართლოდ დაკავებული ადამიანების რაოდენობა რეალურად წელიწადში 2-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო 1000.

„როდესაც ვსაუბრობთ უდანაშაულო ადამიანების დაკავებაზე, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ უსამართლო დაკავებები და სასამართლო შეცდომები. გულოტას შემთხვევა სასამართლო შეცდომა იყო, როდესაც მოსამართლეებმა პროცესის ბოლოს იგი დამნაშავედ ცნეს, თუმცა წლების შემდეგ იგი გამართლდა. ხოლო საქმეების დიდი უმეტესობა შეეხება უსამართლოდ დაკავებას ციხეში ან შინა პატიმრობაში ყოფნას, როდესაც პროცესის ბოლოს საქმე ან შეჩერებულია, ან ბრალდებულები მართლდებიან“, – ნათქვამია errorigiudiziari.com-ის დამფუძნებლების განცხადებაში.

წყარო: https://www.leggo.it/italia/cronache/carcere_innocente_22_anni_giuseppe_gulotta_risarcimento-4255790.html

კომენტარები