
ტურინის გარეუბანში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცს მეზობლები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, რის გამოც იგი საავადმყოფოში აღმოჩნდა,- ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება.
53 წლის ლეონარდო რანიერის და მის პარტნიორს თავდამსხმელთა ჯგუფი ეზოში ელოდებოდა, მათ ათამდე კაცი გარს შემოეხვია და წიხლებით და მუშტებით გამეტებით ცემა დაუწყო; მრავალსართულიანი სახლის ფანჯრებიდან კი თავდამსხმელთა მხარდამჭერი და დაზარალებულთა შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა. იგივე სცენა განმეორდა კიბის უჯრედზე, სადაც პირველი ჯგუფისგან თავდაღწეულ რანიერის კიდევ დაესხნენ თავს.
მისმა პარტნიორმა, როგორც იქნა, შეძლო აგრესორების მოგერიება და რანიერის ბინაში შეთრევა. მას ჩანთა და ბინის გასაღები წაართვეს.
53 წლის ლეონარდო რანიერი ინვალიდობის დახმარებას იღებს გასული წლის ნოემბერში გულზე ჩატარებული რთული ოპერაციის გამო. ინციდენტის შედეგად იგი ისევ აღმოჩნდა ტურინის Molinette-ს საავადმყოფოში. ექიმებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ დაზარალებულს არაერთი ტრავმა, დაზიანება და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. რანიერის მეგობარმა მამაკაცმა კარაბინერებს სარჩელი წარუდგინა თავდამსხმელების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მაისში იტალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ერთი სქესის წარმომადგენელთა კავშირის ლეგალიზების შესახებ – მათ შეუძლიათ სამოქალაქო კავშირი გააფორმონ; შედეგად ქვეყანაში შემოვიდა ახალი საოჯახო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც სამოქალაქო ქორწინების ეკვივალენტურია.
კომენტარები