გამოთვალეთ თქვენი „წონასწორობის რიცხვი“ და გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ რთულ სიტუაციებში
ადამიანები ერთმანეთისგან საგრძნობლად განვსხვავდებით, სხვადასხვაგვარად ვრეაგირებთ გარემო პირობებზე, ამა თუ იმ მდგომარეობიდან თავდასაღწევად სრულიად განსხვავებულ გზებს ვირჩევთ, სხვადასხვაგვარად ვხვდებით ბედის გამოწვევას, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა ყველას ეხმარება ახალი თვისებების შეძენაში, სამყაროსთან ურთიერთობის თუ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალებების გამონახვაში. მთავარია, იცოდეთ, რა არის თქვენი პიროვნული „კოზირი“ და როგორ გამოიყენოთ.
ერთ-ერთი უძველესი მეცნიერება – ნუმეროლოგიაც დიდ დახმარებას გაგიწევთ, განსაკუთრებით – რთულ სიტუაციებში, თუ თქვენი ეგრეთ წოდებული „წონასწორობის რიცხვი“ გეცოდინებათ. ამ რიცხვთან დაკავშირებული შეფასებების ძალიან სჯეროდათ ანტიკურ საბერძნეთში და ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. საინტერესოა, რომ სახალხო კრების არჩევნების დროს კანდიდატების „წონასწორობის რიცხვსაც“ დიდი ყურადღება ექცეოდა.
„წონასწორობის რიცხვის“ დადგენა ძალიან ადვილია: დაწერეთ ფურცელზე თქვენი სახელის, მამის სახელის და გვარის პირველი ასოები, მოძებნეთ ქემოთ მოცემულ მატრიცაში ამ ასოების შესატყვისი ციფრები და შეკრიბეთ.
აი, ეს მატრიცა:
1 ა კ ტ ძ
2 ბ ლ უ წ
3 გ მ ფ ჭ
4 დ ნ ქ ხ
5 ე ო ღ ჯ
6 ვ პ ყ ჰ
7 ზ ჟ შ
8 თ რ ჩ
9 ი ს ც
თუ თქვენი სახელის, მამის სახელის და გვარის ინიციალების შესაბამისი ციფრების შეკრების შედეგად ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, მისი ციფრებიც შეკრიბეთ. საბოლოო ჯამში ერთნიშნა რიცხვი უნდა მიიღოთ, რომელიც იქნება თქვენი „წონასწორობის რიცხვი“. მაგალითად, სოფო დავითის ასული გონაშვილის ინიციალებია ს, დ და გ. ს-ს მატრიცაში შეესაბამება ციფრი 9, დ-ს – 4 და გ-ს კი – 3. შევკრიბოთ ეს ციფრები: 9+4+3=16. აქედან 16-ის ერთნიშნა რიცხვამდე დაყვანაა საჭირო: 1+6=7. გამოდის, რომ ამ პიროვნების „წონასწორობის რიცხვი“ შვიდია.
მივწყვეთ წინასწორობის რიცხვების აღწერას:
ერთი – გამოამჟღავნეთ თქვენი ძალა. შეეცადეთ თქვენი პრობლემები ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს გაუზიაროთ, რადგან არსებობს მარტო დარჩენის საშიშროება, იზოლაცია კი თქვენთვის კარგი ნამდვილად არ იქნება. პირიქით, უკეთესი ის იქნება, რომ გარშემო მყოფთა რჩევებს ყური დაუგდოთ. ეს დამატებით ინფორმაციას მოგცემთ და მეტი შანსი გექნებათ პრობლემისადმი სწორი მიდგომა და მოქმედების გეგმა შეიმუშაოთ, თუმცა თქვენს მთავარ იარაღად მაინც ძალა, მამაცობა და ორიგინალობა რჩება. ამ თვისებებს თუ გამოავლენთ, ნებისმიერ პრობლემას გადაწყვეტთ.
ორი – ამ პიროვნებისთვის მთავარი ტაქტი და დიპლომატიაა. იყავით რაც შეიძლება ნაკლებ ემოციური. ეცადეთ, ბოლომდე გაიტანოთ მოქმედების თქვენეული გეგმა და უკან ნუ დაიხევთ მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგობას შეხვდით. არ უნდა დაივიწყოთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საბოლოოდ ყველას დააკმაყოფილებს. შეგიძლიათ კომპომისზე წახვიდეთ. იყავით ოპტიმისტი, შექმნილ პრობლემას ნუ გააზვიადებთ. საერთოდ, ძალიან მგრძნობიარე ხართ და ამიტომ ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ შინაგან წონასწორობას, რომელიც კრიტიკულ მომენტებში ძლიერ დაგეხმარებათ.
სამი – ნებისმიერ მომენტში, მათ შორის, ცხადია, კრიტიკულშიც, ოპტიმისტი იყავით, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად ძალიან გაგიჭირდებათ. გარშემო მყოფნი დაიხმარეთ გამოსავალი გზების ძიებასა და პრობლემების მაქსიმალურად იოლად გადაჭრაში. მძიმე სიტუაციებში გამოიყენეთ თქვენი შარმი, რომელიც მოჭარბებულადაც კი გაქვთ. ემოციური პიროვნება ხართ, რის გამოც ხშირად ობიექტურობას კარგავთ. შესაძლოა გამოსავლის ძიებამ ისე გაგიტაცოთ, რომ ყველაზე მისაღები და მარტივი გამოსავალი ვერც კი შეამჩნიოთ. ეცადეთ, მუდმივად აკონტროლოთ ემოციები და თქვენს კეთილის მსურველებს ყურადღებით მოუსმინოთ.
ოთხი – ყველაზე მძიმე სიტუაციის დროს თქვენი მთავარი პრობლემა ნერვების მოთოკვაა. ამ დროს შეიძლება გაბოროტდეთ კიდეც, რაც ნამდვილად ვერ გაგიწევთ კარგ სამსახურს. ეცადეთ, შინაგან დისციპლინას მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ იმ ქაოსში, რომელიც თქვენს გონებაში იტრიალებს; გამოარჩიოთ მთავარი და მნიშვნელოვანი და მისკენ მიმართოთ ძირითადი ძალები. ყველაფერთან ერთად უდიდესი სამართლიანობის გრძნობა გაქვთ და ეცადეთ, ახალ ის საფეხურზე აიყვანოთ. ეს პრობლემების გადაჭრის გასაღები იქნება თქვენთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემებს ზედაპირულად უყურებთ და, ამდენად, მათი ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი თქვენი თვალთახედვის მიღმა რჩება. ამასაც აუცილებლად უნდა დაუთმოთ სათანადო ყურადღება. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა თავისუფლად შეგეძლებათ.
ხუთი – კარგი იქნება, თუ პრობლემებზე კონცენტრაციას გააკეთებთ და არავითარ შემთხვევაში არ ეცდებით გაქცევას. რაც მთავარია, არ ჩათვალოთ, რომ პრობლემის გადაწყვეტაში ალკოჰოლი დაგეხმარებათ. აუცილებლად მოერიდეთ ასეთ საშუალებებს, რადგან თქვენთვის დამღუპველი იქნება. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა თავისუფლად შეგეძლებათ, თუ ზემოთ მოყვანილ მომენტებს გაითვალისწინებთ. ნათელ გონებაზე სწორად შეძლებთ როგორც სხვისი რჩევების გათვალისწინებას, ისე საკუთარი მოსაზრებების რეალიზაციას.
ექვსი – ამ ადამიანის მთავარი იარაღი არის ის, რომ მას პრობლემის წარმოშობის მიზეზების სწორად გაგებისა და შეფასების, გადაჭრის გზების მოძებნის უდიდესი ნიჭი აქვს. მძიმე სიტუაციებში მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დაეყრდენით, მოუსმინეთ მათ და ეცადეთ ყველაფერი გაითვალისწინოთ, თუმცა უმთავრესი მაინც ურთიერთობების გაგებაა. ადვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი მოწინააღმდეგის ადგილას დააყენოთ და ასეთი მიდგომის შემთხვევაში ძალიან ადვილად მოაგვარებთ ყველაფერს.
შვიდი – ამ ადამიანის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ცდილობს ჩაიკეტოს, შინაგანი წრე შეიქმნას. ფიქრობს, რომ ასე დაცული იქნება; მეტიც, ყველაფერი მის გარეშე მოგვარდება. უნდა ებრძოლოთ საკუთარ თავს, ეს სინდრომი გადალახოთ და აქტიურად ჩაებათ მოქმედებაში. უსმინეთ მეგობრებს და მათი რჩევები გამოიყენეთ. გვერდშიც დაიყენეთ ისინი და მათთან ერთად იმოქმედეთ.
რვა – უდიდესი ენერგია აქვს, უნდა ეცადოს, რომ გაანალიზოს ეს ენერგია და რაც შეიძლება რაციონალურად გამოიყენოს. მისი სტიქიაა, თავდავიწყებით გადაეშვას პრობლემებში და თუ პრობლემა ხანგრძლივად გაგრძელდა, შესაძლოა ძალა აღარ ეყოს მის მოსაგვარებლად. ამას ისიც თან ერთვის, რომ ინიციატივას თავიდანვე ხელთ იგდებს და წამყვან როლს თამაშობს, თანაც სრულიად დამოუკიდებლად, სხვათა ჩარევის გარეშეც კი თავისუფლად ართმევს თავს ყველაფერს. თუმცა არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი მოქმედება არაფრად ეღირება, ძალებს თუ არ გადაანაწილებს.
ცხრა – პირველ რიგში, ზეცაში ფრენას მოეშვით და მიწაზე დაეშვით. პრობლემა ხშირად არ საჭიროებს ფილოსოფიურ ჭვრეტას და ბევრ ფიქრს. შესაძლოა, ის პრაქტიკული, მარტივი გზითაც გადაწყდეს, ამიტომ ეცადეთ, პირველ რიგში, პრაქტიკული თვალით შეხედოთ ყველაფერს. კარგს იზამთ, თუ იმ მეგობრების რჩევებს გაითვალისწინებთ ხოლმე, რომლებიც პრაქტიკულობით გამოირჩევიან. იმოქმედეთ პრაქტიკულად და ნებისმიერი, ერთი შეხედვით, რთული პრობლემა თქვენთვის იოლი მოსაგვარებელი გახდება.
თამთა გურული
კომენტარები