მსოფლიოპოლიტიკაnewsიტალია

უსაფრთხოების და ანტიიმიგრაციული დეკრეტი იტალიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა „სალვინის დეკრეტის“ საკამათო ტექსტი, რომელიც, როგორც ცნობილია, იმიგრაციულ კანონმდებლობას ამკაცრებს, – ამის თაობაზე ANSA.IT იუწყება. დოკუმენტს კანონის ძალა მიენიჭება მაშინვე, როგორც კი ოფიციალურ გამოცემაში  – GAZZETTA UFFICIALE-ში გამოქვეყნდება.

დეკრეტის მომხრე იყო 396 დეპუტატი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა მისცა 99-მა დეპუტატმა.

„მე ბედნიერი ვარ, ეს დაუვიწყარი დღეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კენჭისყრის შემდეგ მატეო სალვინიმ მონტეჩიტორიოს სასახლეში (რომში), სადაც იტალიის დეპუტატთა პალატაა განთავსებული. „ზოგიერთი ძველი მემარცხენე თანამებრძოლი ფიქრობს, რომ არალეგალური იმიგრაცია პრობლემას არ წარმოადგენს და უსაფრთხოება – ეს მემარჯვენეების თემაა, მაგრამ სინამდვილეში ეს მთელი მსოფლიოს თემაა“, – აღნიშნა მან.

მიღებული დეკრეტის თანახმად, იტალიაში თავშესაფრის მაძიებელი იმიგრანტისთვის ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცხოვრების უფლების მინიჭების პროცედურა უკიდურესად შეიზღუდა. დევნილებს მსხვილ მიმღებ ცენტრებში განათავსებენ, ხოლო მიგრანტებს, რომლებსაც „სახიფათოდ“ მიიჩნევენ, დაჩქარებული წესით გაადეპორტებენ ქვეყნიდან;

იტალიის მოქალაქეობის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვის ვადა იზრდება 24 თვიდან (2 წელი) 48 თვემდე ( 4 წელი);

იტალიის მოქალაქეობას ისევ ჩამოართმევენ იმ უცხოელებს, რომელთა დანაშაულსაც სასამართლო დაამტკიცებს;

დოკუმენტი, აგრეთვე, უფლებას აძლევს პოლიციას, გამოიყენოს ელექტროშოკური პისტოლეტები, რათა დევნილები უკანონოდ დაკავებული შენობებიდან გამოიყვანოს.

ამ და სხვა დებულებების გარდა, დეკრეტი ავალდებულებს სპორტულ კლუბებს, მეტი სახსრები დახარჯონ სტადიონებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამ მიზნით ნაცვლად ბილეთის საფასურის 1-იდან 3%-ისა, 5-იდან 10%-მდე გამოყონ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close