newsიტალია

კვირას, 28 ოქტომბერს ევროკავშირი ზამთრის დროზე ბოლოჯერ გადავა

დიდი ხნის კამათისა და დებატების შემდეგ ზაფხულის და ზამთრის დროზე გადასვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირში მიღებულია გადაწყვეტილება, 2019 წლიდან სამუდამოდ უარი თქვან საათის ისრების გადაწევაზე სეზონურად. წლეულს 28 ოქტომბერს ევროკავშირი სავალდებულო წესით ზამთრის დროზე უკანასკნელად გადავა.

ევროკომისიის მიერ 2018 წლის აგვისტოში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტების 84%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა სეზონურად დროის ცვლილების გაუქმებას. ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ონლაინგამოკითხვაში 4,6 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის თებერვალში მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ სამეცნიერო კვლევებმა ვერ დაადასტურა ზამთრის და ზაფხულის დროზე გადასვლის რაიმე დადებითი შედეგები, პირიქით, კვლევების თანახმად, საათის ისრის გადაწევა სეზონების მიხედვით უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოფლის მეურნეობასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

ევროკომისიამ ევროკავშირის მიერ საათების სეზონურად გადაწევაზე უარის თქმის გეგმა შეიმუშავა, თუმცა წევრ სახელმწიფოებს უფლება მისცა, თავად გადაწყვიტონ, რომელს აირჩევენ – ზაფხულის დროს თუ ზამთრის დროს. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, რომ მეზობელმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღონ კოორდინირებულად – შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ევროკომისიას სურს, არ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც რომელიმე წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს შეინარჩუნოს საათის გადაწევის პრაქტიკა ზამთრის და ზაფხულის დროის შესაბამისად, ხოლო სხვებმა უარი თქვან ამ პრაქტიკაზე. ამ ცვლილებაზე უმტკივნეულოდ გადასასვლელად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს 2019 წლის აპრილამდე აქვთ დრო.

ევროკავშირში ბოლო სავალდებულო გადასვლა ზაფხულის დროზე 2019 წლის 31 მარტს მოხდება. ამის შემდეგ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც მოისურვებენ სამუდამოდ დაბრუნდნენ ზამთრის დროზე, ამას 2019 წლის 27 ოქტომბერს გააკეთებენ. ამ თარიღის შემდეგ ევროკავშირში საათის სეზონური ცვლილება მთლიანად გაუქმდება. ევროკომისიამ თავისი წინადადება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს უნდა შეუთანხმოს.

ზაფხულის დროზე პირველად გერმანია გადავიდა 1916 წლის 30 აპრილს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ეს პრაქტიკა მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში დაინერგა.

ასე რომ, 28 ოქტომბერს საბერძნეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, ისევ გადავა ზამთრის დროზე – ეს მოხდება კვირას, გამთენიის 4 საათზე. საათის ისარი ციფრ 4-იდან ციფრ 3-ზე უნდა დააბრუნოთ.

საქართველომ ზამთრის დროზე გადასვლაზე უარი თქვა 2005 წლის ოქტომბერში და ზაფხულის დროზე დარჩა. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო – რუსეთიც არ გადავიდა ზამთრის დროზე და ზაფხულის დროზე დარჩა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close