ცისფერი ბარათი – გერმანიასა და, ზოგადად, ევროკავშირში მუშაობის განსაკუთრებული უფლება
გერმანიის ცისფერი ბარათი (გერმანულად – BLAUE KARTE) – თავისი არსით, სამუშაო ვიზაა, რომელიც გაცილებით გამარტივებული რეჟიმით გაიცემა, ვიდრე ჩვეულებრივი სამუშაო ვიზა. ცისფერი ბარათის მიღებისთვის, მაგალითად, აუცილებელი არ არის გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი და არც გერმანიის შრომის სამინისტროს სამუშაო ნებართვა.
გერმანიის ცისფერი ბარათი განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომელთა ანაზღაურება წელიწადში 49.600,00 ევროზე ნაკლები არ არის (4.133,33€ თვეში, გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით) ან 38.688,00 ევრო წელიწადში (3,224.00€ თვეში, გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით) საბუნებისმეტყველო სფეროს სპეციალისტებისთვის, მათემატიკოსებისთვის, არქიტექტორებისთვის, პროდუქტის დიზაინერებისთვის, ინჟინრებისთვის, ექიმებისთვის (სტომატოლოგების გარდა), IT სპეციალისტებისთვის.
თუ თქვენი წლიური ანაზღაურება ზემოთ მოყვანილ კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები იქნება, მაშინ ცისფერი ბარათის ნაცვლად გერმანიაში სამუშაო ვიზის მიღება უნდა სცადოთ.
თუ თქვენი მომავალი ხელფასი ზემოთ მოყვანილ ჩარჩოებში ჯდება, მაშინ ქვეყანაში შესასვლელი ვიზა შეგიძლიათ მიიღოთ გერმანიის საკონსულოში (პროცედურებს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე სჭირდება, თუმცა თუ უკვე გქონდათ გერმანიაში სასწავლო ვიზა, მაგალითად, ენის კურსებზე დადიოდით 90 დღეზე მეტხანს, ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდით, მაშინ თქვენი საბუთების განხილვას უფრო მეტი დრო – 1,5-2 თვე დასჭირდება).
ცისფერი ბარათი ვადიანია და გერმანიაში გაიცემა ხანგრძლივობით: დამსაქმებელთან დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ვადას + 3 თვე; მისი მაქსიმალური ვადა 4 წელია, თუმცა შესაძლებელია გაგრძელება.
ცისფერი ბარათის ფლობის დიდი უპირატესობაა ის, რომ მისი მიღებისთანავე შეგიძლიათ „ოჯახთან შეერთება“, ხოლო თქვენი ოჯახის წევრებს გერმანიაში შესვლისთანავე ექნებათ მუშაობის შეუზღუდავი უფლება (შეუძლიათ იმუშაონ, როგორც დაქირავებულმა მუშაკებმა, შეუძლიათ საკუთარი ბიზნესი აწარმოონ), ამასთან, დროებითი ბინადრობის უფლების მისაღებად თქვენი ოჯახის წევრებს გერმანული ენის ცოდნა არ მოეთხოვებათ.
მუდმივი ბინადრობის უფლებას (ანუ გერმანიაში ცხოვრების უფლებას განუსაზღვრელი ვადით) მიიღებთ მას შემდეგ, რაც 21 თვის განმავლობაში ყოველთვიურად იხდით შენატანს საპენსიო ფონდში (მთელი თანხაც შეგიძლიათ ერთჯერადადაც შეიტანოთ კერძო საპენსიო ფონდში), თუმცა ამ შემთხვევაში ენა უნდა იცოდეთ В1 დონეზე მაინც.
მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების შემდეგ თუ 3 წლის განმავლობაში იღებთ სოციალურ დახმარებას, მუდმივი ბინადრობის უფლებას ჩამოგართმევენ.
რას წარმოადგენს ცისფერი ბარათი
ევროკავშირის ცისფერი ბარათი 2012 წელს გამოვიდა (ნაწილობრივ ამერიკული მწვანე ბარათის მსგავსია, თუმცა განსხვავებით მწვანე ბარათისგან ცისფერი ბარათის ლატარია არ თამაშდება) ევროკავშირის ქვეყნებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მისაზიდად. ინგლისურად ამ ბარათს ჰქვია Blue Card, გერმანულად კი – Blaue Karte.
ცისფერმა ბარათმა უცხოელ ახალგაზრდებს, რომლებიც გერმანიაში ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, ამ ქვეყანაში დასაქმების ახალი საკანონმდებლო შესაძლებლობები მისცა.
ვის შეუძლია მოითხოვოს ცისფერი ბარათი გერმანიაში
გერმანიაში ცისფერი ბარათის მოთხოვნა შეუძლია უცხოელს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე, იმ შემთხვევაში, თუ;
1. მან დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი გერმანიაში, ან საზღვარგარეთ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი, რომლის დიპლომსაც გერმანია აღიარებს;
2. აქვს სამუშაო კონტრაქტი ანაზღაურებით (გადასახადების ჩათვლით), რომლის ოდენობაც ზემოთ მოცემულ ზღვარზე ნაკლები არ არის; ხოლო ისეთი პროფესიების შემთხვევაში, როგორიცაა: სამეცნიერი მუშაკი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), მათემატიკოსი, ექიმი, ინჟინერი, IT სპეციალისტი – ხელფასი დასაშვებია უფრო ნაკლებიც იყოს (ზემოთ მოცემულია ეს თანხაც).
პროფესიების ჩამონათვალი გერმანიის ცისფერი ბარათისთვის
პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის ხართ, თუ დამსაქმებელი ზემოთ მოცემულ თანხაზე არანაკლებ ხელფასს გადაგიხდით – ცისფერ ბარათს მაინც მიიღებთ. „გამარტივებული ჯგუფის“ პროფესიებს რაც შეეხება, საქმე ის არის, რომ ამ დარგების სპეციალისტები გერმანიას ძალიან უჭირს (საბუნებისმეტყველო დარგების მეცნიერები, მათემატიკოსები, ექიმები, ინჟინრები, IT სპეციალისტები).
რა ხდება, თუ კანონით მოთხოვნილზე უფრო დაბალი ხელფასი გაქვთ
ესეც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ცისფერი ბარათის გასაცემად უცხოელთა საქმეების სამინისტრო შრომის სამინისტროს ნებართვას მოითხოვს, რისთვისაც საბუთების განხილვას დაახლოებით 1-4 თვით მეტი დასჭირდება. თანხმობას მიიღებთ, თუ თქვენი ხელფასი მნიშვნელოვნად არ ჩამორჩება კანონით მოთხოვნილ ზღვარს, მაგრამ თუ გერმანიაში არსებული საშუალო ხელფასის ტოლი ან უფრო დაბალია, სავარაუდოდ, შრომის სამინისტრო უარით გამოგისტუმრებთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელფასი საშუალოს ტოლი ან უფრო დაბალია, ჯობია არ გარისკოთ და საკონსულოში საბუთების შეტანამდე ჯერ შრომის სამინისტროს მიმართოთ, რათა წინასწარ გაიგოთ, თქვენი სიტუაციის შემთხვევაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ შრომის უწყება უარს გეტყვით და ნაბართვას არ მოგცემთ, კარგი ის არის, რომ უარი თქვენს სავიზო ისტორიაში არ აისახება.
გერმანიის BLAUE CARTE-ს მოქმედების ვადები
გერმანიაში „ცისფერი ბარათი“ გაიცემა მაქსიმუმ 4 წლის ვადით, ხოლო თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა უფრო ნაკლებია, მაშინ ბარათის ხანგრძლივობის ვადა იქნება შრომითი ხელშეკრულების ვადას პლუს 3 თვე. თუ დამსაქმებელი შრომით ხელშეკრულებას გაგიგრძელებთ, ცისფერi ბარათის ვადასაც გაგიგრძელებენ ან ამ მომენტისთვის უკვე მუდმივი ბინადრობის უფლებას მოგცემენ.
დამსაქმებლის შეცვლა
დამსაქმებელი, რომლის კონტრაქტის საფუძველზეც გაიცა გერმანიაში
Blue Card-ი, მითითებულია „ცისფერ ბარათში“ (ან მის დანართში). დამსაქმებლის შეცვლის შემთხვევაში (მიაქციეთ ყურადღება – მანამ, სანამ შეიცვლით) პირველი 2 წლის განმავლობაში უცხოელთა საქმეთა უწყების ნებართვა დაგჭირდებათ. ნებართვას უპრობლემოდ მოგცემენ, თუ საჭირო პირობებს აკმაყოფილებთ (ანუ თუ ახალ დამსაქმებელთანაც შესაბამისი ხელფასი გაქვთ). ამ შემთხვევაში „ცისფერ ბარათში“ (ან მის დანართში) ახალი დამსაქმებელი ჩაიწერება.
მუდმივი ბინადრობის უფლება „ცისფერი ბარათის“ მფლობელებისთვის
უცხოელს, რომელსაც გერმანიის „ცისფერი ბარათი“ აქვს, 33 თვის შემდეგ შეუძლია მუდმივი ბინადრობის უფლება მოითხოვოს, ხოლო თუ საკმარისად კარგად იცის გერმანული ენა, მაშინ მუდმივი ბინადრობის უფლება უკვე 21 თვის გასვლის შემდეგ შეუძლია მოითხოვოს.
მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებად უნდა გქონდეთ მოქმედი სამუშაო კონტრაქტი, მთელი ამ ხნის განმავლობაში გადახდილი უნდა გქონდეთ შენატანები საპენსიო ფონდში (სახელმწიფო ან კერძო ფონდში).
რაც შეეხება Blaue Karte-ის ცოტა უცნაურ ვადებს – 21 და 33 თვე, 2 ან 3 წლის ნაცვლად – ეს უკავშირდება ევროკავშირში 3 თვემდე უმუშევრად ყოფნის უფლებას (Art. 7 RL 2009/50/EG).
გერმანული ენის ცოდნის საკმარისი დონე
Aufenthaltsgesetz – უცხოელთა გერმანიაში ყოფნის შესახებ კანონის პირველ რედაქციაში, პარაგრაფში, რომელიც ეხება ცისფერ ბარათს, მითითებული იყო ენის ცოდნის მოთხოვნა – B1 დონე (სერტიფიკატით დადასტურებული), შემდგომ რედაქციაში (06.09.2013) ჩაიწერა, უბრალოდ, „გერმანულის საკმარის დონეზე ცოდნა“ სერტიფიკატის მოთხოვნის გარეშე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს „საკმარის დონეზე ცოდნა“ გულისხმობს გერმანული ენის В1 დონეზე ცოდნას, რაც ითვალისწინებს, რომ უნდა შეგეძლოთ მოსმენილი საუბრის და ინფორმაციის გაგება ნელა საუბრის შემთხვევაში; შეგეძლოთ საკუთარი აზრის, დასკვნების გადმოცემა, თქვენი გამოცდილების აღწერა მარტივი, ერთმანეთტან დაკავშირებული წინადადებებით, აგრეთვე შეგეძლოთ ისეთი ტექსტების კითხვა, რომლებიც ყოველდღიურობასა და თქვენს სამუშაოს ეხება“.
2013 წლის ცვლილება გულისხმობს, რომ ცისფერი ბარათის მიღებისთვის ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა არ გჭირდებათ, თუ ჩინოვნიკი თქვენთან შეხვედრისას რწმუნდება, რომ შეგიძლიათ გააგებინოთ და თქვენც გესმით მისი საუბარი. თუ ჩინოვნიკს ფიქრობს, რომ გერმანული საერთოდ არ იცით, ამ შემთხვევაში მოგთხოვენ სერტიფიკატს ან ერთი წლით მოცდას.
თუ უკვე გქონდათ ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის (ქვეყნების) ცისფერი ბარათი, მისი მოქმედების ვადა გერმანიაშიც ჩაითვლება (21 და 33 თვე), როდესაც მუდმივი ბინადრობის უფლების მოთხოვნას დააპირებთ. ასევეა გერმანული blaue karte-ს შემთხვევაში – თუ ვროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში გადახვალთ, გერმანული ცისფერი ბარათის ფლობის ვადა იქაც ჩაგეთვლებათ.
რით ჯობია „ცისფერი ბარათი“ მუდმივი ბინადრობის უფლებას
ამ მომენტში საინტერესო კოლიზია არსებობს: „ცისფერი ბარათი“ უფლებას გაძლევთ იმუშაოთ და იცხოვროთ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ხოლო გერმანიაში მიღებული მუდმივი ბინადრობის უფლებით მხოლოდ გერმანიაში მუშაობის უფლება გაქვთ – ე. ი. თუ ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში იპოვით სამსახურს, მოგიწევთ ისევ ცისფერი ბარათის მოთხოვნა და გერმანული მუდმივი ბინადრობის უფლების გაუქმება. გერმანელი კანონმდებლები ამ პრობლემაზე მუშაობენ და მიდის საუბარი იმაზე, რომ გერმანულ მუდმივ ბინადრობის უფლებაში შეიტანონ ჩანაწერი, რომელიც ადამიანს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუშაობის საშუალებასაც მისცემდა.
მეუღლისა და შვილების წაყვანა გერმანიაში
მეუღლეები (თუ ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებულია ცისფერი ბარათით გერმანიაში შესვლამდე) და არასრულწლოვანი შვილები გერმანიაში ცხოვრების უფლებას ძირითადი განმცხადებლის ცისფერი ბარათის მოქმედების ვადით იღებენ; გერმანიის ტერიტორიაზე შესასვლელად მეუღლეს და მცირეწლოვან შვილებს გერმანული ენის ცოდნა არ სჭირდებათ და მუშაობის შეუზღუდავი უფლება ენიჭებათ, თუმცა 16 წლის მოზარდებს ენის კარგად ცოდნა მოეთხოვებათ.
ვის არ შეუძლია „ცისფერი ბარათის“ მიღება
„ცისფერი ბარათის“ მიღება (არც გერმანიაში და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში) არ შეუძლიათ პოლიტიკურ დევნილებს და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მაძიებლებს, აგრეთვე, შვეიცარიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და ნორვეგიის მოქალაქეებს.
გერმანიაში BLUE CARD-ის მფლობელთა დამატებითი უფლებები
„ცისფერი ბარათის“ მფლობელებს გერმანიაში ყოფნის 18 თვის შემდეგ უფლება აქვთ ამ ბარათით ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.
Blue Card-ით სხვა ქვეყნიდან (მაგ., ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან) გერმანიაში თუ შეხვალთ, ამის თაობაზე შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა აცნობოთ უცხოელთა საქმეთა უწყებას. გერმანიის „ცისფერი ბარათის“ მფლობელებს შეუძლიათ 12-თვიანი უწყვეტი ვადით იმყოფებოდნენ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და ასეთ შემთხვევაში მათ „ცისფერ ბარათს“ არ ჩამოართმევენ, განსხვავებით სხვა ბინადრობის უფლებებისგან, რომლებიც გერმანიის ფარგლებს გარეთ მხოლოდ 6 თვით უწყვეტად ყოფნის უფლებას იძლევა.
მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა
იხილეთ, აგრეთვე, როგორ მოვძებნოთ სამუშაო გერმანიაში:
კომენტარები