ლეგალური დასაქმება გერმანიაში – რაზე შეთანხმდა გერმანიის „დიდი კოალიცია“
გერმანიას 2050 წელს, კვლევის თანახმად, სამუშაო ძალის სერიოზული ნაკლებობა ემუქრება (7 მლნ ადამიანი), თუ აქედანვე არ მიმართა გადამჭრელ ზომებს. ბოლო კვლევების თანახმად, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. მკვლევარების მტკიცებით, მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის შემცირების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების შესავსებად გერმანიას 2060 წლამდე ყოველწიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი მიგრანტის მიღება დასჭირდება.
გერმანიის მთავრობა უკვე დღეს იწყებს ზრუნვას ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როგორც ახლახან განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კლასიკური გაგებით, „იმიგრანტების ქვეყნად“ გადაიქცევა. გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში 2 ოქტომბერს გვიან ღამით გამართული მოლაპარაკებების შედეგად ყველაზე გავლენიანი გერმანული პარტიები საიმიგრაციო კანონმდებლობაზე შეთანხმდნენ. „დიდი კოალიციის“ მიერ ერთობლივად შემუშავებულ შვიდგვერდიან განცხადებაში იკვეთება ქვეყნის მომავალი სტრატეგია ამ თემასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება დისკუსიას, რომელიც გერმანიაში უკვე 25 წელია გრძელდება – შრომითი მიგრაციის ლეგალიზაცია. როგორც შეთანხმებიდან ჩანს, გერმანიას სულ მალე ისეთივე საიმიგრაციო კანონმდებლობა ექნება, როგორიც უკვე წლებია აშშ-ს, კანადას, ახალ ზელანდიას და ავსტრალიას აქვს.
თემა იმდენად სერიოზულია, რომ „დიდი კოალიციის“ მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროდ ერთდროულად სამი მინისტრი გამოვიდა – შინაგან საქმეთა, ეკონომიკის და შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროების მეთაურები.
კვალიფიციური კადრების დეფიციტი
გერმანიის ეკონომიკას დღეს არ უჭირს, რამდენიმე რეგიონში დასაქმება 100%-იან ნიშნულს უახლოვდება, თუმცა, როგორც გერმანიის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი, ქვეყნის ეკონომიკის მომავლისთვის „გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კვალიფიციური კადრების ბაზის გაფართოებას“.
„კვალიფიციური კადრების დეფიციტი – ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც გერმანიაში საწარმოებს აწუხებთ და ეს პრობლემა შრომით ბაზარზე წლიდან წლამდე უფრო მწვავედ დადგება“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჰორსტ ზეეჰოფერმა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების დანაკლისის შევსება უკვე დასაქმებული გერმანელების კვალიფიკაციის ამაღლებით ან ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებიდან ახალი კადრების მოზიდვით ვერ მოხერხდება, ამიტომ საჭიროა მიგრანტების მოზიდვა ე. წ. მესამე ქვეყნებიდან.
გერმანიის მთავრობის განმარტებით, საუბარია განათლებულ მიგრანტებზე, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ. სპეციალისტებს დღესაც აქვთ საშუალება დასაქმდნენ გერმანიაში, თუმცა ახალი კანონმდებლობით, ეს შანსი ყველა მიგრანტს გაუჩნდება.
უფრო კონკრეტულად, დღეს გერმანიაში სამსახურის დაწყების შესაძლებელობა აქვთ:
კვალიფიციურ მიგრანტებს, რომელთა პროფესიაში კადრების დეფიციტია. მაგალითად, სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც მოხუცების მოვლა ევალებათ. ახალი კანონით, ამ დარგის მუშაკების მიღება-დასაქმებასთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდება.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ პროფესიების ჩამონათვალი, სადაც კადრების დეფიციტია, სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რომლის ამოქმედებასაც გერმანიის მთავრობა სულ მალე გეგმავს.
გერმანიაში დასაქმების უმთავრესი მოთხოვნა კი უცვლელია: ეს არის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ეს ქვეყანა აღიარებს.
კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის აღიარების საკითხს რაც შეეხება, პრესკონფერენციაზე სამივე მინისტრმა განმარტა, რომ პროცედურა დაჩქარდება და გაიოლდება. „თუ მზარეული შეძლებს კვალიფიკაციის დადასტურებას დოკუმენტებით, მისი კვალიფიკაციის დადასტურება გერმანიაში შესაძლებელი იქნება პოსტ ფაქტუმ ანუ მისი დასაქმების შემდეგაც“, – განაცხადა შრომის მინისტრმა ჰუბერტუს ჰაილმა.
მეორე სავალდებულო მოთხოვნა, რომელიც გერმანიის მთავრობას აქვს – გერმანული ენის ცოდნაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია ლიტერატურული ენის შესწავლა. „საუბარია ენის იმ დონეზე ცოდნაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, საკუთარი პროფესიით უპრობლემოდ იმუშაონ. შესაბამისად, მზარეულმა სხვა ტერმინები უნდა იცოდეს, მძღოლმა – სხვა“, – აღნიშნა შრომის მინისტრმა.
თუ გავითვალისწინებთ კვლევას, რომლის თანახმადაც, რიგითი გერმანელი ფერმერი თავის ყოველდღიურ სასაუბრო ენაში მაქსიმუმ 500-600 სიტყვას იყენებს, ენობრივი ბარიერი სულაც არ უნდა იყოს პრობლემა, მით უმეტეს, რომ გერმანიის მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს გერმანული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას მიგრანტების მშობლიურ ქვეყნებში. კერძოდ, წინასწარი გეგმის მიხედვით, ასეთი კურსების გავლა შესაძლებელი იქნება გოეთეს ინსტიტუტის ფილიალებში სხვადასხვა ქვეყანაში.
იდეალურ ვარიანტია, თუ გერმანიაში ჩასვლამდე მიგრანტს შრომითი ხელშეკრულება წინასწარ ექნება გაფორმებული, თუმცა ეს სავალდებულო არ არის. გერმანიაში შეუძლიათ ჩასვლა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჯერ სამსახურის ძიების პროცესში არიან. ასეთ მიგრანტებს დასაქმებისთვის ექვსთვიან ვადას მისცემენ. ამ ხნის განმავლობაში ისინი სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ და ხარჯების გაღება თავად მოუწევთ.
***
ახალ კანონში რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია – კერძოდ, ჯერ გაურკვეველია, შეუშვებენ თუ არა მიგრანტს გერმანიაში, თუ მას გარკვეული თანხა არ ექნება ანგარიშზე. მთავრობაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანის მიმართ სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელებენ. ცხადია, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მიგრანტის ასაკი.
„ცისფერი ბარათით“ დასაქმება და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
2017 წელს გერმანიამ 11 ათასი შრომითი მიგრანტი მიიღო. ისინი გერმანიაში მოქმედი პროგრამის, Blue Card-ის ბენეფიციარები არიან, რომელიც მაღალკვალიფიციურ უცხოელებს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლას უადვილებს.
Blue Card-ის მისაღებად მსურველმა გერმანიის საკონსულოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და გერმანულ კომპანიასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტი ან გარანტირებული დასაქმების წინადადება უნდა წარადგინოს. მისი წლიური ხელფასი, გადასახადების ჩათვლით, წელიწადში 52 000 ევროს უნდა შეადგენდეს. გამონაკლისია ის პროფესიები, სადაც კადრების მწვავე დეფიციტია – ამ შემთხვევაში სავალდებულო წლიური ხელფასი 40 ათასი ევროა.
2017 წელს ასეთ პროფესიებად ითვლებოდა პროგრამისტი, IT სპეციალისტი, ექიმი, მათემატიკოსი და ინჟინერი.
სად არის ყველაზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი და სად იხდიან ყველაზე მეტს?
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, გერმანიაში არის რამდენიმე ქალაქი, სადაც თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება და, ამასთან, ბინის დაქირავება იაფია. კიოლნის IW ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიგრანტს სასურველი და მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნის ყველაზე მეტი შანსი გერმანიის ჩრდილოეთსა და დასავლეთ ნაწილში აქვს.
გერმანიაში სამსახურის დასაწყებად მნიშვნელოვანია იმ ხარჯის გათვალისწინება, რომლის გაღებაც მიგრანტს ბინის ქირისთვის მოუწევს. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: ბერლინი, ჰამბურგი, მიუნხენი და კიოლნი – თავისუფალი ვაკანსიების პოვნა იოლია, მაგრამ შემოსავლების დიდი ნაწილი ბინის ქირას სჭირდება, თუმცა კვლევის ავტორებმა დაასახელეს რამდენიმე შედარებით პატარა ქალაქი, სადაც დასაქმებულის ხელფასისა და ბინის ქირის გადასახადის თანაფარდობა ყველაზე მისაღებია.
მათ შორის არის გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიურინგიის მიწაზე მდებარე ქალაქი იენი. 2018 წლის მონაცემებით, ყოველ 100 უმუშევარზე 67 ვაკანსია მოდის. ამასთან, უძრავი ქონების დაქირავება გერმანიის საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, საკმაოდ დაბალია.
ანალოგიური სიტუაციაა გერმანიის დასავლეთშიც, რაინ-ვესტფალიის მიწაზე მდებარე ქალაქ იზერლონშიც, სადაც 100 უმუშევარზე 57 ვაკანსიაა, ხოლო უძრავი ქონების გადასახადი საშუალო სტანდარტის 78%-ს შეადგენს.
გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კი ვაკანსიების რაოდენობა უმუშევართა რიცხვს აჭარბებს კიდეც. ასეთია, მაგალითად, ნიდერლანდების საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი ნორდჰორნი. ამ დასახლებაში სულ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 100 უმუშევარზე 111 ვაკანსია მოდის. უძრავი ქონების ქირა საშუალო ღირებულების 78%-ს შეადგენს. ასეთივე სიტუაციაა ბადენ-ვიურტენბურგის მიწაზე, ქალაქ შვებიშ-ჰალში, სადაც მუშახელის დეფიციტია.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ყველაზე მაღალი ხელფასი და ყველაზე იაფი უძრავი ქონება ბავარიის სხვადასხვა რაიონშია. მაგალითად, ასეთია ქალაქი რეგენსბურგი, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტები, ამასთან, ყოველ 100 უმუშევარზე 101 ვაკანსია მოდის, ხოლო ბინის დაქირავება გერმანიის სხვა რაიონებთან შედარებით ნახევარ ფასად შეიძლება.
ზემოთ მოცემულ რუკაზე ჩანს, რომ მუშახელის დეფიციტი ბავარიის სხვა ქალაქებშიც თვალშისაცემია.
ბოლო კვლევების თანახმად, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. როგორც მკვლევრები ამბობენ, მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის შემცირების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების შესავსებად გერმანიას 2060 წლამდე ყოველწიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი მიგრანტის მიღება დასჭირდება.
გერმანიის კანცლერმა ახალ ინიციატივაზე ბუნდესტაგშიც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიები უცხოელ სპეციალისტებს უნდა დაეყრდნონ. მერკელის განცხადებით, მსხვილ კორპორაციებს მუშახელის სიმცირის გამო გერმანიის დატოვება არ უნდა უწევდეთ.
მოგეხსენებათ, აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ანგელა მერკელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესახებ ისაუბრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე. როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.
იხ. სტატიის ორიგინალური სრული ვერსია: https://1tv.ge/news/rogor-dasaqmdebian-uckhoelebi-germaniashi/
იხ. საინფორმაციო სტატია გერმანიაზე ამ ლინკზე: http://nostal.ge/2018/09/07/germaniis-federaciuli-respublika-faqtebi-da-cifrebi/
კომენტარები