მოგზაურობამსოფლიო

ქარის წისქვილების ქვეყანა – 12 ფაქტი ნიდერლანდების შესახებ

1. ჰოლანდიის ოფიციალური სახელწოდებაა „ნიდერლანდების სამეფო“; „ნიდერლანდები“ ითარგმნება, როგორც „დაბლობი მიწები“. ამ ქვეყნის ტერიტორიების მეოთხედი ზღვის დონეზე დაბლაა. წყლისგან გამოტაცებულ ასეთ მიწაზე მდებარეობს, მაგალითად, ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტი – მის ადგილას ოდესღაც ტბა იყო.

2. ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული ჰიმნი – „ვილჰელმუსი“ ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 1568 წელს დაიწერა და შესრულდა.

3. ერთ კვადრატულ მეტრზე მუზეუმების რაოდენობით (51 მუზეუმი) ამსტერდამი მსოფლიო ქალაქებს შორის ლიდერია. ამსტერდამის მუზეუმებში რემბრანდტის 22, ხოლო ვან გოგის 206 ნამუშევარი ინახება.

რემბრანდტი, „ღამის გუშაგი“, 1642; რიკსმუზეუმი, ამსტერდამი

4. ჰოლანდია ლიბერალური კანონების ქვეყანაა. 2000 წლიდან აქ ლეგალიზებულია პროსტიტუცია, 2001 წელს ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება დაკანონდა, ხოლო 2009 წლიდან ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის ნება დართეს. ნიდერლანდები არის, აგრეთვე, ევთანაზიის ლეგალიზაციის პიონერი (ევთანაზია – ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა მისივე თხოვნით, როდესაც მას უკურნებელი სენი სჭირს და ტკივილებით იტანჯება). 1984 წელს ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნებაყოფლობითი ევთანაზია მისაღებია, ხოლო 2002 წლის პირველ აპრილს ნიდერლანდებში, მსოფლიოში პირველად, ევთანაზიის ლეგალიზაცია მოხდა.

5. ჰოლანდიაში უცნაური ტრადიციაა – სახლის ან ბინის ფანჯრებზე ფარდები არ კიდია. ეს ჩვეულება ემყარება ძველ პროტესტანტულ რელიგიას, რომლის მიხედვითაც, ჰოლანდიელებს დასამალი არაფერი აქვთ და მათი ცხოვრება ქრისტიანულ მორალს შეესაბამება.

6. ჰოლანდიაში, ისევე როგორც ავსტრიასა და გერმანიაში, საზოგადოებრივი აბანოების უმეტესობაში ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად ბანაობენ – ცალკე არ არის ქალების და კაცების განყოფილებები, თანაც აქ მიღებულია სრულიად შიშვლად ყოფნა.

7. ამსტერდამის ყველაზე ძველი ნაგებობაა ტაძარი Oude Kerk, რომელიც 1309 წელს აკურთხეს. ის ვალენის რაიონის ცენტრში მდებარეობს.

Oude Kerk

8. ჰოლანდიაში 1180 ქარის წისქვილია. მათგან გამორჩეულია სოფელ კინდერდეიკის ქარის წისქვილების კომპლექსი (19 წისქვილი), რომელიც იუნესკომ 1997 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

9. ამსტერდამი მსოფლიოს 25 ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სიაშია. აქ დანაშაულთა რიცხვი ყველა ევროპული ქალაქის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაბალია.

10. ამსტერდამში წყალი პირდაპირ ონკანიდან შეგიძლიათ დალიოთ, ის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, თანაც ყველაზე სუფთაა ევროპაში.

11. სექსი და ნარკოტიკები ჰოლანდიის ეკონომიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. „წითელი ფანრების“ კვარტლიდან და კოფიშოპებიდან შემოსული თანხა 2013 წელს 3.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (რაც მშპ-ის 0,4 პროცენტს შეადგენდა) და ყველის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს გაუსწრო.

12. ამსტერდამი ხიდების ქალაქია. აქ 1281 ხიდია – სამჯერ მეტი, ვიდრე ვენეციაში. 80 ხიდი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ყველაზე ცნობილს „წვრილი ხიდი“ ჰქვია – Magere Brug.

კირა კარიაული

Magere Brug

ჰოლანდიაში ნავაჭრში გადახდილი თანხის ნაწილის – TAX FREE-ს დაბრუნება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close